უშედეგობისთვის განწირული ვიზიტი

            საქართველოს რევოლუციური ხელისუფლება ასრულებს წინასწარ «რეკონგისცირებას» რუსეთ-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
        უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას შემდეგ რუსეთის დედაქალაქს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე ეწვია. მისი ინტერვიუები რუსეთში გამგზავრების წინ და მათში დასმული აზრობრივი აქცენტები ადასტურებენ, რომ ოფიციალური თბილისი მართლაც «სუფთა ფურცლიდან» აპირებს მეზობელ, რეგიონულ ზესახელმწიფოსთან თანამშრომლობის დაწყებას.
        პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მომავალ კვირას ეწვევა პრეზიდენტ პუტინს. ამის თაობაზე მათ ბაქოში, შეხვედრისას მოილაპარაკეს. უკვე გამოიკვეთა მომავალი სამიტის თემატიკაც: კონფლიქტები, სავიზო რეჟიმი და სამხედრო ბაზების გატანა.
        სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენი შესაძლებლობები და სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც უფრო მეტად ტრაგიკულია, ეს შეუსაბამობა უჯიტად უგულებელყოფილია, უპირველეს ყოვლისა, შიდაპოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე.
        სამივე ზემოხსენებულ პოზიციაში რუსეთი მტკიცედ დაიცავს თავის სტრატეგიულ ინტერესებს და (რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია), მას საამისოდ ყველა შესაძლებლობა აქვს.
        სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსოკვი არ არის (და არც იქნება) მზად, საქართველოსთან ურთიერთობა მართლაც «სუფთა ფურცლიდან» დაიწყოს.
        მაასტრიხტში ნინო ბურჯანაძის მიერ გაჟღერებული ეს თეზისი უმალვე უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა, რადგან მასში თავისი ქვეყნის ინტერესთა შელახვის საფრთხე იგრძნო.
        სინამდვილეში, რუსეთს სურს «ახალ საქართველოსთან» ურთიერთობა განაგრძოს იმავე სტრატეგიული წერტილიდან, სადაც შეჩერდა 2003 წლის 23 ნოემბრისათვის. იგი ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს და საჭიროებას საიმისოდ, რათა უკანასკნელი 10 წლის განმალვობაში (აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ) ჩამოყალიბებული პარადიგმა შეცვალოს.
        ხოლო ქართული მხარე ჯერ ვერ აზუსტებს, რით შეუძლია მას აიძულოს პარტნიორი _ ახალი პარადიგმა მიიღოს. სამივე ზემოთ ხსენებულ პოზიციასთან დაკავშირებით, ურსებს ჩამოყალიბებული სისტემა აქვთ შექმნილი და მის დაშლას არ აპირებენ.
        «სუფთა ფურცლიდან» ურთიერთობის აწყობა კი მათთვის იმას ნიშნავს, რომ უარი თქვან ათი წლის წინათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოპოვებულ წარმატებაზე. მაგალითად, რას ნიშნავს (რუსეთისათვის) «სუფთა ფურცლიდან» აფხაზეთის საიკთხში ურთიერთობის დაწყება?
        იგორ ივანოვმა ეს უეჭველად ისე გაიგო, რომ ენგურის აუზიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარები უნდა გავიდნენ ან უნდა შესრულდეს თბილისის მრავალწლიანი მოთხოვნა და «ცისფერჩაფხუტიანებმა» ღალიძგაზე მაინც გადაინაცვლონ.
        შესაბამისად, გალის რაიონში დაბრუნდნენ ლტოლვილები. მაგრამ რუსეთმა უკვე მიგვანიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მისი პოზიცია იოტისოდენად არ შეცვლილა: დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მოლაპარაკების დროს ნინო ბურჯანაძე მიიღებს ზუსტად ისეთ პასუხს, რასაც ედუარდ შევარდნაძე იღებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში: მოელაპარაკეთ აფხაზებს და ჩვენ შევასრულებთ თქვენი მოლაპარაკების შედეგს.
        ესე იგი, თუ აფხაზური მხარე დაეთანხმება (არადა, მანამდე არაფერი გეტკინოთ) სამშვიდობო მანდატის შეცვლას, მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება ამაზე რუსეით, ანუ, აქ ახალი არაფერია და კაცმა რომ თქვას, არც შეიძლება იყოს.
        განა არ შეიცვალა იქ ძალთა განლაგების თვალსაზრისით _ თბილისში ხელისუფლების შეცვლის შედეგად? ჯერჯერობით, აბსოლუტურად არაფერი. მაშ რა «რეზონი « აქვს რუსეთს თავის დამოკიდებულებაში კორექტივი შეიტანოს? იგივე ითქმის ბაზების საკითხზეც. დავუშვათ, უახლოეს მომავალში გაიმართა მოლაპარაკება ამ საკითხზეც რუსეთის პოზიცია აქაც იდენტური იქნება. იგი გაიმეორებს იგივე მოთხოვნას: ბაზების გასატანად საჭიროა 10 წელი მაინც. სა მწელიწადში კი ბაზის გაუქმებას ვერავინ მაიძულებს.
        ასევე, იოტისოდენად არაფერი შეიცვლება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც. რუსეთს საქართველო ვერაფრით აიძულებს გააუქმოს «ჰუმანიტარული მოსაზრებებით» არგუმენტირებული «შეღავათიანი რეჟიმი» აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აჭარასთან.
        მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ «ხავერდოვანი რევოლუციის» შედეგად რუსეთ-საქართველოს სტრატეგიულ დისპოზიციაში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა – მის შეცვლას რამდენიმე წლის გულმოდგინე შრომა და ბრძოლა დასიჭრდება.

დილის გაზეთი, 18 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე