რა სიკეთეს გვიქადის დნესტრისპირელი გენერალი?

        გუშინ, თბილისიდან სოხუმში გაემგზავრა რუსული გენშტაბის ერთ-ერთი ელიტარული გენერალი ვალერი ვენევიჩი, რომელიც ჯერ კიდევ ორშაბათ საღამოს ეწვია საქართველოს დედაქალაქს.
        შესაძლოა, მკითხველთა უმეტესობას ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნება, მაგრამ სინამდვილეში გენერალ-პოლკოვნიკი ევნევიჩი ძალზე «ნიშანდობლივი» ფიგურაა. სპეციალისტებმა იციან, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლად დანიშვნამდე, გენერალი ევნევიჩი მეთაურობდა რუსეთის მე-40 არმიას, რომელიც დნესტრისპირეთშია დისლოცირებული. ამ პოსტზე ვალერი ევნევიჩმა «დერჟიმორდა» გენერალი ლებედი შეცვალა, როდესაც ამ უკანასკნელმა «დიდ პოლიტიკაში» გადასვლა გადაწყვიტა.
        რა ფუნქციას ასრულებდა მე-40 არმია მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში, რა როლი შეასრულა მან 1992-1993 წლების მოვლენათა დროს, როდესაც რუსეთმა დნესტრისპირეთი წაგლიჯა მოლდოვას, არასპეციალისტებმაც იციან. იმ დროს ევნევიჩი ალექსანდრე ლებედის მოადგილე იყო, ამჟამად კი პრეზიდენტმა პუტინმა სწორედ მას დაავალა დსთ-ის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალთა «სამშვიდობო ოპერაციების» ხელმძღვანელობა. ზემოთქმულიოს გათვალისწინებით, მწარე ღიმილის მომგვრელია ვალერი ევნევიჩის განცხადებები (თავდაცვის მინისტრ თევზაძესთან და სახმელეთო ჯარების სარდალ იმნაძესთან შეხვედრისას), რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსიტყვოდ შეასრულებენ სტამბოლის შეთანხმებებს გუდაუთის სამხედრო ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით.
        რამდენად «ერთგულია» ევნევიჩი სტამბოლის სამიტის შეთანხმებისა, ნათლად ჩანს იმავე დნესტრისპირეთის ბაზის მაგალითზე. სწორედ ევნევიჩი ეწინააღმდეგება მე-40 არმიის გამოყვანას მოლდოვადან და შეიარაღების უტილიზაციას (ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და ფლანგური შეზღუდვების თაობაზე) საერთო ევროპული ხელშეკრულების შესაბამისად. ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ აფხაზეთთან (გუდაუთასთან) დაკავშირებით იგი სხვა პოზიციას დაიკავებს?
        ამჟამად, რუსეთი დსთ-ის ტერიტორიაზე სამ სამშვიდობო ოპერაციას ახორციელებს. მათგან ორს _ საქართველოში («სამხრეთ ოსეთსა» და აფხაზეთში) და ერთს – ტაჯიკეთში. ევნევიჩის ვიზიტი ადასტურებს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთმა დახურა ბაზები ვიეტნამსა და კუბაში, რუსული გენერალიტეტი ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციას იწყებს სწორედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე.
        ელემენტარულ ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული აქვს 4 სამხედრო ბაზა: ახალქალაქში, ბათუმში, ენგურის აუზსა და ლიახვის აუზებში. თანაც, თუ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებს კიდევ არეგულირებს, გარკვეულწილად, საერთაშორისო სამართალი (იგივე საერთო ევროპული ხელშეკრულების მეშვეობით), სამურზაყანოსა და ცხინვალში დისლოცირებული კონტინგენტი სულ სხვა სამართლებრივ (მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივ) სივრცეში მოქმედებს, რაკი მათი ყოფნა ამ რეგიონებში რეალურად უკავშირდება კონფლიქტურ ვითარებას.
        მეორე მხრივ, გალის რაიონშიც და ცხინვალშიც რუსული კონტინგენტი მოქმედებს «სამხედრო ბაზის» ფუნქციონირების რეჟიმში: ახორციელებს რეგიონის სამხედრო სტრატეგიულ დაზვერვას, გრუ-ს სტრუქტურათა მეშვეობით მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობაში და ასე შემდეგ.
        გენერალი ევნევიჩი ამჟამად უშუალოდ უხელმძღვანელებს ამ პროცესებს. მაშასადამე, საქმეს საბოლოოდ კიდებს ხელს რუსეთის უძლიერესი სამხედრო დაზვერვა (გრუ), რომელიც «კგბ» - ზე ბევრად უფრო ძლიერი და კონსოლიდირებულიო აღმოჩნდა. გენერალ-პოლკოვნიკ ევნევიჩს, როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, გრუ უშუალოდ ექვემდებარება. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა «სამშვიდობო ოპერაციებს» ახორციელებს რუსეთი საქართველოში.
        სოხუმში ჩასვლის ოფიციალური მიზანია, «მოისმინოს» აფხაზეთის ხელმძღდვანელობის აზრი რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ევნევიჩი ჯერგენია-შამბებთან ერთად კარგად იქეიფებს ხრუშჩოვის აგარაკზე ახალ ათონში, შემდეგ კი იტყვის: სოხუმის თანხმობის გარეშე მანდატს ვერ შევცვლითო.

დილის გაზეთი, 14 თებერვალი, 2002 წელი

მთელ გვერდზე