ბრძოლა კოდორის პლაცდარმისთვის

        უკანასკნელ დღეებში უმთავრეს თემად იქცა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელის – თამაზ ნადარეიშვილისა და კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის - ემზარ კვიციანის დაპირისპირება.

        დაპირისპირება დაიწყო მხარეთა განცხადებებით სხვადასხვა სატელევიზიო არხთა მეშვოებით, როდესაც მათ ერთმანეთი გაეროს დამკვირვებელთა გატაცებაში დაადანაშაულეს. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა თამაზ ნადარეიშვილის განცხადება, რომლის თქმით, გაეროს დამკვირვებელთა გატაცების ხუთი ფაქტიდან (1997 წლიდან დაწყებული) – ოთხი კოდორის ხეობაში განხორციელდა და ყველა მათგანი სინამდვილეში თვით ემზარ კვიციანის მიერაა ორგანიზებული. ესე იგი, მძევალთა გათავისუფლებისთვის ყოველთვის ხდებოდა მნიშვნელოვანი თანხის გადახდა და ამ ფულს გატაცების აშკარა თუ ფარული ორგანიზატორები იყოფდნენ.
        გარდა ამისა, თამაზ ნადარეიშვილი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ორჯერ (ხულიგნობისა და ქურდობისთვის) ნასამართლევი ადამიანი პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა. ემზარ კვიციანს ბრალად სდებენ 1991 წელს აფხაზეთში მომხდარ მკვლელობასაც, თუმცა, ეს ბრალდება დამტკიცებული არ არის.
        ხელისუფლება უკანასკნელ ბრალდებას პასუხობს იმ არცთუ უსაფუძვლო არგუმენტით, რომ ემზარ კვიციანი მეომარი კაცია, კოდორის ხეობა ფრონტისპირა რეგიონია და პრეზიდენტი ამ რეგიონსა და (ვთქვათ) გურიაში ან კახეშთი ერთი და იმავე კრიტერიუმებით ვერ დანიშნავს რწმუნებულს.
        კოდორში მებრძოლი მგლების სამწყემსად ისევ მგელი უნდა დანიშნო, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ვითარების გაკონტროლება.
        ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ემზარ კვიციანი, ასე თუ ისე, ნამდვილად აკონტროლებს ვითარებას და აფხაზ სეპარატისტებს არ აძლევს კოდორის ზედა წელზე კონტროლის გავრცელების საშუალებას.
        მიწის ეს ულამაზესი ნაგლეჯი, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილია, რომლის დასაპყრობად რეგიონში მოქმედი სამივე ძალა (თბილისი, სოხუმი და მოსკოვი) ძალიან ბევრს გაიღებს. კოდორის ხეობა თითქმის სოხუმამდე დაუბრკოლებლად და სწრაფად დესანტის მოულოდნელად გადასხმის საშუალებას ქმნის.
        გარდა ამისა, კოდორის ხეობა აფხაზეთს აკავშირებს ჩრდილოეთ კავკასიასთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. სწორედ ამ ფაქტორმა გადაარჩინა ხეობა 1994 და 1998 წლებში, როცა მოსკოვის წინააღმდეგობის გამო, აფხაზურმა ფორმირებებმა ვერ გაბედეს ხეობაზე მაშსტაბური შეტევის განხორციელება.
        არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც დღემდე ითთქმის არ ექცეოდა ყურადღება. ეს არის დაპირისპირება აფხაზეთის ორ ქართულ თემს შორის. ამ თემაზე მსჯელობა ყოველთვის საშინლად ისტერიულ რეაქციას იწვევს. ამიტომ იძულებული ვართ, ქარაგმებსა და მინიშნებებს მივმართოთ.
        თამაზ ნადარეიშვილმა თავის გამოსვლაში აშკარად და დაუფარავად თქვა, რომ ემზარ კვიციანთან (ისევე, როგორც მის წინამორბედებთან) მას უკვე რამდენიმე წლის განმალვობაშისაკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
        აი, ამის მიზეზი კი ყველაზე ნიშანდობლივია. თამაზ ნადარეიშვილის თქმით, კოდორის ხეობიდან კვიციანის დროს და მანამდეც გააძევეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და სხვა. ამასთანავე, აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლების მესვერუები კოდორელ ლიდერებს ადანაშაულებენ რამდენიმე წლის წინანდელ ინციდენტში, როცა ადგილობრივმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს ავტონომიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლონდერ ცაავა და სხვა ხელმძღვანელები.
        პრესაში მაშინვე გაჟონა ცნობამ გამტაცებელთა ერთადერთი და მთავარი მოთხოვნის შესახებ. «აქ ამოსული აღარ გნახოთო». სწორედ აქ არის დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი. დაახლოებით 1997 წლის ბოლოსათვის, სეპარატისტებმა კოდორის ხეობის უხუცესებთან და ავტორიტეტებთან ფარული მოლაპარაკება გამართეს და ულტიმატუმი წაუყენეს: იმ შემთხვევაში, თუ «ლეგიტიმური ხელისუფლების ძალისმიერ სტრუქტურებს» ხეობიდან არ გააძევებთ, განვაახლებთ 1994 წელს შეწყვეტილ დაბომბვებს. კოდორის მოსახლეობას კი ძალიან ეშინია, რომ თავად იქცევიან ლტოლვილებად, ისევე, როგორც აფხაზეთის სხვა რეგიონთა წარმომადგენლები.
        სწორედ ეს გახლავთ დაპირისპირების მიზეზი: ლეგიტიმურ ხელისუფლებას სავსებით კანონიერად სურს, კოდორის ხეობა მძლავრ პლაცდარმად გადააქციოს აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის გასაშლელად და ომის მოსამზადებლად, რაც გარდაუვლად მიაჩნიათ, ხოლო კოდორის ხეობის ლიდერებს აფხაზ სეპარატისტთა რეაქციისა ეშინიათ, ამიტომ ამ გეგმების განხორციელებას ყოველნაირად ეწინააღმდეგებიან.
        უეჭველად ასეთია დაპირისპირების არსი, როგორც უნდა ინიღბებოდეს იგი სხვა ინტენციებითა და მოტივებით.
        ხოლო რაიმე კომპრომისი აქ შეუძლებელია, ვინაიდან ინტერესთა და მისწრაფებათა კატეგორიულ შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე.
        აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი ემზარ კვიციანსა და თამაზ ნადარეიშვილს შორის – ხსენებული პერსონალიები რომც შეიცვალოს, ვითარება ანალოგიური იქნება, რადგან ორივე მათგანი არა საკუთარ, არამედ გარკვეული კორპორაციისა და ინსტიტუციის ინტერესებს გამოხატავს.

დილის გაზეთი, 21 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე