სავალუტო ფონდი საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

        საარჩევნო და პოსტსაარჩევნო ორომტრიალით გართული ქართული პოლიტიკური და პოლიტოლოგიური ბომონდი ვერ ამჩნევს, რომ ქვეყნის განვითარებაში უაღრესად კრიტიკული მომენტი დგება. ინასკვება ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი და მისი გახსნა ბევრ პროცესს დაუდებს სათავეს ან საბოლოოდ დაასრულებს.

        საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტს, პირველად «მოქალაქეთა კავშირის» თავმჯდომრაოებიდან გადადგომის შემდეგ, აუცილებლად სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა (სადაც უმრავლესობა აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ ჰყავს), რათა შეასრულოს სავალუტო ფონდის პირობები და აღადგინოს პროგრამა.
        ამ პროგრამის აღდგენას კი ჭეშმარიტად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფონდი აღარ გამოყოფს გრძელვადიანი კრედიტის მორიგ ტრანშს, მსოფლიო ბანკიც შეაფერხებს რამდენიმე გადმორიცხვას, ასევე მოიქცევიან სხვა დონორი ქვეყნები თუ ორგანიზაციები, რის შედეგადაც 2002 წლის ბიუჯეტი ქაღალდის ქოხივით დაიშლება, ანუ გარდაუვალი გახდება სეკვესტრი, რომელიც, მიმდინარე წლის ბიუჯეტის «რეალისტურობის» გათვალისწინებით, უკვე ეგრეთ წოდებულ «დაცულ მუხლებსაც» შეეხება. ამას კი უეჭველად მოჰყვება სოციალური უკმაყოფილების ზრდა და (შესაბამისად) პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია.
        საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას თბილისში უახლოეს მომავალში ელიან. მან უნდა შეაფასოს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეთანხმებული ხუთპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ვალდებულებათა დიდი ნაწილი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თურმე, შენასრულა. მათ შორის, უმთავრესი და (წლების განმავლობაში) ურთულესი – ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსება.
        თუმცა, ეს, რასაკვირველია, განაპირობა, ისევ და ისევ, ხსენებულმა «რეალისტურობამ», ანუ შემოსავლების «მოკრძალებულ-თავმდაბლურმა» დაგეგმვამ, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა: სავალუტო ფონდი წლების განმავლობაში მოითხოვდა ჩვენგან არა შემოსავლების აბსოლუტური მაჩვენებლების ზრდას, არამედ «ძლიერი ბიუჯეტის» შექმნას, ესე იგი, შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებას.
        ამჯერად ეს პარამეტრი მიღწეულია. აპრილის «ჩავარდნის» მიუხედავად, მაისის გეგმა შესრულდა, მაშასადამე, ამ თვალსაზრისით, სავალუტო ფონდის მისიას საპრეტენზიო აღარაფერი ექნება, მაგრამ სისტემური და ინსტიტუციონალური პირობების გარდა (მაგალითად, ლიცენზირების საკითხის გადაწყვეტა, რაც, ბოლოს და ბოლოს, პრობლემა არ არის _ ამას მთავრობა უეჭველად მოახერხებს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე), არის კიდევ ერთი, უაღრესად პრინციპული მოთხოვნა, რომლის შესრულების გარეშე დირექტორთა საბჭო საქართველოში პროგრამის აღდგენის წინადადებას არც კი განიხილავს. ეს არის ყბადაღებული «ფერადი ლითონის» საკითხი. ანუ მისი ქვეყნიდან გატანის აკრძალვის გაუქმება.
        ზოგიერთს მიაჩნია, თითქოს ასეთი წვრილმანის ქცევა ურთიერთობათა ქვაკუთხედად სავალუტო ფონდის «ახირებაა». სინამდვილეში, ამ «წვრილმანში» სავალუტო ფონდი ძლიან მნიშვნელოვან სიმპტომს ხედავს.
        აქვე გავითვალისწინოთ, რომ სავალუტო ფონდის მიზანია (ზოგადად) არა მხოლდ ეკონომიკური ტრანსფორმცაია, არამედ თვით სახელმწიფოებრივი სტრუქტურის რეფორმა დასავლურ ყაიდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალუტო ფონდისთვის უმთავრესი საბიუჯეტო შემოსავლები რომ იყოს, დიდი ხნის წინ დაგვეთანხმებოდა «ზღვრულ ფასებსა» და «ფიქსირებულ გადასახადებზე», თუნდაც «სახელმწიფო მონოპოლიაზე», ვინაიდან ეს საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდიდა – ოღონდ რეაქციული, რეგრესული ინსტიტუციების დაფუძნებისა და განმტკიცების ფასად.
        დავაკვირდეთ, რა ხდება ჯართთან დაკავშირებით: გარკვეული ძალები კატეგორიულად მოითხოვენ ლითონის გატანის აკრძალვას და ამას ასაბუთებე:ნ ბარბაროსული აქტებით სასაფლაოებზე, დიდგორის მემორიალის ძარცვით და ასე შემდეგ. სინამდვილეში, მათ სხვა მოტივაცია აქვთ: მსოფლიო საწარმოები დაინტერესებულნი არიან, აიძულონ ფერადი ლითონის მფლობელები (კანონიერი მფლობელებიც) მათ მიჰყიდონ ლითონი – ექსპორტირების ნაცვლად.
        საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი კატეგორიული წინააღმდეგია ნებისმიერი ექსპორტის შეზღუდვისა, ვინაიდან ამით მცირდება სავალუტო ნაკადები ქვეყანაში და კიდევ უფრო უარესდება სავაჭრო ბალანსი.
        სავალუტო ფონდის იდეოლოგიური საფუძველია მონეტარიზმი, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება ვალუტის შემოდინების ყოველგვარ შეზღუდვას.
        ქართული მხარის არგუმენტი (სადენების ძარცვა თუ სხვა მსგავსი) სავალუტო ფონდის ექსპერტებისთვის მიუღებელია: გაამკაცრეთ კანონმდებლობა, შემოიღეთ სასჯელი კაბელების ჩაჭრისთვის, დააპატიმრეთ დიდგორის მემორიალის ხელმყოფი, მაგრამ რა შუაშია აქ ლითონის ექსპორტის აკრძალვა?
        სწორედ ამას გულისხმობენ ინსტიტუციურ რეფორმაში, ამჯერად – პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მაგრამ დიდგორის ინციდენტის შემდეგ კანონპროექტის პარლამენტში გატანა ძალიან გაჭირდება.

დილის გაზეთი, 13 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე