ნინო ბურჯანაძე ვა-ბანკზე მიდის

        საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხუთშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს და საკმაოდ დიდ ხანს ესაუბრა.
        ერთგვარი გაურკვევლობა წარმოშვა შეხვედრის ინიციატორის ვინაობამ. ზოგიერთი ცნობით, პრეზიდენტმა სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, განეხილათ ის საკითხები, რაც ბოლო დღეებში მწვავე დისკუსიებს იწვევს. თუმცა, არ არის გამორიცხული, საუბარი ორმხრივი სურვილითაც შემდგარიყო, ვინაიდან საარჩევნო მარათონის განვითარებასთან ერთდა, პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ქვეყნის ორმა უმაღლესი თანამდებობის პირმა «თამაშის წესებზე შეთანხმება» უნდა მოახერხონ. იგულისხმება კონკრეტულად მათი ურთიერთობა მომავალ ბატალიებში, რათა სახელმწიფო ინტერესები და სუბორდინაცია არ დაირღვეს.
        უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ნინო ბურჯანაძე სახელისუფლებო კოალიციაში არ გაწევრიანდება და ოპოზიციურ გაერთიანებას დაუჭერს მხარს. სავარაუდოდ, ეს იქნება «ოპოზიციური ალიანსი», რომელშიც შევლენ «გაერთიანებული დემოკრატები», «ნაციონალები» და «ახლები», თუ ამ უკანასკნელებმა დაძლიეს ძალიან უცნაური და სრულიად უსაფუძვლო დაჟინება-რწმენა, თითქოს დამოუკიდებლად შეძლებენ 7-პროცენტიანი (!) ბარიერის გადალახვა,ს რაც, უბრალოდ, არარეალურია. როგორც ჩანს, «უცნობის» თავგანწირული ნაბიჯიც იმით იყო განპირობებული, რომ ბევრი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით, ამ შესანიშნავ მუსიკოსს პოლიტიკური გათვლაც ეხერხება.
        თუ «დიდი ოპოზიციური გაერთიანება» შედგა, ნინო ბურჯანაძე უდავოდ მის სახედ იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაშიშ, ალბათ, უფრო «გაერთიანებული დემოკრატებისაკენ» გაუწევს გული.
        პრეზიდენტთან მისი კონსულტაციები კი ერთგვაგ შეთანხმებას ისახავდა მიზნად, რათა მომავალი საშინელი საარჩევნო კამპანია (კარგი იქნება, თუ საქმე მხოლოდ პარლამენტში თავ-პირის მტვრევით შემოიფარგლება) საპარლამენტო და საერთო პოლიტიკურო კრიზისში არ გადაიზარდოს. ამგვარი საშიშროება კი ნამდვილად არსებობს, თანაც, სხვადასხვაგვარი ფორმითა და საბაბით. მაგალითად, ეგრეთ წოდებული, ინიციატივა მაჟორიტარებისათვის ორი წლით უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ არის პირდაპირი გზა 1992 წელში დასაბრუნებლად!
        რა მოტივაციაც არ უნდა ედოს, ამ ვითარებაში, როცა კონსტიტუციური წყობა ჯერ კიდევ «თითო» და არამდგრადია, ამან შეიძლება განაპირობოს «გარესისტემური» არგუმენტების წარმოშობა, როდესაც ლეგალური ხერხებით, მეთოდებითა და არგუმენტებით აღარ მოხერხდება ვითარების დაწყნარება.
        ყველაზე საშიშია, «ფორმალური ლეგიტიმურობის» იმედად ყოფნა მაშინ, როდესაც პარლამენტის მიერ მიღებულმა ნებისმიერმა ფორმალურად ლეგიტიმურმა კანონმა თუ საკონსტიტუციო შესწორებამ, შესაძლოა, «გარესისტემურ» (პოლიტიკური სისტემის გარეთ) მყოფ ძალებს მძლავრი საბაბი შეუქმნან. სათანადო ფონი უკვე არსებობს – თბილსიში იმართება საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები იმ მოღვაწის პოლიტიკური რეაბილიტაციის მოთხოვნით, ვისაც საქართველოს გენერალური პროკურატურა რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობისა და თვით სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
        მთავარი ის კი არ არის, რამდენად დასაბუთებულია ეს ბრალდებები, არამედ ის, რომ იგორ გიორგაძე «გარესისტემური» ძალაა, ანუ ქვეყანაში არსებობს ნიადაგი იმისათვის, რათა პოლიტიკური პროცესი არსებული სისტემის ფარგლებში ვეღარ დაეტიოს და მის ფარგლებს მიღმა განვითარდეს. სწორედ ეს მოხდა (თვისებრივად) 1991-1992 წლების მიჯნაზე.
        თუმცა, მოსლაოდნელი საფრთხე პრეზიდენტ შევარდნაძესაც შესანიშნავად ესმის და მას სრულებით არ აძლევს ხელს ხსენებული ფონის გაძლიერება. ამიტომ არავისთვის ქცეულა სიურპრიზად ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ ედუარდ შევარდნაძე თავად არ უჭერს მხარს მაჟორიტართათვის უფლებამოსილების გაგრძელებას.
        როგორც ჩანს, ეს «კოალიციის» ზოგიერთი ნამდვილი თუ «ნერწყმორეული» სუბიექტის კერძო ინიციატივაა, რათა საკუთარი მნიშვნელობა დაადასტუროს ან კოალიციაში გაწევრიანება გაამართლოს საკუთარი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებით, ვთქვათ, «რეგიონალიზაციის» მოტივით.
        მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ ამ იდეას, რომლის «პირველავტორობას» ყველა უარყოფს (მიაქციეთ ყურადღება, გუშინ უკლებლივ ყველა მედია-რესპონდენტი აცხადებდა: ჩემი ინიციატივა არ არის, მაგრამ საინტერესოდ მომეჩვენა და დავეთანხმეო), არავითარი პერსპექტივა არა აქვს: არათუ საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივი უმცირესობაც კი პარლამენტში აღარ არსებობს, რათა ამ წინადადებას იურიდიული «სვლა» მიეცეს. მაჟორიტარებისთვის ულებამოსილების გაგრძელება ხომ ძლივს შეკოწიწებული იურიდიული სისტემის ომრიგი რღვევა-გადატრიალება გახდება?! 2004 წლამდე ასეთი «მკვეთრი» მოძრაობები მთლიანობაში ქართული სტებლიშმენტსა და, უპივრელესად, პრეზიდენტს სულაც არ ეპიტნავებათ.

დილის გაზეთი, 18 აპრილი, 2003 წელი

მთელ გვერდზე