რა დაეკარგა რუშაილოს?

        გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი ვლადიმირ რუშაილო სამდღიანი ვიზიტის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა. თავისთავად, ვიზიტის ხანგრძლივობა უნიკალურად შეიძლება ჩაითვალოს. არა მგონია, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ისე დალხენილად ჰქონდეს საქმე, მცხეთის სანახებისა და სვეტიცხოვლით დასატკბობად ეცალოს.
        საქმეები კი რუშაილოს უამრავი ექნბოდა რუსეთ-ამერიკის «კოსმოსურ-ბირთვული» დიალოგიდან – ჩეჩნეთის ომამდე.
        აქედანაც ჩანს, რა მნიშვნელობას ანიჭებენ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობას და ჩვენს ქვეყანაში «ყოფნის» შენარჩუნებას. პანკისის ხეობა აქ მესამეხარისხოვანი საკითხია. ეს მხოლოდ არგუმენტია გეოპოლიტიკურ პროცესში. რუშაილოს იმთავითვე ეტყობოდა, რომ არანაირი ილუზია «ერთობლივ ოპერაციასთან» დაკავშირებით არ ჰქონია და საკითხი არც გაუმწვავებია. გენერალ რუშაილოს (ისევე, როგორც გენერალ ივანოვს) შესანიშნავად ესმის, «რა ღირს» სინამდვილეში პანკისის ხეობა: მიზერი _ ჩეჩნეთის საერთო პრობლემასთან შედარებით. რუსეთი საკმაოდ მტკიცედ აკონტროლებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთს. ამ რეგიონიდან – ჩეჩნეთში რაიმე სერიოზული სამხედრო ძალის გადასროლა, უბრალოდ გამორიცხულია. მაშასადამე, რუშაილოს სამდღიანი მოლაპარაკებები ეხებოდა არა პანკისის პრობლემას, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა სტრატეგიულ საკითხებს. უახლოეს მომავალში პანკისის ხეობაში რაიმე «სამმხრივი» ან «ორმხრივი», ოპერაციის ჩატარება გამორიცხულია. საქართველოც არ გეგმავს პანკისის ბომბარდირებას – რუშაილო ამ აზრს შეურიგდა.
        უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში პანკისში ამჟამინდელი ვითარება შენარჩუნდება: «წერტილოვანი» პოლიციური ოპერაციები, მძევალთა გატაცება-გათავისუფლება, მცირე მასშტაბის «შეტაკებები» და «ბოევიკთა» თანდათანობითი «გაწოვა» ხეობიდან, როგორც ჩეჩნეთში, ასევე შორეულ საზღვარგარეთში.
        რუსეთი (ვიმეორებ), დაჟინებით არ მოითხოვს «მკვეთრ მოძრაობებს» პანკისში, მაგრამ უდიდესი ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში საერთო «გეოპოლიტიკური წონასწორობის» შენარჩუნებას, რაც ამერიკელ ინსტრუქტორთა ჩამოსვლამ თვისებრივად ვერ შეარყია.
        რუშაილო საქართველოში ყოფნისას ნაწილობრივ დარწმუნდა კიდეც, რომ «დიდი გეოპოლიტიკური წონასწორობა» სამხრეთ კავკასიაში არ დაირღვევა და, რეალობის გათვალისწინებით, საქართველო ამ საკითხს არ გაამწვავებს.
        თავის მხრივ, ხსენებულ წონასწორობას რამდენიმე შემადგენელი აქვს. კერძოდ, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების დაკანონება გამორიცხულია, მაგრამ საქართველო განაგრძობს დინჯ მოლაპარაკებებს მათი ლიკვიდაციის ვადების თაობაზე – ისტერიკებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკითხის გამწვავების გარეშე.
        სანაცვლოდ, რუსეთი სრული ძალით, ჯერჯერობით, არ აამოქმედებს «ენერგეტიკულ მარწუხს» და «იტერასაც» არ მისცემს საშუალებას, მეტისმეტი მოითხოვოს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიზეზი «იტერას» პოზიციათა მოულოდნელი შერბილებისა ძველი ვალების აღიარებასთან: დაკავშირებით.
        წონასწორობა უახლოესი წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ დაირღვევა. თბილისში იმედი აქვთ, რომ მანამდე «შაჰდენიზის» პროექტი მოგვისწრებს. მოსკოვში ამ პერსპექტივას ითვალისწინებენ, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში დესტაბილიზაციის იმედი აქვთ. ქაოსურ პროცესებს თავადაც «წაეხმარებიან», - სპეცსამსახურთა მეშვოებით აკი კიდევაც ეხმარებიან.
        მეორე შემადგენელი არსებული ბალანსისა, აფხაზეთში სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, რაც ხელს აძლევთ, როგორც თბილისს, ასევე მოსკოვსა და ვაშინგტონს. ოფიციალურმა თბილისმა უკვე განაცხადა, რომ ვადას უგრძელებს «სამშვიდობო ძალებს» აფხაზეთში. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ეს განცხადება რუშაილოს ვიზიტს დაემთხვა.
        გარდა ამისა, გრძელდება მოლაპარაკება «ჩარჩო ხელშეკრულების» თაობაზე. ჯერჯერობით, აქ თითქოს ახალი ან განსაკუთრებით საგულისხმო არაფერია, მაგრამ თავისთავად ეს «ჩარჩო ხელშეკრულება» შეიძლება იქცეს საფუძვლად სტრატეგიული კომპრომისისთვის, რომლის უმთავრესი კატალიზატორი აფხაზეთის (უფრო კონკრეტულად, გალის რაიონის) პრობლემა იქნება, თუმცა, ეს მხოლოდ შესაძლებლობაა და პოლიტიკურ განზრახულობათა სფეროში არსებობს.
        მისი განხორციელება ბევრ საშინაო და საერთაშორისო ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ანუ კვლავ და კვლავ მივდივართ იმ აზრამდე, რომ დამდეგი შემოდგომა საქართველოსთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

დილის გაზეთი, 12 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე