«კრება მხიარული»

        გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჯეიმს ბეიკერის მისია ტრიუმფით დარსულდა. წინა საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო და წარმატებულმა დიპლომატმა, რომელიც თანამედროვე ამერიკის გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაცაა, შეძლო ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთ მნიშვნელამდე მიყვანა ყველაზე პრინციპულ საკითხში: ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. მისი ფორმულა ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა, უფრო სწორად, ყველა ცდილობს, ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს სწორედ მან მოიპოვა გამარჯვება და აიძულა მეორე მხარე, უკან დაეხია პრინგციპული პოზიციებიდან. 5+9+1 ფორმულა, მართლაც, ადრეც რამდენჯერმე განიხილებოდა, მაგრამ რომ არა ბეიკერის ავტორიტეტი, ძალზე საეჭვოა ამ საკითხში ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოელაპარაკათ.
        ბეიკერმა, უბრალოდ, თავიის ავტორიტეტით «გასრისა» პოლიტიკურ ძალთა და მოღვაწეთა ამბიცია, მცირე გამონაკლისის გარდა, მათ ვერ გაბედეს ამ გეგმის წინააღმდეგ წასვლა. ისევე, როგორც სათუოა ხელისუფლების წრეში ყველას მოსწონებოდა ამგვარი ფორმულა. შეგახსენებთ, რომ სულ რაღ/აც სამიოდე დღის წინათ, «მოქალაქეები» და «მაჟორიტარები» პრეზიდენტისგან მოითხოვდნენ აბსოლუტური უმრავლესობის უზრუნველყოფას კომისიებში.
        ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჟორიტართათვის, რომელთა დიდი ნაწილი აპირებს, ხელახლა იყაროს კენჭი თავიანთ რაიონებიდან. ისინი ვერ დაუშვებენ, რომ საოლქო კომისიებში უმრავლესობა მათ «ადგილობრივ მოწინააღმდეგეებს» ჰქონდეთ, რომლებიც უეჭველად გაერთიანდებიან (ყოველ შემთხვევაში, მეორე ტურის დროს მაინც) ამჟამინდელი დეპუტატის წინააღმდეგ. მაშასადამე, მაჟორიტარები, რომლებიც, სულ მცირე ხნის წინათ ხელისუფლებისგან ულტიმატუმური ფორმით მოითხოვდნენ უფლებამოსილებათა ორი წლით გაგრძელებას, შესაძლოა, განხეთქილების პირველ მერცხლებად იქცნენ საერთო «სიამტკბილობის» დროს, ხოლო მათ უარს, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, ოპოზიცია «ხელისუფლების მიერ შეთანხმების დარღვევად» გამოაცხადებს.
        თუმცა, მხოლდ მაჟორიტართა თავშეკავება, ან აშკარა უარი კენჭისყრის შედეგებს ვერ განსაზღვრავს. საარჩევნო კოდექსის მისაღებად აუცილებელიო 118 ხმა ამ შემთხვევაშიც უეჭველად გროვდება, ოღონდ, იმ პირობით, თუ ოპოზიციაც შეინარჩუნებს მთლიანობას. ამის პერსპექტივა კი ერთობს ათუოა - «აღორძინება» და მაჟორიტარები აუცილებლად შეეცდებიან შეთანხმების ისეთნაირად ინტერპრეტირებას, რომ, ერთი შეხედვით, ჯეიმს ბეიკერის წინადადებას არ დაიწუნებენ, მაგრამ რეალურად მის განხორციელებას შეუძლებლად აქცევენ. მაგალითად, შესაძლოა, კვლავ მოითხოვონ (რაკი ცალ-ცალკე აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას), რომ პარტიებს მიეკუთვნოთ ერთი ხმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, ხოლო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, მას (როგორც ერთიან საარჩენვო სუბიექტს) აგრეთვე ერთი ხმა მიეკუთვნოს.
        მართლაც, ჯეიმს ბეიკერის სქემაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს 9 ოპოზიციური ხმა პარტიებსა და ბლოკებს შორის. ფორმალურად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პრეზიდენტმა (მთავრობამ) დანიშნო სხუთი წევრი, ხოლო ოპოზიციამ დანარჩენი 9 მანდატი ვერ გაიყოს. ასეთ შემთხვევაში, აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში (118 ხმის) ორგანულ კანონშიშ ცვლილებათა შესატანად შეიძლება ვერც მოხერხდეს, ეს კი ვითარებას საწყის წერტილში დააბრუნებს, თანაც, ყველაზე უარესი ვარიანტით – როდესაც არ არის ნათელი, ვინ აგებს პასუხს ტრიუმფით მიღებული შეთანხმებების ჩაშლისთვის.
        მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტისა და ოპოზიციის გუშინდელი შეხვედრა ადასტურებს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებასაც:. როგორც არ უნდა გადანაწილდეს ოპოზიციური კვოტა, რა მექანიზმიც არ უნდა შეთანხმდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად ან ეუთოს მიერ დასამტკიცებლად, პოლიტიკური თვალსაზრისით, აქ მოგებულია სწორედ ხელისუფლება და არა ოპოზიცია. საქმე ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინოდა კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) კონსოლიდირებისა კომისიაში ოპოზიციის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში ხომ ოლპოზიცია შეძლებდა არა მხოლოდ უარი ეთქვა შედეგების დამტკიცებაზე (ამგვარი წინააღმდეგობა დაძლევადია სასამართლო მექანიზმით), არამედ, ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის განხილვამდე გაეუქმებინა (!) არჩევნების შედეგი მთლიანად, ან ნაწილობრივ, რაც ნებისმიერ შემთხვევშაი, შექმნიდა დაპირისპირების ქუჩაში გადატანის საფუძველს.
        გარდა ამისა, თუ ოპოზიცია «ბეიკერის მოედლზე» საბოლოოდ თანხმობას განაცხადბებს და ახალ საარჩევნო კოდექსს ხმას მისცემს, მას უკვე აღარ ექნება საშუალება, არჩევნებში წარუმატებლობის გამო აპელირება მოახდინოს იმ გარემოებაზე, რომ კენჭისყრა ჩატარდა იმთავითვე უსამართლო კანონით, ხოლო საარჩევნო კომისიები ასევე უსამართლოდ დაკომპლექტდა.
        მაშასადამე, ძველი მეგობრის მეშვოებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ, მისთვის ჩვეული ოსტატობით, მიაღწია პასუხისმგებლობის გადანაწილებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამით თითქმის გამოირიცხა არჩევნების შემდეგ «ანტისისტემური დესტაბილიზაციის» შესაძლებლობა.

დილის გაზეთი, 9 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე