სანკტ-პეტერბურგის «ანტიტერორისტული» სამიტი

        სანკტ-პეტერბურგში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცსამსახურთა ხელმძღვანელების შეკრება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. აქ ორი მომენტი იპყრობს ყურადღებას: უპირველესად, ეს უპრეცედენტო სამიტი იყო, ვინაიდან სპეცსამსახურთა შეხვედრა «ფართო შემადგენლობით» დღემდე აბსურდად ითვლებოდა, თუ არ ჩავთვლით ძალიან მჭიდრო ინტეგრაციის მქონე საერთაშორისო გაერთიანებებს. მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყანათა სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა არაერთგზის შეკრებილა სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი მექანიზმების შესამუშავებლად. მაგრამ ეს სხვა საქმეა – ევროკავშირის ქვეყნები, ფაქტობრივად, კონფედერაციას შეადგენენ.
        თვით სპეცსამსახურთა სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ სფეროში უფრო ორმხრივი ურთიერთობაა მიღებულიო: ინფორმაციის გაცვლა, ინფორმაციით ვაჭრობა (სხვა ინფორმაციის მოსაპოვებლად) და ასე შემდეგ. მესამე ან მეოთხე ქვეყანა პროცესში რომც მონაწილეობდეს, მხოლოდ არაპირდაპირ და არაპროფესიულად.
        სპაეცსამსახურთა «სამიტები» პროფესიონალებში მხოლოდ ღიმილს იწვევს, რაკი ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ეს წმინდა სიმბოლური ღონისძიებაა.
        სახელმწიფოთა მეთაურები, ან პოლიტიკური მოღვაწეები თუ ლიდერები, შეიძლება შეიკრიბონ, რათა ტერორიზმის წინაღმდეგ პოლიტიკური დემარში განახორციელონ ან სოლიდარობა და პოზიციის ერთობა დააფიქსირონ. მაგრამ სპეცსამსახურებმა რად უნდა იმსჯელონ საჯაროდ? ეს ხომ მტკნარი სისულელეა?!
        ამრიგად, «სანკტ-პეტერბურგის» სამიტი ისეთივე უაზრო სალაყბო იყო, როგორც იქვე, იმავე დროს გამართული, ეგრეთ წოდებული, «დსთ-ს საპარალმენტთაშორისო ასამბლეის სხდომა». თუმცა, არ არის გამორიცხული, «სპეცსამსახურთა სამიტი» ზოგიერთ ხელმძღვანელს ორმხრივი შეხვედრის გასამართად გამოეყენებინა – აი, იქ კი, ნამდვილად იქნებოდა საქმიანი საუბარი, განსხვავებით «პლენარული სხოდომისგან».
        ვიმეორებ: სპეციალურ სამსახურთა სპეციფიკიდან გამომდინარე, მრავალმხრივი ურთიერთმოქმედება გამორიცხულია. სანკტ-პეტერბურგის სამიტი, რომელშიც 35-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი მონაწილეობს, სრულიად სიმბოლური და დეკლარაციული ღონისძიება იყო და არავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება მასზე არ იქნება მიღებული. სამიტის შედეგად დაგეგმილია მხოლოდ კარიკატურული «საბჭოს» შექმნა, რომელმაც, ვითომდაც, ერთობლივი ღონისძიებები უნდა განახორციელოს ტერორიზმის წინააღმდეგ.
        არადა, მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას «ტერორიზმის» ცნება სხვადასხვაგვარად ესმის. რუსეთისთვის, მაგალითად, ჩეჩნები ტერორისტები არიან, ხოლო აფხაზები - «თვითგამორკვევის უფლებისთვის» იბრძვიან. ამერიკელები «ალ-ყაიდას» ებრძვიან, მაგრამ სულაც არ აიგივებენ მათ მთელს ჩეჩენ ხალხთან. რასაკვირველია, განსხვავებული პარადიგმები აქვთ ამასთან დაკავშირებით სომხებს, აზერბაიჯანელებს, მოლდოველებს და ასე შემდეგ.
        «სპეცსამსახურთა სამიტს», საერთოდ კომიკური ელფერი შესძინა მასზე დსთ-სა და ევროპელ პოლიტიკოსთა გამოსვლებმა, რომლებმაც ბევრი ისაუბრეს «კეთილშობილურ გაერთიანებაზე ახალ საკაცობრიო გამოწვევათა წინააღმდეგ» - ეს მგლების თავზე მღვდლების მიერ სახარების კითხვას ჰგავს: სპეცსამსახური იმის სპეცსამსახურია, რომ საკუთარ ქვეყანაში ტერაქტების აღკვეთისთვის უნდა იზრუნოს, ხოლო სხვა ქვეყანაში (თუ ის ქვეყანა მისი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ოპონენტია) ყველანაირად იზრუნებს რაც შეიძლება მეტი ტერაქტის მოსაწყობად, რათა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მაგალითად, რუსული სპეცსამსახური თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე (და არა იმიტომ, რომ «ბოროტია» ან «კეთილი»), ყველანაირად შეეცდება საქართველოში იყოს მაქსიმალური დესტაბილიზაცია, ვინაიდან, სტაბილური და ძლიერი სახელმწიფო ობიექტურად თვით თავისი არსებობის ფაქტით შეუქმნის რუსეთს პრობლემებს ჩრდილოეთ კავკასიაში. ნიშანდობლივია, რომ სამიტზე გამოსვლისას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველო არ დაადანაშაულა «ტერორიზმის მხარდაჭერაში», ვინაიდან საპასუხო პოლიტიკურ ბრლალდებებს მოერიდა. მით უმეტეს, რომ სამიტს ნინო ბურჯანაძე ესწრებოდა, რომელიც წინა დღეს ძალიან მწვავედ გამოვიდა ტავრიის სასახლეში.

დილის გაზეთი, 28 მარტი, 2002 წელი

მთელ გვერდზე