რუსული «გოსდუმის» საზრისი

        გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო «ნახევრადდახურულ კარს მიღმა» იხილავდა «საქართველოს გარშემო» არსებულ ვითარებას. მანამდე თბილისში ყველა განაცვიფრა ვლადიმირ ჟირინოვსკის «ზომიერმა» «კეთილგანწყობილმა» გამოსვლამ. სინამდვილეში გამორიცხულია იგი საქართველოსა და ედუარდ შევარდნაძისადმი კეთილგანწყობილი იყოს.
        მისი პოზიციის ცვლილება («საქართველოსგან დარჩება მხოლოდ თბილისი») განაპირობა არა კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილ სახინკლესთან დაკავშირებულმა ტკბილმა მოგონებებმა, ან პრეზიდენტ პუტინის პოზიციის თუთიყუშივით განმეორებამ, არამედ იმან, რომ რუსულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მიიღო სარეკომენდაციო წერილი, სპეციალური ანალიტიკური ცირკულარით, თუ როგორი პოზიციის დაკავება იქნებოდა მიზანშეწონილი ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის ზუსტი გათვალისწინებით. ანალიტიკური წერილის ავტორი იქნებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს შესაბამისი განყოფილება, რომელიც საქართველოს პრობლემატიკაზე მუშაობს.
        ამ განყოფილების ექსპერტები არიან შესანიშნავი ეთნოლოგები, უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერები, პოლიტოლოგები და ასე შემდეგ. ისინი ბრწყინვალედ იცნობენ საქართველოს, ჩვენი ერის ხასიათს, პოლიტიკურ ვითარებას და სხვა.
        სწორედ ამ «ანალიტიკურმა ცენტრმა» ურჩია, მაგალითად, ვლადიმირ პუტინს, მობილურ ტელეფონზე დაკავშირებოდა სპორტულ კომენტატორ კოტე მახარაძეს და დაბადების დღე მიელოცა. აქ ქართული ფსიქოლოგიის საოცრად ზუსტი ცოდნა იგრძნობა. არც ერთ შემთხვევაში ვთქვათ, ლიტველ თეატრალურ მოღვაწეს პრეზიდენტი პუტინი არ დაურეკავს მისალოცად. ამას არც ურჩევენ, რაკი (იქ) აზრი არა აქვს.
        ასეთი მიდგომა ასუსტებს ხელიოსუფლებას, რომელიც ამჟამად რუსეთის რეალური (არასიტყვიერად დაშაქრული) აგრესიული პოლიტიკის «გაწონასწორებულად» ამერიკასთან დაახლოების (ანუ ბუნებრივად რუსეთის საწინააღმდეგო) ნაბიჯებს დგამს. პირიქით, ლანძღვისა და ორი დღის წინანდელი ისტერიკის გაძლიერება პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიციათა განმტკიცებასა და საზოგადოების კონსოლიდირებას გამოიწვევდა.
        ენის დაშაქვრა კი აძლიერებს იმ მრავალრიცხოვან კატეგორიას საქართველოში, ვინც ამერიკელთა შემოსვლას «ოკუპაციას» ადარებს და მოითხოვს: «რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია, აფხაზეთსა და «სამაჩაბლოს» ისევ რუსეთი დაგვიბრუნებსო». თითქოს 1994 წლიდან – 1999 წლის სტამბოლის სამმიტამდე ედუარდ შევარდნაძის მთელი პოლიტიკა სწორედ ამის მცდელობა არ იყო.
        იმასაც მივაქციოთ ყურადღება, როგორი დადგენილება მიიღო საბოლოოდ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ. რასაკვირველია, მასში არაფერია ნათქვამი აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის აღიარებაზე. რა საჭიროა ამის იურიდიულად დეკლარირება, როდესაც ორივე ტერიტორიას ისედაც რუსეთი აკონტროლებს? «აღიარებით» ხომ რუსეთი დაადასტურებდა, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც თავად დაიპყრო?! ამით მისთვის საშიშ პრეცენდენტს შექმნიდა. სანაცვლოდ, დოკუმენტში იგივეა ნათქვამი, ოღონდ, სხვა ფორმულირებებით: რუსეთი უფლებას იტოვებს, ყველა ხერხით უზრუნველყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა და მათთან ერთად დაიცვას თავისი საზღვრების უსაფრთხოება.
        ვისგან – ამერიკელებისგან?!!

დილის გაზეთი, 7 მარტი, 2002 წელი

მთელ გვერდზე