რას ვახვედრებთ სავალუტო ფონდს?

    გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ერთდროულად ორი კვანძი ინასკვება – ორივე ერთმანეთზე რთული. თანაც, კვანძის გახსნა უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს, ვინაიდან პრეზიდენტი მათ შემდგომ გართულებასა და «აბურდვას» არ დაუშვებს.

      უპირველეს ყოვლისა, გარდაუვალია ვითარების გამწვავება საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის, რომლის მისია უახლოეს მომავალში უნდა ეწვიოს თბილისს. შარშან მისიამ მთავრობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, მათ შორის სტრუქტურული რეფორმების შესახებ ზოგიერთ სფეროში, მაგალითდა, ენ ერგეტიკაში. იგულისხმებოდა რეგიონული ენერგეტიკული კომპანიების შექმნა, მათი გამსხვილება და შემდგომ განსახელმწიფოებრიობა.
        ისევე, როგორც დისპეტჩერიზაციისა და ელექტროგადაცემის, მაგრამ ორივე ეს სტრუქტურული რეფორმა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ რისკთან არის დაკავშირებული.
        პირველ შემთხვევაში რეგიონული ხელისუფლება (გუბერნატორები) კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ენერგოსისტემათა გამსხვილებასა და შედმგომ მათ გასხვისებას, ვინაიდან ამით თავიანთ რეგიონებში ვითარებაზე ზემოქმედების ძალზე სერიოზული ბერკეტი ეცლებათ ხელიდან. მეორე მხრივ, ქვეყნის მაშსტაბით ყველა ენერგეტიკული სისტემის «ხელიდან გაშვება» სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდ რისკთანაა დაკავშირებული – მით უმეტეს, საქართველოს «თავისუბერბათა» გათვალისწინებით.
        მაგრამ ეს საკითხი სავალუტო ფონდის მისიამ იმდენად პრინციპულად დასვა, რომ არ არის გამორიცხული, ამ მიზეზით ფონდმა პროგრამის აღდგენაზე უარი გვითხრას, რაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე კატასტროფა იქნებოდა, ვინაიდან საქართველო არა მხოლდ მორიგ კრედიტს ვერ მიიღებს მსოფლიო ბანკიდან, არამედ ჩაიშლება პარიზის კლუბთან მიღწეული შეთანხმება ვალების რესტრუქტურიზაციის
        შესახებ.
        შესაძლოა, კრედიტორებმა ერთდროულად მოითხოვონ ვალების სრული ოდენობით დაბრუნება და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სიხარულით გააკეთებს ამას რუსეთი, რომელისაც სულ 150 მილიონი დოლარი (საქართველოს ბიუჯეტის მესამედი) გვმართებს. მაშასადამე, მისიის ვიზიტი პოლიტიკრუი მოვლენაც იქნება.
        სწორედ აქედან გამომდინარეობს «მეორე კვანძი», რომელიც თვისებრივად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ბევრის მომასწავებელია: მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ავთანდილ ჯორბენაძემ არამხოლოდ «ტაქტიკური» შენიშვნა მისცა თემურ ბასილიას. მისი განცხადება სტრატეგიული ხასიათისა იყო: მან თემურ ბასილიას აგრძნობინა, რომ უკანასკნელი 7 წლის განმალვობაში (1995 წლიდან – როდესაც ბასილია პრეზიდენტის პირველ თანაშემწედ დაინიშნა ეკონომიკური რეფორმების სფეროში) გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ სრულყოფილი შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია პოლიტიკის კორექტირება ან სულაც შეცვლა.
        ეს შემთხვევითი განცხადება არ არის – რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტი შეხვდა მეწარმეებს და დაეთანხმა ახალი საგადასახადო კოდექსის იდეას, რომლის ფილოსოფია ამჟამინდელი ეკონომიკურრი პოლიტიკის ძალზე სერიოზულ კორექტირებას გულისხმობს – გათვალისწინებულია «ადგილობრივი მწარმოებლის» დაცვა, ანუ პროტექციონიზმის ელემენტების შემოტანა.
        ნიშანდობლივია, რომ მეწარმეები სიახლეს, ძირითადად, ავთანდილ ჯორბენაძის სახელს უკავშირებენ _ ისინი დარწმუნებულნი არიან, ახალი სახელმწიფო მინისტრი შეძლებს პრეზიდენტის დათანხმებას, რათა მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება.
        რა თქმა უნდა, არანაირ «შეღავათიან კრედიტებზე» და «საინვესტიციო ემისიაზე» საუბარი არ არის, მაგრამ პროტექციონიზმის ელემენტების შემოტანაც უკვე სერიოზული კორექტივია.
        ბუნებრივია, თემურ ბასილია ადრინდელ, მკაცრ მონეტარულ კურსთან ასოცირდება. უფრო მეტადაც კი, ვიდრე ზურაბ ნოღაიდელი. აქედან გამომდინარე, გუშინ დაწყებული ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი კვლავაც გაგრძელდება და გაღრმავდება.

დილის გაზეთი, 18 აპრილი, 2002 წელი

მთელ გვერდზე