რა ვართ საქართველო?

        დღეს დილით, საქართველოს პრეზიდენტი სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ხვდება. დღესვე იწყება ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. პირველად, 13 წლის განმავლობაში.
        4 დღის განმავლობაში, სპეციალურად მომზადებული ათიათასობით სპეციალისტი აღნუსხავს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ შემადგენლობას, ასაკს, კონფესიას და ასე შემდეგ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ჯერ ერთი, ნორმალურ სახელმწიფოს (სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის განურჩევლად), ელემენტარულად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის, აუცილებლად ესაჭიროება იმის ცოდნა, თუ რა შინაარსისა და თვისობრიობის სოციუმს ემსახურება.
        ხშირად აღწერებს ისეთი სახელმწიფოებიც ატარებდნენ, რომელთაც მოსახლეობა თავის საკუთრებად მიაჩნდათ (და არა პირიქით), მაგრამ ამით არსი არ იცვლება.
        გარდა ამისა, ეს 13 წელი საქართველოსთვის, გადაუჭარბებლად, საბედისწერო იყო. დღევანდელი საქართველო ისე განსხვავდება 1989 წლიოს (9 აპრილამდელ! - როცა აღწერა გაიმართა) საქართველოსგან, როგორც ცა და დედამიწა. თანაც საქმე მხოლოდ ის როდი გახლავთ, რომ ამჟამად საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამჟამად ბელორუსიც დამოუკიდებელი ქვეყანაა და უზბეკეთიც, მაგრამ «დამოუკიდებლობის» მიუხეადავად, ამ სოციუმებში ისეთი ტექტონიკური ძვრები არ მომხდარა, როგორც საქართველოში. ამგვარად, მიგრაციაც «ნორმალურია» და სოციალურ კატეგორიათა ურთიერთმიმართებაც.
        ჩვენს ქვეყანაში კი, 13 წლის განმავლობაში განვითარდა ორი ეთნოპოლიტიკური კორნფლიქტი, სამოქალაქო ომის ორი ტალღა, მთლიანად დაინგრა ეკონომიკა, განხორციელდა (1992-1994 წწ.) «შოკური თერაპიის» უკიდურესად რადიკალური ვარიანტი, მთლიანად შეიცვალა სოციალური სტრუქტურა (ყოფილი «სოციალისტური შრომის გმირები» - ბაზრობებზე ქამრებითა და საწერ-კალმით ვაჭრობენ). ასეულობით ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო, ძირფესვიანად შეიცვალა მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი სოფლად და ქალაქად და ასე შემდეგ.
        რასაკვირველია, აღწერის შედეგებს პოლიტიკური ჟღერადობაც ექნება. მტკნარი სისულელეა იმის თქმა, თითქოს ვინმე შეძლებს, «მიჩქმალოს» და «დამალოს» აღწერის შედეგები. ამას არც არავინ მოინდომებს, რადგან ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ ეს შეუძლებელია.
        ამრიგად, იანვრის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, როგორია მოსახლეობის ეთნიკური თუ კონფესიური შემადგენლობა. საბოლოო მონაცემებს კი სექტემბერში გამოაქვეყნებენ.
        აღწერა არ ტარდება აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში». ბუნებრივია, ეს ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული, მაგრამ ფიზიკურად რომც ყოფილიყო აღწერის შესაძლებლობა, სტატისტიკის დეპარტამენტმა უკვე განაცხადა, რომ მაინც არ «შევიდოდა» ამ ტერიტორიებზე. ეს უდავოდ მიზანშეწონილი და გონივრული პოზიციაა, ვინაიდან აღწერის შედეგები სეპარატისტებმა (ორივე რეგიონში), შეიძლება საკუთარ პოზიციათა განსამტკიცებლად გამოიყენონ.
        ყველაზე საინტერესო კი, ამ აღწერასთან დაკავშირებით ორი მომენტია: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა და მისი ეთნიკური შემადგენლობა. უკვე რამდენიმე წელია გვესმის, რომ «საქართველოდან მილიონნახევარი ადამიანი გაემგზავრა», ქართველები ნახევარზე ნაკლები დავრჩით და ასე შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, გადაჭარბებაა. თუმცა, ასეულობით ათასი ადამიანი საქართველოდან მართლაც გაემგზავრა, როგორც სამუდამოდ, ასევე დროებით, მაგრამ საინტერესოა ემიგრირებულთა სტრუქტურა - რამდენი გაეამგზავრა რუსეთში და რამდენი სხვა ქვეყანაში. ზოგიერთი ცნობით, არც ისეა საქმე, როგორც ხატავენ.
        რაც შეეხება ეთნიკურ შემადგენლობას, 1989 წლის აღწერით, ქართველები 70 პროცენტს აღწევდნენ. იმ დროს, ეთნიკურ ქართველთა საერთო რიცხვმა 4 მილიონი შეადგინა.

დილის გაზეთი 17 იანვარი, 2002 წელი

მთელ გვერდზე