სავალუტო ფონდი შანსს გვიტოვებს

        საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს მორიგი ტრანში 30 მილიონი დოლარი გამოუყო.

        სინამდვილეში, ვაშინგტონის ამ ვერდიქტში უცნაური და მოულოდნელი არაფერია: თბილისმა შეასრულა ფონდის ორი უმთავრესი პირობა გაათავისუფლა ჯართის ექსპორტი და გაწონასწორებული ბიუჯეტის ფარგლებში მოახერხა საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმილ პარამეტრებზე გასვლა.
        ამ ორი შედეგის გარეშე დირექტორთა საბჭო საერთოდ არ განიხილავდა საქართველოს საკითხს დადებით გადაწყვეტილებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ, რაკი შეთანხმებული პირობები შესრულდა, გასაკვირი ის უფრო იოქნებოდა, ფონდს უარი რომ ეთქვა თანის გამოყოფაზე. უცხოელთა გატაცება აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია ფონდი პრაგმატული ორგანიზაციაა და მედიაისტერიკებს ყურადღებას არ აქცევს. მისთვის, მთავარია, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები: ინფლაცია ნორმაშია? ექსპორტი არ იბეგრება? სახელმწიფო მონოპოლია არ არსებობს? ზღვრულ ფასებზე და სამამულო მწარმოებლის დაცვაზე საუბარი შეწყვეტილია? მაშასადამე, პროგრამა გაგრძელდება ყოველ დღე ასი ბიზნესმენი რომ გაიტაცონ პანკისში.
        სხვა საქმეა, რომ ყაჩაღობის შედეგად ინვესტიციები ქვეყანაში აღარ შემოვა. ამით მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდება, ლარი შესუსტდება, მონეტარიზმის საფუძველი შეირყევა აი, მაშინ კი ვეღარაფერი გვიშველის: სსფ უმოწყალო და შეუბრალებელი იქნება.
        ჯერჯერობით კი ეროვნული ბანკის სავალუტო ანგარიშზე 30 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთ ცენტს ამ თანხიდან (ისევე, როგორც მთელი სავალუტო რეზერვიდან) საქართველოს ხელისუფლება თითსაც ვერ დააკარებს ფონდის თანხმობის გარეშე. თუმცა, ეს თანხა უდავოდ ხელს შეუწყობს ინფლაციური შიშების შემცირებას და ვალუტის კურსის შენარჩუნებას.
        სხვათა შორის, უდიდეს მხარდაჭერად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს არ უშლის შეისყიდოს ვალუტა და ამით უზრუნველყოს ლარის შედარებით დაბალი კურსი, რაც ხელს უწყობს იმპორტის გაძვირებასა და წარმოების (აგრეთვე, ექსპორტის) ზრდას. თუმცა, საქართველოში ამგვარი მეთოდი დიდწილად ფუჭია, ვინაიდან, ქართველი მეწარმეები იმპორტის გაძვირებას ბაზრის დასაპყრობად კი არ იყენებენ (რაც რთული საქმეა, უდავოდ), არამედ თავადა აძვირებენ სამამულო პროდუქციას სწრაფი მოგების მიღების მიზნით.
        მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით პროგრამა შევინარჩუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის ყბადაღებულ განათლების თუ სხვა კრედიტებსაც მივიღებთ.
        უფრო რთულად არის საქმე ევროკავშირის გრანტებთან დაკავშირებით. განსხვავებით სავალუტო ფონდისგან, ევროკომისია, გრანტების გამოყოფისას ფუნდამენტალისტური მონეტარიზმით როდი ხელმძღვანელობს პიტერ შოუს პრობლემა მისთვის უაღრესად აქტუალურია. ამიტომ, თუ ბრიტანელი ბანკირი გათავისუფლებული არ იქნება, ევროკავშირის შეპირებული 16 მილიონი ევრო, ალბათ, დაგვეკარგება. ყოველ შემთხვევაში, წლევანდელი ბიუჯეტისათვის ეს თანხა დაკარგულია, ანუ საგადასახადო შემოსავლები უკანასკნელ თეთრამდე რომ აიკრიფოს, ბიუჯეტი მაინც არ შესრულდება. ამას ემატება სხვა თანამდევი პრობლემები. მაგალითად, მუდმივი განსხვავება ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს შორის, რისი მთავარი მიზეზიც ბათუმიდან თანხების თბილისში გადმოურიცხველობაა. რაკი დედაქალაქში ეს წმინდად ტექნიკურ პრობლემად მიაჩნიათ, გაუგებარია, რეგიონული ხაზინის გახსნას რა უშლის ხელს, რათა სხვოაბა (ფორმალურად მაინც) აღარ არსებობდეს.
        წლის მეორე ნახევარში პარლამენტში კვლავ შეაბიჯებს სეკვესტრის აჩრდილი, თუმცა, ამჟამინდელი ბიუჯეტის სტრუქტურის გათვალისწინებით, შეკრეჭა უმტკივნეულოდ განხორციელდება, რაც არ გამორიცხავს პოლტიტიკურ გნიასსა და პათოსურ განცხადებებს. ამრიგად ვაშინგტონის მოწყალე ხელმწიფე ჯერ კიდევ გვიტოვებს იმედსა და შანსს, რათა ლიბერალური ეოკნომიკური კურსის გადარჩენა შევძლოთ.

დილის გაზეთი, 16 ივლისი, სამშაბათი, 2002 წელი

მთელ გვერდზე