აფხაზეთის კონფლიქტით ბეიკერი დაინტერესდა

        რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. თანაც იგი ჩამოვა რამდენიმე უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტ-კონფლიქტოლოგთან ერთად, რათა შეისწავლოს აფხაზეთის პრობლემა და შესაბამისი რეკომენდაციაც შეიმუშაოს კონფლიქტის გადაწყვეტის თაობაზე. შესაძლოა, ეს რეკომენდაცია ითვალისწინებდეს თვით ბეიკერის ჩართვას სამშვიდობო პროცესში და მის შუამავლობასაც კი.

        ბუნებრივია, ერთ-ორ დღეში აფხაზეთის კონფლიქტის შესწავლაზე, მით უმეტეს, მის გადაწყვეტაზე საუბარი, უბრალოდ, სასაცილოა, მაგრამ ჯეიმს ბეიკერის ჩამოსვლა საქართველოში, მით უმეტეს, ამ ფორმატით და პროგრამით, წვრილმანი მოვლენა ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი, ჯეიმს ბეიკერი «პოლიტიკური პენსიონერი» არ არის – ამერიკაში, პოსტსაბჭოური ქვეყნებისგან განსხვავებით, ასეთი ცნება არ არსებობს. თანამდებობიდან გადადგომა იქ სულაც არ ნიშნავს პოლიტიკურ სიკვდილს. მოღვაწე ინარჩუნებს საზოგადოებრივ ცენზს და გავლენას. თანაც ჯეიმს ბეიკერი არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. მის სახელს უკაშვირდება ამერიკული პოლიტიკის ტრიუმფი: გერმანიის გაერთიანება, ცივი ომის დასრულება და ერაყის ჯარების განდევნა კუვეიტიდან, ანუ ამერიკის პირველი მასშტაბური და წარმატებული ომი მსოფლიო ცივი ომის დასრულების შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჯეიმს ბეიკერი კვლავაც ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ამერიკულ ისტებლიშმენტში, განსაკუთრებით «ბუშების დიდ გუნდში». ვგულისხმობთ არა მხცოლოდ მოქმედ პრეზიდენტს, არამედ ჯორჯ ბუში-უფროსსაც. ამ გუნდის ბევრი წარმომადგენელი (ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი, თავდაცვის მინისტრი რამსფელდი, უშიშროების საბჭოს მდივანი კონდოლიზა რაისი) უმროცსმა ბუშმა «მამა ბუშის» გუნდიდან მოიწვია. ზოგიერთი ცნობით, იგი თვით ჯეიმს ბეიკერსაც სთავაზობდა პოსტზე დაბრუნებას, მაგრამ უარი მიიღო, რაკი ბეიკერს თავისი მემუარების წერა და უნივერსიტეტებში ლექციების კითხვა ბევრად უფრო საინტერესოდ ეჩვენება.
        ამრიგად, თუ ბეიკერი მართლაც სერიოზულად მოჰკიდებს ხელს აფხაზეთის საკითხცს, ეს პრობლემის დაუყოვნებელ გადაწყვეტას არ განაპირობებს, მაგრამ ამერიკის უფრო აქტიურად ჩართვას კი უეჭველად უზრუნველყოფს. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რა სტატუსი ექნება ბეიკერს. თუ იგი პრეზიდენტ ბუშის ბრძანებულებით დაინიშნება მის წარმომადგენლად მოლაპარაკებათა პროცესში, ამით პრობლემის ინტერნაციონალიზება სრულიად ახალ დონეზე ამაღლდება და შეიქმნება ხელსაყრელი ვითარება პროცესის გადასაწყვეტად თვისებრივად ახალ ფორმატში.
        საქმე ის არის მხოლოდ, რომ ბეიკერი თავისთავად შესანიშნავი პროფესიონალია. მას ჰყავს უბრწყინვალესი სპეციალისტების გუნდი, რომელიც ტოლს არ დაუდებს რუს სპეციალისტებს, ვინც სეპარატისტებს ეხმარებიან მოლაპარაკებების წარმოებისას და დოკუმენტების შემუშავებისას, თანაც ისე, რომ ასპარეზზე არ ჩანან. ამასთან,¹ ზემოთქმულთან ერთად, აცუილებლად უნდა ითქვას, რომ არსებული ფორმატისა და სამშვიდობო ოპერაციის ამჟამინდელი სქემის შენარჩუნების შემთხვევაში, ჯეიმს ბეიკერის ჩართვას პროცესში და მისი მეშვეობით საკითხის ინტერნაციონალიზებას არავითარი აზრი არა აქვს. პირიქით, ბეიკერმა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ვითარება გაყინვას და რუსეთის უპერსპექტივო (თანაც ანგარებიანი) ოპერაციის «ლეგიტიმაციასაც» კი შეუწყოს ხელი. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯეიმს ბეიკერის ჩამოსვლა შეიძლება ნიშნავდეს (ფრთხილი ვარაუდით) იმას, რომ პრეზიდენტი ფიქრობს (ჯერჯერობით მხოლოდ განიხილავს ამგვარ შესაძლებლობას) აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის (არა მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციის,არამედ მთელი პროცესის) ფორმატის შეცვლის შესაძლებლობაზე.
        რამდენად განცორციელდება ეს პროექტი, არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე ან მხოლოდ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათატონალობა. საქმე ის არის, რომ ვაშინგტონში დასტურის გარეშე, ჯეიმს ბეიკერი არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს – იგი (მისი ფიგურის მაშსტაბის გათვალისწინებით) არაფორმალური პროცესის მონაწილე ვერ გახდება. ასეთი დასტური მხოლოდ ვაშინგტონის ძალზე ღრმა დაინტერესების შედეგი შეიძლება იყოს.

დილის გაზეთი, 3 ივლისი,2003 წელი

მთელ გვერდზე