ჩეჩნური რეფერენდუმი ერაყის ფონზე

        23 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტარდება «საერთო-სახალხო რეფერენდუმი», რომელმაც რუსი პოლიტოლოგების აზრით, 500-წლიანი ომის შემდეგ ამ მიწაწყლის ბედი უნდა გადაწყვიტოს. თავისთვად ისტორიულ, ეოქალურ პროცესს (ჩეჩნურ-რუსულ ურთიერთობებს) ცოტა არ იყოს კომიკურ ელფერს სძენს ის გარემოება, რომ «ჩეჩნეთის ბედის» საბოლოო გადამწყვეტ რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ენიჭებათ... ჩეჩნეთში დისლოცირებული რუსული ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს, ყველა მათი შემადგენლობით. ეს ასი ათასამდე ადამიანია! მაშინ, როდესაც თვით ჩეჩნების რაოდენობა ჩეჩნეთში ამჟამად 300 ათასს არ აღემატება, მაგალითად, ინგუშეთში მცხოვრებ 200 ათას ჩეჩენ ლტოლვილს რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა _ დაბრუნდით ჩეჩნეთში და რეგისტრაცია გაიარეთო! არადა, ეს შეუძლებელია უშიშროების პირობათა გარეშე.

        გარდა ამისა, ჩეჩნეთში 150 ათასი რუსი თუ კაზაკი ცხოვრობს. მაშასადამე, ჩეჩნების უმრავლესობამ რეფერენდუმში მონაწილეობა რომც არ მიიღოს (არადა, დედამისის შვილნი არიან, ბოიკოტს გამოაცხადებენ), პუტინს «ბრწყინვალე შედეგი» გარანტირებული აქვს. ბედიც უცნაურად სწყლობს კრემლის დღევნდელ ბინადარს - ჩეჩნეთის რეფერენდუმი დაემთხვა ომს ერაყში, როცა მსოფლიოს ჩეჩენი ხალხის უბედურებისათვის არა სცლია. ამდენად, თუ ასი პროცენტი არა, 99,99 პროცენტი ჩეჩნეთის რუსეთში დარჩენის მომხრეებს გარანტირებული აქვთ.
        მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთ ძალზე საინტერესო მომენტს. ჩეჩენი ხალხისადმი მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ იგი მზად არის, რეფერენდუმის შედეგად ჩეჩნეთს მიაკუთვნოს «ფართო ავტონომია» რუსეთის შემადგენლობაში, ესე იგი, როცა საქართველო აფხაზეთს «ფედერაციის სუბიექტურობას» სთავაზობს, ეს არასაკმარისია, ხოლო ჩეჩნებმა «ფრთო ავტონომია» (ფაქტობრივად, კულტურული ავტონომია) უნდა იკმარონ.. აი, ასეთი «ობიექტური» და «მიუკერძოებელია» ჩვენი შუამავალი ქართულ-აფხაზურ პროცესში.
        ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნების გასახლებაც ახსენა – იგულისხმებოდა: ქართველმა სტალინმა გაგასახლათ, რუსმა ხრუშჩოვმა დაგაბრუნათ, ხოლო მე «აზრის თავისუფალი გამოხატვის» საშუალებას გაძლევთო, თუმცა, ვაი, ასეთ «გამოხატვას», უახლესი ეპოქის ორივე ომის დროს (1994 წლიდან) უფრო მეტი ჩეჩენი დაიღუპა და ჩეჩნეთი კიდევ უფრო მეტად განადგურდა, ვიდრე ოსები სტალინისა და სტალინიზმის ეპოქაში.
        რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ყალბი ცნობად, თითქოს პანკისში მცხოვრები ჩეჩნები ითხოვდნენ რეფერენდუმში მონაწილეობას, რაც სრული დეზინფორმაცია აღმოჩნდა – რეფერენდუმში მონაწილეობა რომ სდომებოდათ, ჩეჩნეთში დაბრუნდებოდნენ, თუმცა, ამის გაგონებაც არ სურთ. პირიქით – ლტოლვილთა დიდი ნაწილი «მესამე ქვეყნებში» (ეგრეთ წოდებულ, შორეულ საზღვარგარეთში) გამგზავრებას მოითხოვს, რაც უდავოდ იმას ნიშნავს, რომ ჩეჩნეთში დაბრუნებას საერთოდ არ აპირებენ. საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების იმედით თუ განწყობა კიდევ ექნებოდათ.
        «შორს გამგზავრების» თაობაზე კი აგრეთვე წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდებოდა. რამდენიმე კვირის წინ ჩეჩენ ლტოლვილთა ნაწილმა სპეციალური წერილით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას და კანადის მთავრობას, რათა სამუდამოდ ამ ქვეყანაში გამგზავრების ნებართვა მიეღოთ. პრინციპში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურებში მართლაც არსებობს სათანადო ორგანო, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე ზრუნავს, მაგრამ თავისთავად იგი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს რომელიმე სახელმწიფოს თანხმობის გარეშე. კანადის მთავრობამ ასეთი თანხმობა გამოთქვა, ოღონდ იქ საუბარია არა რამდენიმე ათასი, არამედ რამდენიმე ათეული ლტოლვილის მიღებაზე. კანადა, საერთოდ, ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და შემწყნარებლურ საემიგრაციო პოლიტიკას ატარებს. მას სჭირდება «სამუშაო ძალა», თანაც, რამდენადაც შესაძლებელია, პოლიეთნიკური. კანადის თავისუფლებისთვის საქართველოში მცხოვრები ოცი-ოცდათი ჩეჩნისა და ერაყში მცხოვრები 50-60 ქურთისათვის «ცხოვრების უფლების» თუ «სამუშაო ვიზიტის» მინიჭება ერთი კატეგორიის მოვლენაა. თუმცა, ლაპარაკი ზედმეტია ათასობით ჩეჩნის აყრასა და კანადაში მათ გადასახლებაზე.
        გაეროს თბილისის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ, მართალია, ჩეჩნების მიმართვა მიიღეს, მაგრამ არა აქვთ ინფორმაცია მასობრივად მათი სადმე გადასახლების თაობაზე. იგულისხმება გადასახლება გაეროს სტრუქტურების (ვთქვათ, ლტოლვილთა «უმაღლესი კომისარიატის) მეშვოებით, ამავდროულად, არავინ გამორიცხავს, რომ ლტოლვილთა მასა პანკისის ხეობაში განუხრელად მცირდება სწორედ «შორეულ საზღვარგარეთში» თანდათანობით გადასახლების წყალობით. ოღონდ ამ პროცესს ინდივიდუალური ხასიათი აქვს და არა მასობრივი. ანუ ჩეჩენი ლტოლვილები ინდივიდუალურად მიმართავენ ამა თუ იმ ქვეყანს ) და მიემგზვრებინ თურქეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იმავე კანადაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ.
        სხვაგვარად არ შეიძლება აიხსნას ის უცნაურობა, რომ, მაგალითად, 2000 წელს ჩატარებული აღწერით, პანკისის ხეობაში 7000_ზე მეტი ჩეჩენი იმყოფებოდა, ხოლო 2003 წლის თებერვლის შუა რიცხვებისთვის – მხოლოდ 5800 ადამიანი.
        რუსეთში არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა.

დილის გაზეთი, 19 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე