რა მოხდა კოდორში
        ფაქტი, მოვლენა, კომენტარი

        არ წყდება დაძაბულობა კოდორის ხეობის გარშემო. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებით სავსეა ქართული და რუსული მედია. შესაბამისი ცნობები ვრცელდება მსოფლიო მედიაშიც. გაეროს უშიშროების საბჭოში რამდენიმე არაოფიციალური და ერთი «ნახევრადოფიციალური» სხდომა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი კვლავ პირადად ეწვია «ომის კერას». საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში იყო მოყვანილი. გენერალმა თევზაძემ უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, რაც, ფაქტობრივად, რუსეთთან ომს ნიშნავდა, ვინაიდან კოდორში დესანტირებული სალდაფონებისთვის ცეცხლის გახსნას რუსული ავიაციის სრული ძალით ამოქმედება მოჰყვებოდა.
        საბედნიეროდ, ვითარება განიმუხტა, რუსეთმა თითქოს უკან დაიხია, ხოლო ქართველ საზოგადოებაში ლამის «გამარჯვების» ეიფორია სუფევს, რაც დროდადრო ირღვევა შიშნარევი მოსაზრებით – ვაითუ, რუსებმა იმით დაგვსაჯონ, რომ აფსუებს კოდორის აღებაში დაეხმარონო.
        რასაკვირველია, ეს არ არის გამორიცხული. ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს, თუმცა, მთავარი უფრო სხვა რამ გახლავთ: 12-13 აპრილს რუსეთმა განახორციელა ბრწყინვალედ ორგანიზებული და ზუსტად გათვლილი სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლის ჩაშლა, ან ყოველ შემთხვევაში, მათი რაოდენობისა და ფუნქციების შემცირება – დახმარების დაყვანა წმინდად სიმბოლურ აქციამდე.
        უნდა ვაღიაროთ: პროვოკაციამ მიზანს მიაღწია. მიაქციეთ ყურადღება: ინციდენტის «ამოწურვიდან» რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა: «ზოგიერთები გვსაყვედურობენ, თითქოს აჟარასთან დესანტის გადასხმისას ყველა შესაძლო შედეგი არ გავთვალეთ. სინამდვილეში, მოვლენები ზუსტად გათვლადი სცენარით ვითარდებოდა».
        მართლაც ძნელი გასათვლელი არ იყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები კოდორის ხეობაში (აჟარასთან) დესანტის გადმოსხმის შემდეგ: პარლამენტში დაიწყებოდა ისტერიკა, თბილისში გაიმართებოდა მიტინგები, შეიქმნებოდა შესაბამისი ფონი და შევარდნაძეც იძულებული იქნებოდა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დაეკავებინა.
        ამ ემოციურ ფონზე გამორიცხული სულაც არ იყო, საქმე სამხედრო შეტაკებამდე მისულიყო, რისთვისაც რუსები, ყველა თვალსაზრისით, მზად იყვნენ. მაგრამ, «უსისხლოდ» ვითარების განმუხტვის შემთხვევაშიც, მოსკოვმა მიაღწია მთავარს: ნათლად უჩვენა ამერიკელებს, რომ ისინი აპირებენ სამხედრო მისიით «ჩავიდნენ» იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის, რუსეთთან ომის ალბათობა. არ მოხდა 13 აპრილს, შეიძლება მოხდეს ერთი თვის, ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ.
        მერედა, უნდათ ეს ამერიკელებს? უნდათ მათ ომი რუსეთთან? დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანაში ამერიკა და რუსეთი უშუალოდ (თუ არ ჩავთვლით სპეცსამსახურებს), სამხედრო თვალსაზრისით, არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ნუთუ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ამერიკელები სამხედრო ქვედანაყოფებს გამოაგზავნიან ისეთ ქვეყანაში, სადაც ხვალ შეიძლება რუსეთს ტყვია ესროლონ?! ამით ხომ ამერიკა ძალაუნებურად იქცევა ერთ-ერთ მხარედ? არათუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თვით კასპიის ნავთობისთვისაც რუსეთთან ომში ამერიკა არ ჩაერევა. სხვა საქმეა, რომ განცხადებებს გააკეთებს, პოლიტიკურად დაგმობს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კონფრონტაციის სხვა ხარისხია, ვიდრე უშუალოდ «ომის კურსში» ჩართვა.
        კოდორის ბრწყინვალედ განხორციელებული პროვოკაციით კი რუსეთმა ამერიკას დაუმტკიცა, რომ ისინი აპირებენ ჩავიდნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც არსებობს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის (ომის!) ფონი! აქვე შევნიშანვთ, რომ ამგვარი ფონი არ არსებობს არც ყირგიზეთში და არც უზბეკეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები არც იქ ჩავიდოდნენ.
        ამდენად, გაცილებით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, საქართველო 12 აპრილს სხვაგვარად მოქცეულიყო. ბოლოს და ბოლოს, აჟარასთან გადმოსხმული დესანტი არავითარ საფრთხეს ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას არ შეუქმნიდა. სხვა საქმეა, რომ იგი კოდორიდან აფხაზეთის სიღრმეში შეტევის საშუალებას არ მოგვცემდა. მაგრამ, სამაგიეროდ, არც აფსუა სეპარატისტებს მისცემდა არტილერიით აჟარისა და სხვა სოფლების დაბომბვის საშუალებას, რაკი რუსი, ეგრეთ წოდებული «მშვიდობისმყოფელების» პოსტი ასეთ შემთხვევაში ცეცხლის არეში მოექცეოდა. ამგვარ ვითარებაში ყველაზე ჭკვიანური პოლიტიკური რეაქცია იქნებოდა არა წიოკის ატეხა, არამედ პირიქით, - კოდორში არსებული სტაბილური სიტუაციის დაფიქსირება.
        მაგრამ საქართველოში ხომ გონიერებას ემოციურობა სჯაბნის, 1988 წლიდან დაწყებული, ამ ქვეყანაში პროცესებს ემოცია მართავს. პოლიტიკას რომ ემოცია გაერევა, ის უკვე დემაგოგიაა. შემდეგ გაქნილმა და ჭკვიანმა მტერმა კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) ისარგებლა ჩვენი ამ ემოციურობით და ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია. არა მგონია, პენტაგონში დიდი აღფრთოვანებით გაცნობოდნენ განცხადებებს «რუსეთთან ომის დაწყების შესახებ» და «რუსეთის საწინააღმდეგო საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად» საომარ ყიჟინას სცემდნენ.
        ყველაზე საბრალო ამ ვითარებაში პრეზიდენტია, რომელსაც ეს ყოველივე შესანიშნავად ესმის, მაგრამ მასის (მოსახლეობის) ემოციის წინააღმდეგ ისიც უძლურია: აბა, როგორ გაბედავდა ამ გნიასში ეთქვა, ჩენივე ემოციურობით თავად ვშლით ამერიკელებთან თანამშრომლობის პროგრამასო? ის მაინც მოახერხა (კოდორში პირადად ჩასვლით), საქმე მართლა ომამდე არ მისულიყო.
        ვისხდეთ ახლა სუფრასთან, «ვიამაყოთ» რუსეთის დამარცხებით» და ველოდოთ, როდის ჩამოვლენ ამერიკელი «მწვანე ბერეტები» რუსეთთან ომში ჩასაბმელად. თითქოსდა, რუსეთთან თუ ომი უნდათ, სხვა რეგიონს ვეღარ მოძებნიან.
        გაუგებარია, როდემდე უნდა მართავდეს ამ ჩვენს გაუბედურებულ ქვეყანას მასების ემოცია?

დილის გაზეთი, 22 აპრილი, 2002 წელი

მთელ გვერდზე