რა ელის ბათუმურ ბლოკს?

        მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ მორიგი მწვავე განცხადება გააკეთა აჭარის ავტონომიის ხელისუფალთა მიმართ, რომლებიც კვლავინდებურად უარს აცხადებენ გადმორიცხონ თბილისში ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.
        ურთიერთობის გართულება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ასლან აბაშიძის საბოლოო უარმა, ჩამოსულიყო თბილისში და დედაქალაქში გაემართა მოლაპარაკება აფხაზეთის თაობაზე.
        გარდა ამისა, არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი გახდა ჩოლოქთან დაკავებული სატვირთო მანქანები. ამ მეთოდით «ცენტრი» ცდილობს, გადააჩვიოს მძღოლები ბათუმის პორტით სარგებლობას _ რაკი აჭარის ავტონომია თბილისში არ რიცხავს მოგებულ საბაჟო გადასახადს.
        ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი კი აცხადებს, რომ ყვველაფერთან ერთად, ავტონომიის მთავრობა ხელოვნურად ამცირებს საბაჟო გადასახადს, რათა ტვირთები ავტონომიის მიმართულებით მოიზიდოს. ეს გარემოება უკვე შიდა ბაზრის სტრუქტურაზეც ახდენს ზეგავლენას, ანუ აქ ცენტრალური ხელისუფლების მოკავშირეა მსხვილი ბიზნესი, რომელსაც სულაც არ ეპიტნავება ბაზრის დანგრევა და ერთდროულად ორ ჩინოსნურ «ცენტრთან» ურთიერთობა.
        ორივეგან ხომ ჭამა უნდათ? ამ მხრივ, ბათუმი დიდად არ განსხვავდება თბილისისაგან. თუმცა, ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი მაფიოზური კლანების ინტერესებს არ ითვალისწინებს და საკმაოდ მტკიცედ მოქმედებს, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი ტაქტიკაა. ყოველ შემთხვევაში, გაუთავებელმა კომპრომისებმა თუ წაყრუებამ შედეგი არ გამოიღო. მეორე მხრივ, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირნათლად რიცხავენ თანხას ცენტრალურ ანგარიშზე, ხოლო თბილისელ ჩინოსანთა საწინააღმდეგო განცხადებები უმართებულო ინსინუაციაა. ეს ვითარება უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და, ცოტა არ იყოს, აბსურდულ ელფერს იძენს. ხომ არ შეიძლება ორივე მხარე მართალი იყოს? არადა, აქ პრობლემა ამოსავლა დებულებაშია.
        საქმე ის არის, რომ აჭარის ხელისუფლება კი რიცხავს თანხას ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე, მაგრამ ეს ანგარიში ავტონომიის ხელისუფლებამ თვით ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკში გახსნა, ანუ ფული რეალურად თბილისში არ მოდის და ცენტრალური ხელისუფლება ამ სახსრებიდან ერთ ლარსაც ვერ დახარჯავს, ვთქვათ, კახეთში პენსიების გასაცემად, ან ბორჯომში მასწავლებელთა ხელფასით დასაკმაყოფილებლად.
        სანაცვლოდ, სახსრები იხარჯება თვით აჭარაში მასწავლებლებისა და პენსიონერების თანხის გასაცემად, რაც ისედაც უნდა გადმოერიცხა ცენტრს (უკან) ბათუმში. მაგრამ ავტონომიის ხელისუფალთ ეეჭვებათ, რომ ცენტრალური ხელისუფლება შეეცდება, ეს თანხა თანაბრად გადაანაწილოს რეგიონებზე და, უპირველესად, აჭარის ავტონომიის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. შედეგად, აჭარაშიც დაახლოებით ისეთივე ვითარება შეიქმნება (ხელფასებისა და პენსიის თვალსაზრისით), როგორიც დანარჩენ საქართველოში. ბუნებრივია, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ცენტირალური ხელისუფლება ამგვარ ვითარებას არ მოითმენს. ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, ნებისმიერი ავტონომია (თუ საშუალება ექნება) შეეცდება, არ გადარიცხოს თანხა ცენტრში და, უპირველესად, საკუთარი მოსახლეობა დააკმაყოფილოს, თუმცა, ეს, ბუნებრივია, არ არის ნორმალური ვითარება. ნორმალურ სახელმწიფოში, ცენტრალური ბიუჯეტის თანხას ცენტრი ანაწილებს, პრიორიტეტების შესაბამისად.
        ეს დაპირისპირება ინტერესთა უფრო ღრმა კონფლიქტს უკავშირდება – ბოლო დროს ასლან აბაშიძემ რამდენიმე უმძიმესი შეცდომა დაუშვა (მათ შორის, აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნის საჯარო მოთხოვნა, თუნდაც გალში ლტოლვილთა დაბრუნების ყოველგვარი გარანტიის გარეშე), რის შედეგადაც «აღორძინების ბლოკი» შესამჩნევად დასუსტდა, ვინაიდან, ამ ბლოკის ბევრი წევრი, თუ ლიდერი ასეთ ცალმხრივ დათმობებს არ ეთანხმება, თუმცა, ამის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს.
        უკვე გადაწყვეტილია, რომ «ტრადიციონალისტები» 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში «აღორძინების» სახით აღარ მიიღებენ მონაწილეობას. საკმოად საეჭვო «მანევრებს» ახორციელებს ვახტანგ რჩეულიშვილიც _ იგი აშკარად ცდილობს, დაუახლოვდეს სახელისუფლებო აქციებს და პირადად პრეზიდენტს.
        მაშასადამე, არ არის გამორიცხული, 2003 წლის არჩევნებში «აღორძინება XXI საუკუნემ» მიიღოს მონაწილეობა, რაც (სხვა მომენტების გათვალისწინებით) ნამდვილად არ უქადის აბაშიძის პარტიას ბრწყინვალე შედეგს. ედუარდ შევარდნაძემ უბრალოდ იგრძნო, რომ «აღორძინების» ბლოკი შინაგანად დასუსტდა, მყიფე და მსხვრევადი გახდა – გუშინდელი განცხადებაც ამის შედეგია.

დილის გაზეთი, 17 ოქტომბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე