ვინ ამღვრევს წყალს ჯავახეთში?

        სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვარდან ოსკანიანის ვიზიტს საქართველოში «უცნაურად დაემთხვა» გახმაურებული (რომ არა ვთქვათ, «სკანდალური») განცხადებები ჯავახეთის «ავტონომიის» შესახებ. ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის (ამ რაიონს ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ «ბოგდანოვკას» უწოდებს და აქ ვერაფერს გააწყობ) საკრებულოთა წევრებმა პირდაპირ, დაუფარავად და საკმაოდ თავხედური ტონით თქვეს, რომ მოითხოვენ ავტონომიას ჯავახეთისთვის, ვინაიდან არ სურთ ახალციხიდან იმართებოდნენ.
        ეს განცხადება, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ მათ არ სურთ თბილისიდან იმართებოდნენ და უნდათ იცხოვრონ ისე, როგორც თავად მიაჩნიათ (მათთვის) სასარგებლოდ. ანუ ჰქონდეთ რუსული რუბლი, არ ჰქონდეთ (ფაქტობრივად) საზღვარი და საბაჟო სომხეთთან და შეინარჩუნონ რუსეთის უძლიერესი სამხედრო დივიზია, რომელიც ახალქალაქშია დისლოცირებულიო და რომლის პირადი შემადგენლობის (მათ შორის ოფიცერთა) 80 პროცენტს ადგილობრივი სომხები შეადგენენ.
        ზოგიერთს მიაჩნია, თითქოს «ჯავახკის» ავტონომიის მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოს სისუსტის პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო სუსტი და არამდგრადი იქნება ქართული სახელმწიფო, მით უფრო გახშირდება «ავტონომიის» მოთხოვნა და ასე შემდეგ. ეს შეხედულება თავიდან ბოლომდე მცდარია. სინამდვილეში, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, საქმე პირიქით არის: რაც უფრო მოძლიერდება ქართული სახელმწიფო, რაც უფრო მეტად გაუჩნდება მას ამბიცია და საშუალება, რეალურად განახორციელოს თავისი სუვერენიტეტი ამ რეგიონში, დაიცვას სომხეთთან საზღვარი (მათ შორის, ეკონომიკური საზღვარი), მოითხოვოს ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად აღიარება, გაიყვანოს რუსული (ფაქტობრივად, «სომხურ-რუსული») დივიზია ჯავახეთიდან _ მით უფრო გახშირდება და გაძლიერდება «ავტონომიის» მოთხოვნა.
        ადრე ამგვარი მოთხოვნები არ ისმოდა, ვინაიდან ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, «ავტონომიის» მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოს მოძლიერების პირდაპირროპორციულია და არა პირიქით.
        ამ ვითარებაში ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა მოთმინება, სიფრთხილე და ყოველი ნაბიჯის გააზრება. მათ შორის, ჯავახეთის ეკონომიკური ინტერესი სამცხესთან.

დილის გაზეთი, 21 თებერვალი, 2002 წელი

მთელ გვერდზე