პროტესტული ელექტორატი მემარჯვენეებისთვის არასაკმარისი იქნება 7-პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად

        გუშინდელმა «ინტერ-პარტიულმა» შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკური წრეები ერთგვარად შეშფოთებულნი არიან თავიანთი მომავალი პერსპექტივით – არა მხოლოდ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ყბადაღებული «პოსტშევარდნაძისტული პერიოდის» მოახლოების გამო.

        ამ პოლიტწრეებში ზოგიერთს ჭკუა საერთოდ არ მოეკითხება, მაგრამ ეს ყველაზე არ ითქმის. მაგალითდა, ზურაბ ჟვანიას და ირინა სარიშვილს (ამ თაობის ორ სერიოზულ პოლიტიკოსს) შესანიშნავად ესმით, რომ გონიერად დაწყობილი სტრატეგია, უბრალოდ, აუცილებელია მათი პოლიტიკური თაობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, «შევარდნაძის ეპოქის» დასასრული შეიძლება მთლიანად იმ გენერაციის მოღვაწეობის დასასრულადაც იქცეს, რომელიც 1988 წლის ნოემბრის დაუვიწყარ მოვლენათა შემდეგ (და შედეგად) გამოვიდა ასპარეზზე, ხოლო 2005 წელს ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი მოევლინოს, რომელთანაც მათი გენერაციის არც ერთ წარმომადგენელს საერთოდ არ მიესვლება – განსხვავებით ედუარდ შევარდნაძისგან.
        ამითაც აიხსნება პრეზიდენტ შევარდნაძესთან ზურაბ ჟვანიას შეხვედრა, რომელიც შაბათს გაიმართა. «გაერთიანებულ დემოკრატთა» ლიდერი გამონაკლისი ნამდვილად არ არის. სხვებიც ხვდებიან, მაგრამ «განსაკუთრებულ» ვითარებასა და კონსპირაციის მოთხოვნათა დაცვით.
        პარალელურად ვითარდება ძალიან საინტერესო პროცესები თვით ხსენებული პოლიტიკური გენერაციის შიგნით. გუშინ მათ გააფორმეს ხელშეკრულება «ეთიკის ნორმების» შესახებ. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოლიტიკური ალიანსის (მით უმეტეს, საარჩევნო ბლოკის) შექმნას, მაგრამ მართლაც ერთგვარი «თავდაუსხმლეობის» პაქტია, რომელიც სამომავლო განზრახულობათა ასპარეზს ქმნის.
        სხვათა შორის, უაღრესად ნიშანდობლივი იყო «მრეწველთა» უარი – მონაწილეობა მიეღოთ პოლიტელიტის ამ თაობის შეკრებაში. გოგი თოფაძე და მთლიანად «მრეწველები» თვისებრივად განსხვავებულ პოლიტიკურ ტიპაჟს ქმნიან. ისინი სხვა პოლიტიკურ და სოციალურ გენერაციას წარმოადგენენ.
        გოგი თოფაძემ გუშინვე მიიღო მონაწილეობა იმ «სამთარვობო შეკრებაში», რომლის დედააზრი «გაერთიანებული დემოკრატებისა» და მთლიანად «დემარშისტების» უმთავრესი პოლიტიკური მესიჯის (მინიმალური ხელფასის ზრდის) უარყოფაში მდგომაროებდა. მინიმალური ხელფასის ზრდა მარტო სახელმწიფო-საბიუჯეტო სფეროში (კერძო სექტორში ძველი ნიხრების დატოვებით) უამრავ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. სამართლიანობა მოითხოვს, აქვე ითქვას, რომ «გაერთიანებული დემოკრატების» წინადადება გულისხმობს არა მექანიკურად ფულის მოჭრას (ესე იგი ფულადი ინფლაციის პროვოცირებას), არამედ საგადასახადო შემოსავლების ზრდას ადმინისტრირების გაუმჯობესებით და მტკივნეული, ძალზე არაპოპულარული სარისკო ნაბიჯების გადადგმით. ასეა თუ ისე, ზურაბ ჟვანიამ ძალიან ზუსტად მიაგნო იმ ძირითად მესიჯს, რაც მას საშუალებას აძლევს მიაღწიოს პოლიტიკური თაობის კონსოლიდაციას მცირეოდენი, თუმცა, მნიშვნელოვანი გამონაკლისით.
        სწორედ ამ გამონაკლისის გარშემო შეიკრა გუშინ ძირითადი ინტრიგა. უკვე სავსებით ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი იწყებს ძალიან დიდ თამაშს, რომლის წესების დამკივდრებასაც თავადვე ცდილობს. ისინი გულისხზმობენ პოლიტიკური ელიტისგან გამიჯვნას, რაც უდავოდ აძლიერებს ლიდერის ქარიზმას, მაგრამ საქართველოს პირობებში უაღრესად სარისკოა, ვინაიდან პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებრივი ელიტის (ისტებლიშმენტის) ინტერესთა ოპოზიციურად თანხვედრის შემთხვევაში, ერთობლივი ძალის დეტონაცია დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამან გაანადგურა ზვიად გამსახურდიას ქარიზმა და შემდეგ თვით მისირეჟიმი. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი არც პირველ ინტერპარტიულ შეკრებაზე გამოჩნდა (ედპ-ის შტაბ-ბინაში - «მხედრიონელთა შეწყალების გამო) და არც «ეთიკის კოდექსის» ხელმოწერაზე.
        კოტე კემულარიამ აშკარად პ არტიის ლიდერის აზრი გააჟღერა, როდესაც «გაერთიანებულ დემოკრატებს» შეუთანხმებელ მოქმედებებში დასდო ბრალი. ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ვითარება შესაბამისად იძაბება და სავსებით ობიექტური, მიუკერძოებელი ანალიზი ცხადყოფს ამის მიზეზი არ არის პიროვნული ამბიცია (ყოველ შემთხვევაში, «გაერთიანებულ დემოკრატთა ლიდერის მხრიდან), არამედ სულ სხვა გარემოება: ზურაბ ჟვანიას (მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით) შესანიშნავად ესმის, რომ პროტესტული ელექტორატის რესურსი მემარჯვენე პარტიისთვის არასაკმარისია 7-პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად, ხოლო 1988 წლის გენერაციის ძალებმა მომავალ არჩევნებში შეიძლება ერთმანეთს წააგლიჯონ ხმები.
        შედეგად, ახალ პარლამენტს სულ სხვა სოციალურ-პოლიტიკური გენერაცია დააკომპლექტებს, ანუ ქვეყანა მიიღებს უხელისუფლებო ქარიზმატულ ფიგურას პარლამენტსა და პარამენტს გარეთ პოლიტიკური დასაყრდენის გარეშე, რაც ხელისუფლებათა გაყოფის ამჟამინდელ მოდელში ნიშნავს მხოლდ ერთს, 2003 წლის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ხსენებულ პოლიტიკურ თაობას 2005 წლისთვის არანაირი შანსი აღარ ექნება.

დილის გაზეთი, 24 დეკემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე