ვის აატკივებს თავს პანკისში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყება?

        გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში პანკისის ხეობაში «ანტიკრიმინალური ოპერაცია» განხორციელდება, რომლის აქტიური ფაზაც «რამდენიმე კვირას გასტანს». შესაბამისი საინფორმაციო-პოლიტიკური ფონი (საქართველოსა და დასავლეთში) «ახალ ტენდენციას» ჩეჩენ უხუცესთა მიმართვამ შეუქმნა ქვეყნის პრეზიდენტისადმი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ, «საქართველოს ჯარს» გაეკონტროლებინა პანკისის ხეობა.

        სტრიქონებს შორის იმთავითვე იკითხება ხეობაში «რუსის ჯარის» შემოყვანისა და საჰაერო დაბომბვათა შიში, ანუ მოსკოვის ანტიქართულმა ისტერიამ ობიექტურად სასარგებლო შედეგი გამოიღო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ოპერაციის შედეგად ვითარება არ შეიძლება გართულდეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსლან გილაევის რაზმი «საქმის ყურშია» მომავალი ოპერაციის თაობაზე და ქართველმა «ძალოვანებმა» მას წინადადება მისცეს, იქაურობას გასცლოდა, რათა ქართულ-ჩეჩნურ სისხლისღვრამდე საქმე არ მიეყვანა. გილაევს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, მაგრამ გააჩნია საით წავა იგი და როგორ განვითარდება მოვლენები.
        საწყისი დისპოზიცია კი ასე გამოიყურება: პანკისის ხეობაში ამჟამად შინაგანი ჯარების რამდენიმე საგუშაგოა განლაგებული, თუმცა, ეს გარემოება ვითარებაზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს. შინაგანი ჯარების დამატებითი ქვედანაყოფი (500 ჯარისკაცისა და ოფიცრის რაოდენობით) მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და უმაღლესი მთავარსარდლის – ედუარდ შევარდნაძის ბრძანებას ელის, რათა, პანკისის ხეობის გავლით, მთავარი წყალგამყოფი ქედისკენ დაიძრას. შინაგანი ჯარების სარდლის – გიორგი შერვაშიძის განცხადებებით, თუ ვიმსჯელებთ, ისინი არა მხოლოდ გააძლიერებენ არსებულ საკონტროლო საგუშაგოებს, არამედ ყველა სოფელში შექმნიან ახალ «ბლოკ-პოსტებს» და, რაც მთავარია, საპასპორტო რეჟიმის შემოწმებას დაიწყებენ.
        მაშასადამე, ისინი არა მხოლოდ ამჟამად ხეობაში მყოფ კრიმინალებს შეავიწროვებენ, არამედ ჩეჩენ «ბოევიკებსაც». საპასპორტო რეჟიმის დარღვევით ხეობაში მყოფი ჩეჩნები ამ ლოგიკით (სხვა ლოგიკა კი საპოლიციო ოპერაციის დროს არ შეიძლება არსებობდეს), აუცილებლად უნდა დააპატიმრონ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შინაგან ჯარებს მიღებული აქვთ ბრძანება, იმოქმედონ «ვითარების შესაბამისად», ანუ გახსნან საპასუხო ცეცხლი. თავისთავად, წარმოუდგენელია მათ სხვა ბრძანება ჰქონდეთ, რადგან საკუთარი ჯარისკაცების წიწილებივით გამოჭერას ხეობაში, ან უკან სამარცხვინო გამობრუნებას ხელისუფლების და იმავე ძალოვან სტრუქტურათა დისკრედიტაცია მოჰყვება.
        პარალელურად, ხეობის შესასვლელთან თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ მძლავრი და ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი ატარებს მაშსტაბურ სამხედრო წვრთნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარების გართულებისთანავე, იგი მზად არის, დაუყოვნებლივ ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. წინააღმდეგობა, სინამდვილეში, გამორიცხულია, ოღონდ არა იმიტომ, რომ რუსლან გილაევის 200-კაციან რაზმს ამის გაკეთება არ შეუძლია (ორი წლის წინ იგივე რაზმი ჩეჩნეთის სოფელ კომსომოლსკოესთან რუსეთის ლამის მთელ დივიზიას აკავებდა 2 თვის განმავლობაში), მაგრამ ეს ჩეჩნეთისთვის ზურგში დანის ჩაცემა იქნებოდა – საქართველო ხომ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩეჩნეთი ესაზღვრება. ტყეში დიდხანს გილაევის რაზმელები ვერ გაჩერდებიან, უკან დაბრუნების საშუალებას კი მათ აღარ მისცემენ.
        თუ «გილაეველები» მართლაც პანკისის ხეობაში არიან, ისინი იძულებულნი გახდებიან, რუსეთში გადასვლა სცადონ. თავის მხრივ, რუსები, რომელთაც შესანიშნავად იციან პანკისში ოპერაციის დაწყების თაობაზე, ამას გულხელდაკრეფილნი არ დაელოდებიან. ესე იგი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შეიძლება კვლავ დაიძაბოს. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საინფორმცაიო საშუალებები ვითომ ვერ ამჩნევენ პანკისში საქართველოს მოქმედებას. არადა, თბილისი ხომ იმას აკეთებს, რასაც მოსკოვი უკვე სამი წელია მოითხოვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პანკისი მართლაც მხოლოდ საბაბია საქართველოზე ზემოქმედებისთვის.

დილის გაზეთი, 20 აგვისტო, 2002 წელი

მთელ გვერდზე