ჩუბაისს თბილისში ჩამოსვლის ეშინია

        გუშინ პოლიტიკურ განცხადებათა უმრავლესობა კვლავ «თელასის» გაყიდვის ყბადაღებულ თემას ეხებოდა უფრო მეტად, ვიდრე აწ უკვე ჩაფლავებულ «საარჩევნო კოდექსს». თუმა, ეს ორი თემა მჭიდროდ უკაშვირდება ერთმანეთს. მით უმეტეს, რომ ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სავსებით კანონზომიერად ისმის კითხვა – საინტერესოა არა იმდენად ის, შეცვალა თუ არა კურსი საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ხომ არ მიჰყიდა საქართველო ამერიკამ რუსეთს? ხომ არ დაუბრუნა იგი მას «ხურდაში», რომელიღაც სხვა (მისთვის რეალურად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დათმობის) ფასად, რასაც ზოგიერთი დამკვირვებელი ჯერ კიდევ მაშინ წინასწარმეტყველებდა გულისტკივილით, როცა ქვეყანა საყოველთაო აღტკინებამ მოიცვა ასიოდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორის ჩამოსლვის გამო.

        ასეა თუ ისე, «თელასი» უკვე რუსულ კომპანიას ეკუთნვის, ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძის გუშინდელი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ პროცესს ხელი შეუშალოს, რათა (ედუარდ შევარდნაძის თქმით) «ქვეყანა არ დარჩეს პირისპირ ზამთრის პრობლემებთან». მართლაც, თუ ოფიციალური თბილისი უჩივლებს «ეი-ი-ეს-»ს საერთაშორისო არბიტრაჟში (სხვათა შორის, სავსებით საფუძვლიანად, რაკი ხელშეკრულების სულისკვეთება მოითხოვდა წინასწარ შეტყობინებას და შეთანხმებას აქტივების გასხვისების შემთხვევაში) და ამით შეაფერხებს ახალი მეპატრონის («რაო ეესის») შემოსვლას «თელასში», რუსული ელექტროგიგანტი ქვეყანაში ვერ შემოვა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ ამასობაში «თელასი» ვალდებული იქნება თავად შეისყიდოს ზამთრობით ელექტროენერგია, რისი საშუალებაც მას არ ექნება, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი თანხა გათვალისწინებული არ არის.
        არ არის ლოგიკას მოკლებული ის მოსაზრება, რომ თუ საქართველოზე ენერგეტიკული ბერკეტის გამოყენებით ზემოქმედება სურს, მაშინ «რაო ეესის» მხრიდან, უდიდესი სისულელეა სადისტრიბუციო კომპანიის შესყიდვა. ფაქტობრივად, მან ამით საქართველოს ენერგეტიკაში «ჩადო» თავად ის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, რომელიც ამერიკულმა «ეი-ი-ეს»მა დახარჯა თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაციისათვის. ეს ინვესტიცია უკვე რუსების ამოსაგებია და არა ამერიკელების – ამ უკანასკნელებმა ხომ თავიანთი ერთბაშად მიიღეს და წავიდნენ. ამიერიდან, ინვესტიციის ამოსაგებად, რუსული კომპანია სისხლხორცეულად დაინტერესებული ხდება თბილისში იყოს ელექტროენერგია და მოსახლეობამ გადაიხადოს მისი საფასური.
        მაშასადამე, თუ რუსული «გოსდუმის» გადაწყვეტილებით, რუსეთი საქართველოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით ელექტროენერგიის მოწოდებას შეუწყვეტს, ამით იგი ელექტროენერგიას შეუწყვეტს და ინვესტიციის ამოგების საშუალებას არ მისცემს საკუთარ (რუსეთის სახელმწიფო) კომპანიას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოც (პოლიტიკური მოტივით ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზით) მიიღებს უფლებას, პანღურისკვრით გააძევოს ასეთი ინვესტორი ქვეყნიდან, რის კანონიერებასაც უმალვე დაადასტურებს ნებისმიერი საერთაშორისო არბიტრაჟი. მთლიანობაში, ჩუბაისის ნაბიჯი (რაც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო კრემლთან – ამერიკელების გასასტუმრებლად «რაოეეს»-მა ფაქტობრივად, ხაზინის ფულიტ გადაიხადა) რასაკვირველია, იმპერიალისტური განზრახულების გამოხატულებაა, მაგრამ ეს არის თანამედროვე, «ლიბერალური იმპერიალიზმი».
        როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, როცავნებები დაცხრება, ანატოლი ჩუბაისი თბილისში სტრატეგიული შეთანხმების მისაღწევადჩამოვა მომავალი თანამშრომლობის თაობაზე. ისე, წინასწარი შეთანხმებით, ჩუბაისი უკვე ხვალ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა, ეს ვიზიტი შეიძლება რამდენიმე კვირით გადაიდოს. ამ ვითარებაში, «რაო ეესის» მთავარი მენეჯერი კატაკომბებით თუ იმოძრავებდა თბილისში, რადგან მანიფესტაციები და მიტინგები, მართლაც, ბობოქარი იქნებოდა. ვიზიტის გადადება მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევა იქნება – რუსული ენერგეტიკული კომპანია მხოლოდ თბილისის ელექტროგადამცემი ქსელით არ დაკმაყოფილდება და მომავალშიც განაგრძობს ექსპანსიას იმავე ლიბერალურ-იმპერიალისტური მეთოდებით.

დილის გაზეთი, 5 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე