პარლამენტმა პრინციპები ვერ შეათანხმა

        პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან პრინციპული ხასიათის ცვლილებებზე თითქოს შეთანხმებული იყო და მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის ჩატარება რჩებოდა. თუმცა, ამ პროცედურის ჩატარებას კანონმდებლებმა მთელი გუშინდელი პლენარული სხდომა მოანდომეს.
        ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი რაიონებისა და ქალაქების საარჩევნო ოლქებად დაყოფას უკავშირდებოდა. ორი ალტერნატიული ვარიანტი იყო შემუშავებული. ერთი – მრავალმანდატიანი, მეორე კი სამმანდატიანი ოლქების შექმნას ითვალისწინებდა. პირველი ვარიანტი რაიონის, ან ქალაქის ერთ საარჩევნო ოლქად გამოცხადებას გულისხმობს, რომელშიც საკრებულოს მთელი შემადგენლობა აირჩევა, 9 წევრიანი იქნება იგი თუ 15-წევრიანი. შესაბამისად, თითოეულ ადგილზე რამდენიმე კანდიდატი განაცხადებს პრეტენზიას. საერთო ჯამში, კანდიდატების რაოდენობა, შესაძლოა, 200-საც მიაღწიოს, რომელთა სია ერთ საარჩევნო ბიულეტენში მოთავდსება. ამ ვარიანტის მოწინააღმდეგეთა (მათ შორის «აღორძინება», თანადგომა», «ალიანსი», «ახალი მემარჯვენეები») ძირითადი არგუმენტია, რომ ამომრჩეველი ელემენტარულად დაიბნევა, ან დაეზარება ამ, ფაქტობრივად, წიგნის მსგავსი ბიულეტენის წაკითხვა და, შესაძლოა, ვერც შემოხაზოს მისთვის სასურველი კანდიდატი.
        ეს კი ბიულეტენების გაყალბებას ბევრად გააადვილებს. საგულისხმოა, რომ ვარიანტი სავსებით მისაღები აღმოჩნდა «მოქალაქეებისთვის», «მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის» და რამდენიმე სხვა ფრაქციისთვის. საბოლოოდ, მათ სწორედ ამ წინადადებას დაუჭირეს მხარი. თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი მოსმენით.
        მეორე ვარიანტი რაიონებისა და ქალაქების რამდენიმე სამმანდატიან ოლქად დაყოფას და, შესაბამისად, არა ერთი, არამედ რამდენიმე შედარებით მცირე სიის შედგენას გულისხმობდა, რასაც მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაშიც, მოწინააღმდეგეთა, ანუ «მოქალაქეთა» არგუმენტი ისევ გაყალბებას უკავშირდებოდა. თითქოს ამ ვარიანტის მომხრე პოლიტიკური ძალები ოლქებად დანაწევრებულ რაიონებსა და ქალაქებში უფრო მოახერხებდნენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ვიდრე ერთ მრავალმანდატიან ოლქში.
        ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში «მოქალაქეებმა» გაიმარჯვეს, რასაც იმავე «ახლების» მხრიდან ცსკ-ის წევრის და პარლამენტის აპარატის უფროსის – ხათუნა გოგორიშვილის საარჩევნო მაქინაციების შეხსენება მოჰყვა. ის, თურმე, მრავალმანდატიან ოლქებში, გაცილებით ეფექტიანად «მუშაობს».
        საპასუხოდ, «ახლების» ერთ-ერთ ლიდერს- ლევან გაჩეჩილაძეს ისიც შეახსენეს, რომ თავის დროზე სწორედ ამ მაქინაციების შედეგად მოხვდა «მოქალაქეთა» პარტიულ სიაში და შემდეგ პარლამენტში.
        პარლამენტმა თბილისის საკრებულოს წევრთა რაოდენობის დადგენაზეც იდავა. დღეს იგი 55 წევრისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კოდექსში ეს რიცხვი 30-მდე შემცირდა. გუშინ გაირკვა, რომ პარლამენტს სურს, დედაქალაქს 49 წევრიანი საკრებულო ჰყავდეს. თითქოს შეთანხმდნენ იმაზეც, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევიან ის პარტიები, რომლებიც ოთხპროცენტიან ბარიერს გადალახავენ. წინა არჩევნებში ოთხპროცენტიან ბარიერგადალახულ პარტიებს კი საუბნო-საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება მიეცათ. თუმცა, ყველა ეს წინადადება პარლამენტმა გუშინ მხოლოდ ორი მოსმენით მიიღო. იმისთვის, რომ მათ კანონის ძალა მიეცეთ, მესამედან უნდა ეყაროთ კენჭი.
        გუშინდელ სხდომაზე კი პოლიტიკურ ძალთა უმეტესობამ რატომღაც ყველაფერი გააკეთა, რათა კენჭისყრის პროცედურა დღეისთვის გადადებულიყო. დიდი შანსია, რომ დღესაც ამ პროცედურის ჩატარებამდე კვლავ ხანგრძლივი დებატები გაიხსენა. არადა, პარლამენტმა თუ საარჩევნო კოდექსი ამ დღეებში ვერ მიიღო, 2 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომლის ჩატარებაც, როგორც ჩანს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს, ჩაშლის სერიოზული საფრთხე ემუქრება.

დილის გაზეთი, 25 აპრილი, 2002 წელი

მთელ გვერდზე