ანტიტერორი დიდი ფეხბურთის ფონზე

        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაამთხვია დსთ-ის ფორმატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი.

        თანამეგობრობის სამართალდამცავ ორგანოთა ხელმძღვანელები თბილისში ადრეც შეხვედრიან ერთმანეთს, ოღონდ სხვა ფორმატით: მინისტრ კახა თარგამაძის მოწვევით, ჩვენი დედაქალაქი «კავკასიური ოთხეულის» შეხვედრებს მასპინძლობდა, ანუ რუსეთის, საქართვლეოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტს.
        უფრო ადრე კი, უშიშროების მინისტრმა კვირაიამ თბილისში სპეცსამსახურთა ხელმძღვანელების სამიტის ორგანიზება შეძლო.
        დსთ-ის შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა საყურადღებო მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ მას წინ უძღოდა «ანტიტერორისტული კონფერენცია» მოსკოვში, რომლის დროსაც პირველად დაფიქსირდა კატეგორიულად შეურიგებელი უთანხმოება ერთის მხრივ, რუსეთსა და სომხეთს, მეორე მხრივ კი, საქართველო-აზერობაიჯან-მოლდოვა-უკრაინას შორის – ტერორიზმის არსის გაგების თაობაზე. მოსკოვი და ერევანი ცდილობენ, ყველა დოკუმენტში დააფიქსირონ, რომ ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები «თვითგამორკვევის პრობლემაა» მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში ტერორიზმი მძვინვარებს. ხოლო თუ, მაგალითად, საქართვლეო და აზერბაიჯანი ძალით შეეცდებიან ამ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას – ესეც ტერორიზმი იქნება.
        გარდა ამისა, თბილისის სამიტს წინ უძღოდა სამიტი ტაჯიკეთში, სადაც რუსეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ბელორუსის, ყირგიზეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა «ვარშავის პაქტი» აღადგინეს – მათ მიიღეს გადაწყვეტილება, კოლექტიური უშიშროების სრულიად უმაქნისი «ხელშეკრულება» გადააკეთონ ქმედით სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციად.
        ასეთ ვითარებაში, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის გრიზლოვი ცდილობს თავისი პარტიის ლიდერს (ვლადიმირ პუტინს) ხელსაყრელი ფონი შეუქმნას დემონსტრაციული აქტივობით რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში, მით უმეტეს, თბილისის სხდომაზეც უმთავრესი საკითხი სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. მოსალოდნელია, რომ ზემოთ ხსენებული ორი ბლოკის წევრები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს «სეპარატიზმისა და ტერორიზმის» ურთიერთკავშირის თაობაზე. ქართულ დელეგაციას, საკუთარ კედლებში პოზიციის დაცვა, რასაკვირველია, დიდად გაუადვილდება.
        თუ ამ სხდომაზე მივაღწიეთ საბოლოო დოკუმენტში «სეპარატიზმის» ხსენებას (თუნდაც ხსენებას) – ესეც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.
        შსს-ს ცნობით, მინისტრები თბილისში ორშაბათიდან ჩაომდიან. ქართული მხარე სულ 7 ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს ელის. 7 მინისტრს დაემატება 3 პირველი მოადგილე. მხოლოდ თურქმენეთის პრეზიდენტმა, «უკვდავმა» საფარმურად ნიაზოვმა განაცხადა საერთოდ უარი თავისი წარმომადგენელი (არათუ მინისტრი, არამედ დაბალი რანგის ჩინოსანი) მოევლინება სამიტზე. როგორც ჩანს, უკვდავი კი არის, მაშგრამ ამასწინანდელმა ტერაქტმა სერიოზულად შეაფიქრიანა – ლამის მთელ მსოფლიოს ადანაშაულებს თავდასხმის მოწყობაში: რუსეთიდან ამერიკამდე და არგენტინიდან ჩეჩნეთამდე.
        მინისტრები, ძირითადად, სასტუმრო «მერიოდში» განთავსდებიან. 29 აპრილს გაიმართება პლენარული სხდომა, რომელიც ექსპერტულ დონეზე მომზადებული დოკუმენტის წინასწარ განხილვას მიეძღვნება. როგორც აღვნიშნეთ, დისკუსია მეტად მწვავე იქნება და შესაძლოა, გნიასმა სასტუმროს კონფერენც-ჰოლიდან გარეთაც კი გამოაღწიოს.
        საბოლოო დეკლარაციას მინისტრები 30 აპრილს მოაწერენ ხელს. იმავე დღეს შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დაგეგმილია «კულტურული ღონისძიებეა», ანუ საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩზე დასწრება. არადა, ეს მატჩი თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით, თვით სამიტსაც კი აღემატება. ბორის გრიზლოვს საგანგებო პიარაქცია აქვს დაგეგმილი. ამ თამაშში დამარცხება პუტინის რეიტინგზეც კი იმოქმედებს. რუსეთში იგი არაჩვეულებრივ ინტერესს იწვევს. თითქოსდა, ერაყში გეოპოლიტიკური მარცხი სშემდეგ მაინცდამაინც ჩვენზე და მაინცდამაინც ფეხბურთით უნდათ ჯავრი იყარონ, თანაც კავკასიაში, სადაც სისხლისმღვრელ ომს აწარმოებენ.
        ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არავინ მიაქცევდა ყურადღებას ისეთ წვრილმანს, როგორიცაა უეფას გაფრთხილება მატჩზე მხოლოდ იმ პირთა დასწრების შესახებ, ვისაც ოქტომბრის ბილეთი ჰქონდა ან წინასწარ შეიყვანეს დელეგაციებმა განაცხადში, რომელიც ერთი თვის წინათ გაიგაზვნა შვეიცარიაში.
        უეფას ტრადიციით, გამონაკლისი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურებისა და პრემიერ მინისტრებისათვის კეთდება.
        თუმცა, ევრობიუროკრატთა პედანტიზმს ესოდენ მართლაც ვინ ჩაეძიება და ვინ დაწვრილმანდება, როდესაც ასეთი ფეხბურთი და ასეთი «დაძაბული გეოპოლიტიკაა...»

დილის გაზეთი, 29 აპრილი, 2003 წელი

მთელ გვერდზე