დიდ წლის დასაწყისი

        «პოლიტიკური წელი» საქართველოში, ტრადიციულად, სექტემბერში იწყება. მაგრამ 2003 წელი, ამ თვალსაზრისით, განსხვავებულია, ვინაიდან, მომავალ შემოდგომაზე მორიგი «ეპოქალური» არჩევნები უნდა გაიმართოს. აქედან გამომდინარე იკვეთება წლის ძირითადი პოლიტიკური პარადიგმაც: პარტიები იწყებენ კონსულტაციებს მომავალი საარჩევნო ბლოკების შექმნის შესახებ. «ნაციონალებისა» და «ტრადიციონალისტების» წამოწყება, ამ თვალსაზრისით, სერიოზული და ნიშანდობლივი განაცხადია.

        როგორც ჩანს, ორივე მხარე (გაუხმაურებლად, ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგთა გათვალისწინებით) შესანიშნავად აცნობიერებს, რომ ძალთა გაერთიანების გარეშე (პირობითად) «ეროვნულ-ლიბერალური» პარტიები 7-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ.
        ისინი ერთმანეთს წაართმევენ ხმებს და, არსებული საზოგადოებრივი ატმოსფეროს გათვალისწინებით (რომლის შემადგენელია ახლო წარსულის იდეალთა დევალვაცია), ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ეროვნულ-სოციალისტური შინაარსის პარტიებს.
        გარდა ამისა, «სახელისუფლებო პარტიის» ანგარიშიდან ჩამოწერა არ იქნებოდა რაციონალური და სრულყოფილი გათვლის მაჩვენებელი.
        სხვა საკითხია, რომ ამ დისპოზიციაში ბუნებრივად წამოიჭრება «ბარიერის შემცირების» თემა, მაგრამ მდგომარეობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, 7-პროცენტიანი ბარიერის დადაბლება, 5, 3 ან პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის ყველაზე სასურველ, «თუნდაც ერთმანდატიან» ბარიერამდე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებათა კონტექსტში, ანუ «მინისტრთა კაბინეტის შემოღება», აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირება, ორპალატიანი პარლამენტი და ასე შემდეგ.
        რამდენად რეალურია ეს ყოველივე დღევანდელ ვითარებაში, სხვა საკითხია. ალბათ, ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე, თუნდაც 2 წლის წინათ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი არ არის _ ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რა პოზიციას დაიკავებს «აღორძინება» (მხედველობაში გვყაპვს უშუალოდ ასლან აბაშიძის მიერ კონტროლირებადი ფრაქცია.
        მით უმეტეს, რომ ცვლილებათა პროცესში და ამჟამინდელი პარლამენტი 1995 წლის დაუვიწყარ პარლამენტს დაემსგავსება, რომელშიც ბობოქარი დისკუსია (და არანაკლებ ბობოქარი ვაჭრობა), მიმდინარეობდა მომავალი კონსტიტუციის ირგვლივ.
        იგივე განმეორდება წელსაც. საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საკანონმდებლო ორგანო 9-10 იანვარს დაამტკიცებს 2003 წლის «საარჩევნო» ბიუჯეტს. ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგობა ამჯერად «ფორმალური» იქნება, ვინაიდან, ძალის დემონსტრირება უკვე მოხდა, ხოლო «ახალი კონსტიტუციის» თაობაზე კონსულტაციები უდავოდ მოითხოვს უშუალოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არა მხოლოდ სამთავრობო ფრაქციებთან მოლაპარაკებას და შესაბამის კომპრომისებს.
        დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პირობებში მოლაპარაკებათა წარმატება გამორიცხულია – უფრო მეტიც: პრეზიდენტი და მთავრობა, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ «კოზირებს» მოიპოვებენ თამაშის მოსაგებად. თვით ბიუჯეტის «საარჩევნო იმპერატივების» გათვალისწინებით შედგენილი, იგულისხმება არა მხოლოდ და არა იმდენად უშუალოდ კენჭისყრის ჩასატარებლად აუცილებელი თანხა, არამედ შიდა ინვესტიციები, მეწარმეობის მხარდაჭერა რეგიონებისთვის ტრანსფერტების ზრდა პედაგოგებისთვის (სოციალურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფენისთვის) ხელფასების მატება, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლები ტრანსპორტის სფეროდან («აბრეშუმის გზის პროექტების ამოქმედება») და ასე შემდეგ.
        პრეზიდენტსაც არაფერი ეტყობა ფარ-ხმლის დაყრის. მისი განცხადება 6-7 წლიანი პროგრამის შემუშავების თაობაზე ბევრის მანიშნებელია.

დილის გაზეთი, 7 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე