ტრაპიზონს შევკრათ პირობა

        გუშინ თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქ ტრაპიზონში დასრულდა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა. ეს სამიტი უფრო მნიშვნელოვანი და სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე დამკვირვებლები და პოლიტოლოგები მოელოდნენ. ფორმალურად, პრეზიდენტები მხოლოდ ესწრებოდნენ სამი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ დამნაშავეობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და ამით ხაზს უსვამდნენ დოკუმენტის პოლიტიკურ მნიშვნელობას ისევე, როგორც თბილისის, ანკარასა და ბაქოს სტრატეგიის ინტერესთა თანხვედრას.
        თუმცა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემატიკას სამიტი უეჭველად გასცდებოდა. მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ტრაპიზონში სამი ქვეყანა ესოდენ მტკიცედ და მკაფიოდ დაადასტურებდა სტრატეგიული კავშირის შეკვრას. ეს კავშირი ჯერ ჩამოყალიბებული და ინსტიტუირებული არ არის, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ვისაუბროთ ბაქო-თბილისი-ანკარა-ვაშინგტონის «გეოპოლიტიკურ ღერძზე». უბრალო დამთხვევა არავის ეგონოს, რომ სწორედ სამშაბათს ჩამოფრინდნენ თბილისში ამერიკელი ინსტრუქტორები, რითაც დაიწყო ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, რამაც (ამ ლოგიკით და ალგორითმით განვითარების შემთხვევაში) საქართველოს «გეოპოლიტიკური კუთვნილების» შეცვლა უნდა გამოიწვიოს, თუმცა, ეს მაინც გრძელვადიანი პერსპექტივაა.
        კობა ნარჩემაშვილისა და მისი კოლეგების მიერ ტრაპიზონში ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს მოქმედების კოორდინაციას ნარკობიზნესის, იარაღით უკანონოდ ვაჭრობის, ფულის «რეცხვის», ტერორიზმისა და სხვა სახის კრიმინალის წინააღმდეგ. შეთანხმება ითვალისწინებს, აგრეთვე, მუდმივმოქმედი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას, რომელშიც თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრები გაწევრიანდებიან.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ პრეზიდენტებმა, ორშაბათს გამართული შეხვედრის დროს, მოილაპარაკეს, აამაღლონ ამ კონსულტაციათა სტატუსი და დააფუძნონ, ფაქტობრივად, «სამმხრივი თათბირი კავკასიის უშიშროებისა და თანამშრომლობისათვის».
        როგორც ცნობილია, ჰელსინკის პროცესი სწორედ ასეთი «თათბირით» დაიწყო. ამ პროცესში პრეზიდენტები, ტრაპიზონში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პერიოდულად შეხვდებიან ერთმანეთს. კერძოდ, სამმხრივი სამიტები, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ გაიმართება. შემდეგი შეხვედრა 2003 წლის აპრილში თბილისში შედგება. მასზე უშიშროების საკითხთა მთელი კომპლექსი იქნება განხილული.

დილის გაზეთი, 1 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე