საბიუჯეტო «დამოკლეს მახვილი»

        მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა (აშკარად პოლიტიკური მოსაზრებებით) საქართველოს გამოუყო მორიგი ტრანში, რითაც შესაძლებელი გახდა ხელფასებისა და პენსიების ნაწილობრივ გაცემა, ვითარება ამ თვალსაზრისით კვლავინდებურად დაძაბულია.
        ეს კრედიტები ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ძირითადად, მხოლოდ მიმდინარე დავალიანებები დააფინანსოს. 1998-1999-2000 წლების «ფუნდამენტურ დავალიანებათა» კომპენსირება მხოლოდ მიზერული ოდენობით ხერხდება, მაგრამ თუ მსოფლიო ბანკი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, - ვითარება საერთოდ კატასტროფული იქნებოდა.
        «პოლიტიკურ მოსაზრებებს» რაც შეეხება, - ეს არის სავალუტო ფონდის (ანუ პირველ ყოვლისა, ოფიციალური ვაშინგტონის) მორიგი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომლის დესტაბილიზაცია დასავლეთში, დაუშვებლად მიაჩნიათ.
        თუმცა, აქვე უნდა დავაკვირდეთ რეალობასაც: როდესაც საუბრობენ, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის შეწყვეტით, რატომღაც ივიწყებენ დასავლეთის შესაძლებოლბებს ამ თვალსაზრისით: ამერიკის შეერთებულ შტატებს (ზოგადად დასავლეთს) თუ საქართველოს ახალი (ან ამჟამინდელი) ხელისუფლების პოლიტიკა არ მოეწონება, ვითარების «აფეთქება» მასაც შეუძლია: საკმარისია შეუწყვიტოს საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო-საბიუჯეტო სისტემას ფინანსური ინექციები, რაც არანაკლებ დამანგრეველ სოციალურ შედეგებს გამოიწვევს _ თუ მეტს არა: ზამთარი (ენერგეტიკული კრიზისი) წარმავალია, საფინანსო სისტემის კრახი კი გამოუსწორებელი შედეგების მომტანი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების «ბალანსირება» ძალისა და პოტენციური საფრთხის ორ წყაროს შორის სავსებით მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს.
        ახლახანს დაწყებული საფინანსო წლის (ანუ პოლიტიკური ვითარების) სარკე ბიუჯეტი იქნება. როგორც ჩანს, ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები შეეცდებიან აიძულონ აღმასრულებელი ხელისუფლება, იკისროს ძნელად შესასრულებელი ვალდებულებები, რათა წლის ბოლოს კვლავ დაისვას დღის წესრიგში «მინისტრთა კაბინეტის» საკითხი. მაგრამ მთავრობას «მოულოდნელ მხსნელად» ევლინება საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს რეალიებიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის «ზედა ზღვარი» 1 მილიარდ (მაქსიმუმ) 100 მილიონ ლარზე შეჩერდება. ამ ზღვარს ზემოთ დაგეგმილი შემოსავლები კი ჩაირიცხება სპეციალურ «საპრეზიდენტო ფონდში» (არ აგერიოთ ბიუჯეტით გათვალისწინებულ «პრეზიდენტის ფონდში») და დაიხარჯება «დამატებითი პრიორიტეტების» შესაბამისად.
        თავისთავად ამ პრიორიტეტების გაენსაზღვრა და თანხების გადანაწილება პარლამენტში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს, ხოლო ნამდვილი მღელვარება მაშინ დაიწყება, როდესაც (თუ) საბიუჯეტო შემოსავლები «ძირითადი» გეგმაც არ შესრულდება და (თუ) კვლავ გაიჟღერებს სიტყვა «სეკვესტრი» 2002 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე.
        ეს ისევ და ისევ «მინისტრთა კაბინეტის» თემის აქტუალიზებას გამოიწვევს და იმ დროისთვის შეიძლება კიდეც არსებობდეს ინტერესთა «თანხვედრა» პრეზიდენტს, ისტებლიშმენტსა და საპარლამენტო ძალებს შორის.
        ჯერჯერობით კი, დეკემბრის შემოსავლები «ნაწილობრივ შესრულდა»: გეგმით გათვალისწინებული 93 მილიონ 600 ათასი ლარის ნაცვლად, აკრეფილია 89 მილიონ 600 ათასი ლარი (95,7 პროცენტი). გარღვევა – 4 მილიონი ლარი. აქედან, «საგადასახადომ» და «საბაჟომ» მთელი წლის განმალვობაშია კრიფეს (ნაერთი) 986 მილიონ 500 ათასი ლარის ნაცვლად, 965 მილიონ 100 ათასი ლარი. გარღვევა – 21 მილიონ 400 ათასი ლარი. რასაკვირველია, სეკვესტრების გათვალისწინებით. აგრეთვე იმ გარემოებისა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აკრეფილი გადასახადები არ ირიცხება თბილისში, არამედ რჩება აჭარის ბანკში გახსნილ ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე და ხმარდება აჭარაში ცენტრალური ბიუჯეტის ვალდებულებათა შესრულებას.
        ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახალ წელს პოლიტიკური ვითარების კატალიზატორი «ბიუჯეტი და ფინანსები» იქნება.

დილის გაზეთი, 8 იანვარი 2002 წელი

მთელ გვერდზე