ადმინისტრაციული რესურსი ანტისისტემურ ძალთა წინააღმდეგ

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში მორიგი «საიდუმლო სერობა» შედგა არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა, მრავალი ანალოგიური შეხვედრისგან განსხვავებით, მასში მონაწილეობდა არა»საარჩევნო კოალიცია ახალი საქართველოსთვის» აქტივი, არამედ გუბერნატორები და დედაქალაქის მერი. სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის რწმუნებულები (იგივე გუბერნატორები) აცხადებდნენ, რომ დღეს, ოთხშაბათს, პრეზიდენტი უპრეცედენტოდ მკვეთრ განცხადებას გააკეთებს წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საბიუჯეტო სფეროში შექმნილ მდგომარეობაზე. ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნებსა და კოალიციის მომავალ მონაწილეობას, რაც, პრეზიდენტის რწმენით, უეჭველად წარმატებული იქნება.
        ერთი შეხედვით, თითქოს აქ არაჩვეულებრივი არაფერია. არავის გაუკვირდება პრეზიდენტის მკვახე განცხადება ბიუჯეტის თაობაზე, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პირველივე შეხვედრებზე კატეგორიულად მოითხოვა 115 მილიონი ლარის სეკვესტრის განხორციელება. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ, სიმწვავის მიუხედავად, არაფერი სენსაციური (ანუ მოულოდნელი) პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებაში არ იქნება. სინამდვილეში, გაცილებით უფრო საინტერესოა თვით სამშაბათს გამართული შეხვედრა, რაც არ იყო ორდინარული მოვლენა და სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა კოალიციის ერთ-ერთი რეალური ლიდერი (ამ ბლოკში ფორმალური ლიდერებიც არიან) ვანიკო ზოდელავა, ეს შეხვედრა მაინც ურფო იმ ადმინისტრაციის თათბირი იყო, რომელმაც არჩევნები უნდა ჩაატაროს რეგიონებში და უზრუნველყოს ამ პროცედურის ნორმალურად წარმართვა. კოალიციის სხდომები, პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, არც ერთხელ ამ ფორმატით არ გამართულა. გარდა ამისა, პრეზიდენტის სათათბირო ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, მაგალითად, იმერეთის გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა საკმაოდ მოურიდებელი კომენტარები გააკეთა სახელისუფლებო ბლოკის მიმართ. ოფიციალური ცნობით, განიხილეს ენერგეტიკაში შექმნილი ვითარებაც, მაგრამ აქ ბევრად უფრო საინტერესოა წინასაარჩევნო დისკურსი. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ შეხვედრით დაადასტურა, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია 2 ნოემბრის არჩევნების უპრობლემოდ ჩატარება (რათა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში პრობლემები არ შეექმნგას)9 ვიდრე თუნდაც მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ბლოკის გამარჯვება არჩევნებში.
       ეს სავსებით ნათელია, თუ შევაჯერებთ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს და მის მოქმედებას სხვადასხვა ძალთა რადიკალიზმის გასანეიტრალებლად. უეჭველია, რომ სწორედ ეს არის ამ ეტაპზე პრეზიდენტის პრიორიტეტი, ხოლო პარლამენტში ფორმალური უმრავლესობის მოპოვებას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარი დამოკიდებულება სავსებით ლოგიკურიც არის: ისევე როგორც 1999 და 2000 წლების საარჩევნო ციკლის დროს, ედუარდ შევარდნაძისთვის განმსაზღვრელია საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო პარლამენტი, პოლიტიკური დისპოზიციის თვალსაზრისით, ძალთა ბალანსის უზრუნველმყოფი ორგანოს ფუნქციას ასრულებს. წელს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ოთხი წლის წინათ. 2003 წლის პარლამენტი ვეღარ შექმნის პოლიტიკურ ფონს და დასაყრდენს «ანტისისტემური» კანდიდატისთვის 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. წინა ციკლისას კი ამგვარი საშიშროება არსებობდა. მაშასადამე, რგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს საპარლამენტო არჩევნები, ერთგვაროვანი საკანონმდებლო ორგანო ძნელად თუ შეიქმნება.
        ესე იგი, პოლიტიკური დასაყრდენის ფუნქცია მას აუცილებლად გამოეცლება. შედეგად, ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატი «სისტემის შიგნით» გამოიძებნება, ხოლო არასისტემური, რადიკალური ძალები, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის განმალვობაში (!) პრეზიდენტის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად პოზიციონირებდნენ – დასაყრდენისა და პერსპექტივის გარეშე დარჩებიან. სწორედ ამ ლოგიკური ჯაჭვის შედეგია ის მოსაზრება, რომ პრეზიდენტისთვის ამჟამად მთავარია არჩევნების ნორმალურად, განსაკუთრებული შეხლა-შემოხლისა და, შეძლებისდაგვარა, ობიექტურად ჩატარება, რათა გარესისტემურ ძალებს არ გამოუჩნდეთ მძლავრი მოკავშირე საერთაშორისო ორგანიზაციების სახით, რომლებმაც უკვე გააუქმეს არჩევნების შედეგი სომხეთში და ეს ქვეყანა, ფაქტობრივად გარიცხეს ევროპის საბჭოდან. რასაკვივრელია, ამ ამოცანის შესრულება (ანუ ერჩევნების ჩატარება დესტაბილიზაციის გარეშე) შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივ ადმინისტრაციათა ძალისხმეივს შედეგად. სწორედ ეს ძირითადი მიზანი განიხილებოდა, როგორც ჩანს, გუშინ კანცელარიაში გამართულ სხდომაზე. ამრიგად, პრეზიდენტის წინასაარჩევნო ინტერესთა სწორხაზოვნად განსაზღვრა პროცესთა გამარტივებაა, ხოლო ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზის მართებულობას თვით არჩევნები და, განსაკუთრებით, შემდგომი მოვლენები დაადასტურებს.

დილის გაზეთი, 25 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე