წავიდა!

        მთელი იმ ბობოქარი დღეების განმავლობაში, ყველას, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ედუარდ შევარდნაძეს, იოტისოდენი ეჭვი არ შეჰპარვია, რომ იგი ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, ღირსეულად წასვლას მაინც მოახერხებდა. აბსოლუტურად გამორიცხული იყო იმთავითვე, მას სისხლი დაეღვარა. ყველა განცხადებას «საგანგებო მდგომარეობის» შესახებ ნამდვილად «შესაშინებლად» აკეთებდა, რაგან შესანიშნავად იცოდა, რომ, ჯერ ერთი, სათანადო ძალები არ ჰქონდა და, რაც მთავარია, თავისი დიდი კარიერის დასასრულს სამოქალაქო ომის გაჩაღება ელემენტარული სისულელე იქნებოდა.

        ასეთი სისულელე კი (როცა საქმე ხელისუფლებას ეხება) შევარდნაძეს არადსროს ჩაუდენია. შეცდომები ჰქონია, რასაკვირველია, უშეცდომო პოლიტიკოსი საერთოდ არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ სახელისუფლებო საკითხებში გენიალურობამდე გამხავილებული ალღო არასდროს ღალატობდა.
        ამჟამად, როცა მთლიანად ამოიწურა მისი «ბალანსირების პოლიტიკის» რესურსები (ამოიწურა ობიექტურად, და არა მისი პიროვნული შესაძლებლობების ამოწურვის გამო) მან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ყოველთვის, «არც ერთი წუთით ადრე და არც ერთი წუთით გვიან».
        რაც არ უნდა იქილიკონ ზოგიერთებმა, ეს თვისება (მომენტის ზუსტად განსაზღვრისა) არც ერთ მის ოპონენტს არა აქვს სინამდვილეში. ედუარდ შევარდნაძის ბოლო პრესკონფერენციიდან ყველაზე კომიკური იყო ის ეპიზოდი, როდესაც ჟურნალისტებმა შესტირეს პრეზიდენტს: სად მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო, ვის უტოვებთ საქართველოს?
        ედუარდ შევარდნაძემ საოცარი პასუხი გასცა: _ ჟურნალისტები შეიკრიბეთ და თავად გადაწყვიტეთო.
        ეს იყო ერთადერთი, ქარაგმული საყვედური იმ როლის გამო, რაც მის «შმვიდობიან დამხობაში» ჟურნალისტებმა შეასრულეს.
        ალბათ, პრესისადმი შევარდნაძის დამოკიდებულების გათვალისწინებით, «ჩაუშესკუს» სირცხვილით მას ამის შემდეგ ისინიც კი ვეღარ უწოდებენ, ვინც ამ ბრალდებებს უყენებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ამ დღეებში.
        რასაკვირველია, შევარდნაძე საქართველოდან არსადაც არ წავა. იოტისოდენი ალბათობა არ არსებობდა საიმისოდ, რათა მას საქმე იქამდე მიეყვანა, საქართველოში ვეღარ გაჩერებულიყო.
        რაც შეეხება თვით ერსა და ქვეყანას, არ გეჩვენებათ სამარცხვინოდ, რომ «3 ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი კულტურის მქონე ერმა» ერთხელაც ვერ მოვახერხეთ ხელისუფლების ნორმალური შეცვლა?
        2005 წელს თითქოს ასეთი ცვლა უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია.
        ალბათ, ვერც ისინი მოახერხებენ და შეძლებენ მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემას, ვინც ამჟამად მას ასეთი მეთოდებით დაეუფლა. მართალია უსისხლოდ, მაგრამ მაინც არანორმალურად.
        თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მათაც მადლობა ეთქმით, რაკი გრანდიოზული მიტინგების სტიქიაში, რაღაცნაირად შეძლეს უმსხვერპლოდ დაესრულებინათ ეს ყოველივე.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ისინი თავადაც ვერ აცნობიერებენ, რა ყულფში გაყვეს თავი. ედუარდ შევარდნაძეზე უკეთ საქართველოს არავინ იცნობდა. ეს ქვეყანა, დიდწილად, სწორედ მის დიდოსტატურ პოლიტიკურ ნიჭზე ბალანსირებდა. იგი საოცარი გუმანით ახერხებდა ბრინჯივით დაბნეული ქართული სოციუმის შეკოწიწებას, წინააღმდეგობათა შერბილებას, შეუთავსებლის დროებით შეთავსებას, დაპირისპირებულ სოციალურ სეგმენტთა სცილასა და ქარიბდას შორის გავლას, დანის პირზე სიარულს.
        რამდენად მოახერხებენ ამას ახალი ლიდერები, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არსებობს ისევ და ისევ საქართველოს თავისებურებებიდან გამომდინარე.
        თუმცა, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. საქართველოში ახალი ეპოქა იწყება. ნეტავ მოგესმინათ, ამერიკული ტელეკომპანია სნნ-ის კორესპონდენტი ჯილ დოროთი როგორი ცრემლნარევი და სევდიანი გაკვირვებით უყვებოდა ასეულობით მილიონ ტელემაყურებელს მთელ მსოფლიოში, ავსტრალიიდან – ისლანდიამდე და კალიფორნიიდან – ინდოეთამდე: ქართველები თავის ლეგენდარულ პრეზიდენტს ასე სასტიკად რატომ ექცევიანო.
        საერთოდ, ვინც გუშინ მსოფლიოს საინფორმცაიო ნაკადს თვალს ადევნებდა, დაგვეთანხმება, რომ უდიდესმა გლობალურმა ტელეკომპანიებმა ასეთი უპრეცედენტო დრო და ყურადღება არც ერთ სხვა მოლვლენას არ დაუთმეს ბოლო ხანს – ერაყის ომის გარდა. საკმარისია ითქვას, რომ იგივე სნნ-ი 5 საათის განმავლობაში (!!!) უწყვეტად, პირდაპირ ეთერში გადასცემდა იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. თუმცა, ეს მაინც უკვე დეტალებია იმ დიდ ფენომენისა, რასაც ედუარდ შევარდნაძე ეწოდება საქართველოსათვის.
        რას ნიშნავდა იგი ამ უბედური, სუსტი ქვეყნისათვის, ამას დროთა მდინარება უფრო გვიჩვენებს.
        ახლა კი, მშვიდობით, საქართველოს პრეზიდენტო.

დილის გაზეთი, 24 ნოემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე