პანკისში «მთავარი პრიზი» მძევლების გათავისუფლება იქნება

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მოულოდნელად გამოუტყდა საზოგადოებას, რომ ყველაფერი, რაც ყბადაღებულ პანკისის ხეობაში დღემდე ხდებოდა, მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო იყო, ხოლო ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მხოლოდ ახლა იწყება.

        როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი ინციდენტი გამოდგა ისა მურადოვის «ჯადოსნური» გაქცევა საავადმყოფოდან და რაიონული პოლიციის უფროსის, ავთანდილ თურქიაშვილის დაპატიმრება. ზოგი ჭირი მარგებელიაო და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა საქართველოს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი სოფელ წინუბანში, რომელიც მანამდე ვაჰაბიტების საუფლოდ მიიჩნეოდა. ამ სოფლის ერთ-ერთი სახლიდან ამოღებულია ისლამისტური ლიტერატურა, იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, კარვები და სამხედრო სამოსი. ეს ფაქტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ძებნილის დაკავება წინა დღეებში. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, გაწმინდოს პანკისის ხეობის ყველა სოფელი შეიარაღებული ჩეჩნებისაგან.
        ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში უკვე დიდი ხანია იმყოფებიან რუსეთის სპეცსამსახურთა თანამშრომლები, თანაც არა უბრალოდ «აგენტები», არამედ სწორედ შტატიანი თანამშრომლები. ბევრისთვის საქართველოში ეს სიახლე არ ყოფილა – ადრეც ვრცელდებოდა «ყრუ» ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურთა შეთანხმებით, რუსული ფსბ-ს თანამშრომლები ხეობაში ნახევრად ლეგალურად დასახლდნენ. ისინი პროცესებში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ, მოსკოვის ინფორმაციით, მუდმივი წყარო ჰქონდათ. თბილისში უეჭველად ეგონათ, რომ რუსი კოლეგები ამას «დაუფასებდნენ». როგორ «დაგვიფასეს» ეს სიკეთე, ბოლო დღეებში კარგად გამოჩნდა.
        რუსებს ჩვეულებრივი «აგენტურაც» ბლომად ეყოლებოდათ ხეობაში, როგორც ადგილობრივ ქისტებს, ასევე ქართველ, აგრეთ წოდებულ, «ძალოვანებსა» და ჩეჩენ «ბოევიკებს» შორის. საქართველოს სპეცსამსახურმა რუსი კოლეგების ოფიციალურად ხეობაში «შეშვებით» თითქოს კეთილი ნება გამოხატეს, ოღონდ იგი არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რათა დაძაბულობის ესკალაცია არ მომხდარიყო.
        პანკისში ქართველი ძალოვნების ოპერაციის გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო.
        ბრიტანელი ბანკირის – პიტერ შოუსა და ქართველი მღვდლის – ბასილ მაჩიტაძის გათავისუფლება ოპერაციის «მთავარი პრიზი» იქნება.
        «აქტიური ფაზის» მიმდინარეობისას, უახლოეს დღეებში შინაგანი ჯარები პანკისის ხეობაში ტყეების ჩხრეკას დაიწყებენ. უეჭველია, რომ პიტერ შოუ სადღაც იქ უნდა ჰყავდეთ გადამალული, იმ მიტოვებულ ქოხებში, ორმლებიც იქ მრავლადაა. ამჟამად, ხეობაში არსებული ძალებით, სავსებით შესაძლებელია მძევალთა მიგნება და სპეცოპერაციის ჩატარება გამტაცებელთა ლიკვიდაციისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, «პანკისის თემა» დღის წესრიგიდან უახლოეს ხანებში მოიხსნება, მაგრამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში თავის ნეგატიურ კვალს მაინც დატოვებს.

დილის გაზეთი, 17 სექტემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე