ბიუჯეტი გაბიუჯეტებულა...

        ყოველწლიური აურზაური ბიუჯეტის თაობაზე, ახლადშობილი ქართული დემოკრატიის «საყმაწვილო სენის» სახეს იძენს. ასეა თითქმის ყოველ წელიწადს – 1994 წლიდან, როდესაც ოთარ ფაცაციას მთავრობამ იმდროინდელ პარლამენტში «კუპონების» პირველი წლიური ბიუჯეტის პროექტი შეიტანა დასამტკიცებლად.
        ამაზე მსჯელობას უკვე არავითარი აზრი არა აქვს - რაკი ეკონომიკური კურსი და საგადასახადო შემოსავლების დისპოზიცია პროლიტიზებულია, ბიუჯეტიც არ შეიძლება პოლიტიზებული არ იყოს.
        2003 წლის ბიუჯეტი, ამ მხრივ, გამონაკლისი ვერ იქნებოდა, ვინაიდან ეს საარჩევო წლის ბიუჯეტია. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსბეობს ეჭვი, რომ «სახელისუფლებო პარტია» შეეცდება, ბიუჯეტი ისეთნაირად გადაანაწილოს, რომ გავლენიანი (და მრავალრიცხოვანი) სოციალური ჯგუფების გული მოიგოს საარჩევნოდ. მაგრამ ძნელია, შეედავო: თუ საბიუჯეტო კანონმდებლობა არ ირღვევა, ამას ყველა ხელისუფლება აკეთებს, აკეთებდა და ყოველთვის გააკეთებს.
        ერთადერთი გამოსავალია, პარლამენტში ოპოზიციამ ბიუჯეტი «ჩააგდოს», მაგრამ ეს ორლესული იარაღია. თბილისში ჩვილ ბავშვთა ოპერაციის დაფინანსებაზე აღმასრულებელი ხელისუფლება უარს აცხადებს იმ სავსებით კანონზომიერი არგუმენტით, რომ რაკი ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული, ხაზინიდან ამ მიზნით თუნდაც ერთი თეთრის გამოყოფა, არათუ კანონის დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა.
        შესაბამისად, ის სოციალური ჯგუფი, ვინც ამ თანხებს ელის, ოპოზიციისადმი კეთილად არ განეწყობა და ასე შემდეგ.
        თვით ბიუჯეტის არსობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი საბოლოო «ჩაგდება» ყველას აზარალებს. ოპოზიცია ამით პოლიტიკურ დემარშს ახორციელებს, ვინაიდან წინა წლებში დამკვიდრებული სოლიდური ტრადიციით, რაკი უმრავლესობა (ჟვანიას გუნდი) ხმას აძლევდა ბიუჯეტს, შემდგომ მინისტრების წინააღმდეგ პრეტენზიის გამოთქმას იმდროინდელი ოპოზიცია უკრძალავდა: აქაოდა, «მაშინ ბიუჯეტი რატომ დაამტკიცეთო».
        თავად ის ოპოზიცია კი ტკბილად მიირთმევდა მრავალ სფეროში ბევრ მინისტრთან «კულუარული ხითხითით», მაგრამ პოლიტიკურად «სუფთა რჩებოდა», ვინაიდან ფორმალურად ბიუჯეტს ხმას არ აძლევდა - რა ენაღვლებოდა, «ჟვანიას უმრავლესობა» ხომ მაინც დაამტკიცებდა.
        მაგრამ დღეს ამგვარი გაიძვერობის საშუალება აღარ აქვთ. «პოლიტიკურ სიწმინდეს» ვეღარ შეინარჩუნებენ, რაკი უმრავლესობა (ის უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორც «ჟვანიას გუნდი») აღარ არსებობს. ამიტომ იძულებული არიან აირჩიონ: ან არ მისცენ ხმა ბიუჯეტს და ამით აღმასრულებელი ხელისუფლება მოიმდურონ (რაც ნამდვილად არ ეპიტნავებათ, ვინაიდან კვლავაც მსუყედ მიირთმევენ), ან მისცენ ხმა ბიუჯეტს და საბოლოოდ დაფიქსირდნენ «ახალ უმრავლესობად».
        ასეთი დისკუსიის წარმოშობა იმ ვითარებაში, როდესაც თვით ბიუჯეტის დამტკიცება-არდამტკიცება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს (ტრადიცია ჩამოყალიბდა), გასაკვირი ნამდვილად არ არის.
        არადა, ნორმალურ ქვეყანაში, თუ პარლამენტი (უმრავლესობა) ხმას აძლევს ბიუჯეტს, ამით იგი არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობს თვით ამ ბიუჯეტის შესრულებაზე (საშემოსავლო ნაწილში). სხვა საქმეა ბიუჯეტის შიგნით თანხის გადანაწილება, რის მართებულობასაც პარლამენტი მკაცრად აკონტროლებს ყველა სახელისუფლებო «მოდელში». მით უმეტეს «ამერიკულში».
        2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცება უკვე გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მასში სერიოზული ცვლილებები არ შეიტანა (ვერც შეიტანდა თვით კონცეფციის დანგრევის გარეშე), დეპუტატთა უმრავლესობა კანონს დღეს, როგორც ჩანს, მხარს დაუჭერს.
        შარშან, წლის ბოლოს, ბიუჯეტის ჩავარდნა უფრო სახელისუფლებო ფრაქციების (ფართოდ «თემატური უმრავლესობის») არაორგანიზებულობის შედეგი იყო, ვიდრე თეორიულად (პრინციპში) მომხრეთა ნაკლებობისა.
        უმალვე გამოჩნდება, რამდენად შეძლო ხელისუფლებამ პოტენციურ «თემატურ უმრავლესობაში» ინტერესთა ჯგუფების დაკმაყოფილება და აქ ერთგვარი «ეკვილიბრიუმის» მიგნება. მაგალითად, «საგზაო გადასახადის» გაზრდასთან დაკავშირებული წინადადება (დაკმაყოფილების შემთხვევაში) რამდენიმე მაჟორიტარის ხმებს კი შემატებდა ბიუჯეტის მომხრეებს, სამაგიეროდ, «მრეწველები» აღარ დაუჭერდნენ მხარს და ასე შემდეგ.
        არის რამდენიმე ფრაქცია, რომლებიც თვით ბიუჯეტის კონცეფციის შეცვლის გარეშე (და არა ასიგნებათა ოდენობის მიხედვით), არავითარ შემთხვევაში ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.: მათ შორის, «გაერთიანებული დემოკრატები», რომლებიც მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმითან გათანაბრებას მოითხოვენ. ეს უკვე სულ სხვა იდეოლოგიის ბიუჯეტის მიღებას ნიშნავს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებას დამატებითი ეკონომიკური (და სოციალური!) რისკების შექმნა არ სურს. ფინანსთა მინისტრმა პატიოსნად თქვა, რომ მთავარი პრობლემა აქ ლარის «გაკუპონება» კი არ არის, არამედ ის საფრთხე, რაც ექსპორტს შეიძლება შეექმნას. ექსპორტის შემცირებამ (მთავრობის აზრით) შეიძლება, სავაჭრო სალდოს შემდგომი გაუარესება და «შემოვლითი გზით» (ვალუტის შემოსვლის შემცირებით) ლარზე ზემოქმედება გააძლიეროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემისია არ განხორციელდება.
        ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეროვნული ბანკი, ბოლო ორი წელია, აქტიურად ყიდულობს დოლარს - მაშასადამე, ლარის მასა განუხრელად მატულობდა. მეორე მხრივ, ჟვანიას გუნდმა ძალიან ზუსტად მიაგნო არცთუ ადვილად გასაბათილებელ არგუმენტს არსებული ბიუჯეტის «ფილოსოფიის» წინააღმდეგ.
        საინტერესოა, რას ფიქრობს ყოველივეზე სავალუტო ფონდი - ეს დალოცვილები, როცა არ ეკითხებიან, ისტერიკას იწყებენ, ახლა კი რატომღაც დუმან.

დილის გაზეთი, 17 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე