ჩუბაისი ტარიფის გაზრდით გვემუქრება

რუსული ენერგოგიგანტის ხელმძღვანეობის კვალდაკვალ ატეხილი ხმაური გრძელდება და ახალ ფორმებს იღებს.

        მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტის საგანგებო კომისიის სხდომაზე «გაწურეს», საბოლოოდ დადასტურდა, რომ «ეი-ი-ესი» არ იყო ვალდებული ხელისუფლებისთვის წინასწარ ეცნობებინა ნიდერლანდში რეგისტრირებული სათავო ჰოლდინგის გაყიდვის შესახებ. ისევე, როგორც მაგალითად, არ იქნებოდა ვალდებული საქართველოს მხარესთან შეეთანხმებინა თვით ვაშინგტონში (მერილენდში) მდებარე «მთავარი კომპანიის» გაყიდვა. ეს სავსებით ლოგიკურია და ვერაფერს შეედავები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გაღატაკებული ქვეყანა ამ გრანდიოზული ტრანსნაციონალური კომპანიის საკითხთა გადაწყვეტისას თანამლფობელი გამოდიოდა რაც, რასაკვირველია, სრული აბსურდია.
        მაგრამ ასეც რომ იყოს და ლონდონის არბიტრაჟში ჩივილის უფლება გვქონდეს, ოფიციალური თბილისი ამას ძნელად თუ გაბედავდა – მრისხანედ მოახლოებული ზამთრის პრობლემებთან «პირისპირ» დარჩენის შიშით.
        ბევრად უფრო საინტერესოა, რამდენად შეასრულებს ანატოლი ჩუბაისი თავის მთავარ პირობას ტარიფის შემცირების შესახებ. მის ამ განცხადებას ლამის სიხარულის ყიჟინა მოჰყვა ხელისუფლებაში და მოსახლეობაშიც, მაგრამ რეალურად საქმე უფრო რთულად და საშიშად არის.
        რუსული პრესა, საუკეთესო რუს ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი (მიუხედავად მისი უპრეცედენტოდ მაღალი დონისა თბილისში) შეიძლება არათუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს, ვინაიდან ქართულ მხარეს «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» 50 მილიონი დოლარი მართებს – 1991-1999 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის. ბუნებრივია, რუსული კომპანია, ყველა ლოგიკური განსჯით, უნდა შეეცადოს ამჟამად ეს ფული აომიღოს იმ ბერკეტის (სადისტრიბუციო ქსელის) გამოყენებით, რაც მის ხელთ აღმოჩნდა.
        თუმცა, მეორეს მხრივ, ამჟამად მოქმედებს იგივე შეთანხმება «თელასთან», რომელიც 1998 წელს დაიდო და ჩუბაისს არ აქვს პირდაპირი საშუალება, ტარიფი გაზარდოს ვალების ამოსაგებად – ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დასტურის გარეშე. რა თქმა უნდა, შეუძლია მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზი გამორთოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საერთოდ რა აზრი ჰქონდა «თელასის» ყიდვას?
        მაშასადამე, ჩუბაისს, როგორც შესანიშნავ მენეჯერს, სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული. ქართველი ჟურნალისტებისთვისმიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს ამ ვალის გაქვითვის ხელსაყრელ სქემას: ხსენებული 40 მილიონის სანაცვლოდ, რაც «რუსეთის ერთიან ენერგოსისტემებს» უნდა შეეტანა საწესდებო კაპიტალის საკუთარი წილის სახით ერთობლივ სააქციო საზოგადოება «როსგრუზენერგო»-ში.
        ეს კომპანია, როგორც ცნობილია, 1996 წელს შეიქმნა და რუსეთიდან-თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ემსახურება.
        ალბათ შეცდომა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ წინადადებაზე უარის თქმა – თუნდაც საამისოდ აფხაზეთში და «სამხრეთ ოსეთში» დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ფორმალური აღიარება იყოს საჭირო.
        თუმცა, აქვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტი მას ყოველნაირად შეეწინააღმდეგება, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაცია გააძლიეროს წინასაარჩევნოდ.
        არადა, ჩუბაისის წინადადება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვალი (თუნდაც სუვერენულ ვალად უღიარებელი) რუსეთისადმი ერთბაშად 40 მილიონი დოლარით შემცირდება. ეს კი გაუადვილებს თბილისს მოლაპარაკებას იმავე პარიზის კრედიტორთა კლუბის ფარგლებში.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩუბაისმა ისიც თქვა, რომ რაკი ვალის დაბრუნება აუცილებელია, იგი ამ თანხას აუცილებლად მოითხოვს და ადრე თუ გვიან ტარიფის გაზრდა დადგება დღის წესრიგრში და არა მისი შემცირება.
        ჯერჯერობით კი, რუსული სააგენტოების ცნობით, თბილისში ხელმოწერილი ოქმი (ჩუბაისსა და ჯორბენაძეს შორის) ითვალისწინებს, რომ 15 აგვისტომდე საქართველომ უნდა დაფაროს მიმდინარე დავალიანება 2 მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობით.
        თუ ზემოხსენებული «ჩათვლა» არ განხორციელდა, მაშინ მხარეებმა სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა შეათანხმონ 40_ მილიონიანი ვალის რესტრუქტურიზაციის გეგმა. ძალაში რჩება წინასწარი გადახდის მექანიზმიც, თუმცა, თელასში «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» შემოსვლის შემდეგ იგი ფორმალური ხდება.
        საბოლოოდ (წინასწარი დაზვერვის შემდეგ), ჩუბაისის კომპანია თელასში დეკემბრის ბოლოს შემოვა, მანამიდე კიდევ უამრავი პორცედურული საკითხია გადასაწყვეტი. რუსები აცხადებენ, რომ აემერიკულ კომპანიას ფინანსური გარანტია არ მოუთხოვია – იგი კორპორაციულ გარანტიას დასჯერდა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» ავტორიტეტი, ჩუბაისის საკმოად გონივრული მმართველობის შედეგად, ევროპაში საკმარისად მაღალია.
        ძალზე საინტერესოა რუსულ ინტერნეტ-საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია თვით გარიგების ფინანსური შემადგენლის შესახებ. ანატოლი ჩუბაისის მოადგილე, ანდრეი რაპოპორტი აცხადებს, რომ «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» თხოვნით, «ეი-ი-ესის» აქტივები საქართვლეოში, შეაფასეს ისეთმა გიგანტურმა და სანდო აუდიტორულმა კომპანიებმა, რგორიცაა ABN Amro da Freshfields Bruckhaus Deringer. მათ დაადასტურეს ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ანტიამერიკელ რეგვენს ვერ შეასმენდი. კერძოდ, რომ ამერიკელებმა ნამდვილად განახორციელეს 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია თბილისის გამომპალი სადისტრიბუციო ქსელის განახლება-გამოცვლისათვის და მართლაც, აიღეს 60 მილიონი დოლარის სესხი ევრობანკისაგან.
        მაგრამ რუსულმა კომპანიამ (ამას არ მალავენ) მიაღწია დისკონტს (მიაქციეთ ყურადღება) «საქართვლეოში საგადამხდელო კულტურის დაბალი დონისა და მაღალი საინვესტიციო რისკის გამო».
        ესე იგი, ჩუბაისმა «თელასი» ინვესტიციის ოდენობაზე ბევრად ნ აკლებად იყიდა – ხომ გასაგებია, რამდენად უნდოდათ ამერიკელებს ერთხელ და სამუდამოდ მოშორებოდნენ ამ ქვეყანას, სადაც მათ მენეჯერებს ხოცავენ, ფიდერებს ანგრევენ ან თვითნებურად რთავენ, სადაც მოსახლეობის უკმაყოფილების და გზების გადაკეტვის შიშით ხელისუფლება მათ აიძულებდა, არგადამხდელისთვის მიეწოდებინათ ენერგია. რუსებს იგივეს ვერ გავუბედავთ, ვინაიდან ელექტროენერგიას მათგანვე ვიღებთ მაშინ, როდესაც ამერიკელები მხოლოდ დისტრიბუციას აკონტროლებდნენ.
        ამდენად, რაპოპორტი ამ გარიგებას «უპრეცედენტოდ ხელსაყრელს» უწოდებს და აქციონერებს არმწუნებს, რომ ინვესტიციას საიმოდე წლის განმალვობაში ამოიღებენ.
        ანატოლი ჩუბაისის განცხადებები კი იმის შესახებ, რომ საქართველოს რეგიონებში თანხების ამოღების ზრდის პარალელურად იგი კიდევ უფრო შეამცირებს ტარიფს (ლაპარაკია მთელი საქართველოს და არა თბილისის ტარიფზე, რაც ოდნავ უფრო დაბალია) უდავოდ მეტყველებს, რომ რუსები თბილისის დისტრიბუციითა და გარდაბნის გენერაციით არ შემოიფარგლებიან. საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში დასამკვიდრებლად მათ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგეს.

დილის გაზეთი, 8 აგვისტო, 2003 წელი

მთელ გვერდზე