აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება სათუოა

        უნდა მოვიბოდიშოთ გუშინდელ ნომერში გაპარული უზუსტობებისთვის. ბატონმა ასლანმა მომლოდინენი გააწბილა და გუშინ ბათუმში არ დაბრუნებულა. კვლავინდებურად მოსკოვში მყოფმა ასლან აბაშიძემ გუშინ პრესკონფერენცია (ეტყობა, დასკვნითი) გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც თბილისში გახმოვანებულ «მესიჯებს» მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა. მაგალითად, დღემდე გაურკვეველია, გაიმართება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები აჭარის ტერიტორიაზე. ამას კი თბილისში მოვლენათა შედმგომი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

        ახალი ხელისუფლების ოპონენტები ამ გარემოებას უეჭველად გამოიყენებდნენ არჩევნების ბოიკოტირების თემის ასაგორებლად. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნების ბოიკოტი კიდევ უფრო დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე, თუნდაც აჭარის ტერიტორიაზე მათი არჩატარება. ეს სავსებით ცხადია ყველასათვის, ვინც მხოლოდ ემოციებით ან საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით არ ოპერირებს.
        სხვა საქმე იქნებოდა, რომ არსებობდეს გარანტია აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების გამართვისა, თუნდაც, რამდენიმე თვის შემდეგ. მაგრამ არც ასეთ გარანტიას მოგვცემს ვინმე, სხვათა შორის, თვით აჭარის ლიდერის ჩათვლით, რადგან ვითარება საქართველოში ასეთი აბურდული და აწეწილი უკვე დიდი ხანია არ ყოფილა. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ზურაბ ჟვანიასთან სატელეფონო საუბრისას, ასლან აბაშიძემ საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადადება მოითხოვა.
        მივაქციოთ ყურადღება, რომ საუბარია გამოკვეთილად მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე. თანაც, ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციით, ასლან აბაშიძემ არჩევნების ჩატარების წინაპირობად მოითხოვა 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის შეკრება. ეს, რასაკვირველია, პოლიტიკური მოთხოვნაა, რაც მომავალი (ხელმეორე) არჩევნების წინ პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას ისახავს მიზნად. ამ მოთხოვნათა უგულებელყოფაც ძნელია, ვინაიდან ყველა კოზირი ასლან აბაშიძეს უჭირავს ხელში.
        თანაც, ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რისთვის სჭირდება ეს აჭარის ლიდერს – იმისთვის ხომ არა, რათა დრო გაჭიმოს და შესაბამისი ფონი შექმნას. ზუსტად ასეთ მეთოდს იყენებდა იგი 1992-1995 წლებში, როცა უდიდესი ოსტატობით თამაშობდა თბილისში არსებულ სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. ეტყობა, აჭარის ლიდერის პოზიციები იმდენად ძლიერია, რომ ამჟამად გაცილებით ნაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე 11 წლის წინათ.
        მიუხედავად ამისა, ის თავს იზღვევს. მათ შორის იმ ალბათობისგანაც, რომ რამდენადაც მიუღებელი იყო მისთვის (ედუარდ შევარდნაძესთან შედარებით) ამჟამინდელი ტრიუმვირატი, იმდენადვე კიდევ უფრო მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს ის დესტაბილიზაცია, რაც უკვე ამ ახალი ხელისუფლების დამხობას შეიძლება მოჰყვეს არა ედუარდ შევარდნაძის მომხრეების, არამედ სხვა, ალტერნატიული ძალების მიერ.
        ამ გარემოებას ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. არადა, ასლან აბაშიძე უეჭველად აცნობიერებს ასეთ ალბათობასა და საშიშროებას. სწორედ ამით აიხსნება მისი უწყვეტი კონტაქტები ოფიციალურ თბილისთან (ბურჯანაძე-სააკაშვილი-ჟვანიას ხელისუფლებასთან) და კომპრომისის ძიება.
        არ არის გამორიცხული, აჭარის ტერიტორიაზე გაიმართოს როგორც საპარლამენტო, ასევე (ნაკლები ალბათობით, ვინაიდან კომპრომისისთვის ვადა ძალიან მცირეა) საპრეზიდენტო არჩევნები იმ პირობით, თუ იგი მიიღებს გარკვეულ გარანტიებს «ახალი თბილისისაგან». ეტყობა გარანტიები ეხება აჭარში სტაბილურობის შენარჩუნებას და რაიმე მკვეთრი მოძრაობის დაუშვებლობას ჩოლოქის მიმართულებით. თუ აჭარის ლიდერი ამგვარ გარანტიას მიიღებს, მაშინ აჭარის ტერიტორიაზე არჩევნების გამართვა სავსებით შესაძლებელი იქნება.
        თუმცა, იმავდროულად (რა თქმა უნდა), ასლან აბაშიძე გარანტიებს იღებს რუსეთისაგან. თანაც, ეს გარანტიები მრავალგვარია. მათ შორის ეკონომიკური ხასიათისა. მაგალითად, მოსკოვში ყოფნისას, ასლან აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ მიაღწია შეთანხმებას აჭარის მოსახლეობისათვის რუსეთთან უვიზრო რეჟიმის შესახებ. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს უეჭველად ნიშნავს აჭარის მოქალაქის ინსტიტუტის (ან რაღაც მსგავსი იურიდიული ინსტიტუტის) შემოღებას, რაც რუსეთს ძალიან უნდა, რაკი იცის, რომ აჭარაში არავითარი სეპარატიზმი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
        უვიზო (ან შეღავათიან, რაც შინაარსობრივად იგივეა) სავიზრო რეჟიმზე დაყრდნობით, აჭარის მოსახლეობას (მისი მეშვეობით კი მთელ დასავლეთ საქართველოს) შეეძლება რუსეთში უვიზოდ გაიტანოს ციტრუსი, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საშუალებას აძლევს ეკონომიკურად და ფინანსურად კიდევ უფრო ავტონომიური იყოს თბილისისაგან.
        ასლან აბაშიძეს მთელი ამ წლების განმავლობაში ინტერესთა თანხვედრის გარეშე არაფერი გაუკეთებია და სწორედ ამიტომ შეინარჩუნა ხელისუფლება

დილის გაზეთი, 4 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე