მოსკოვურ ფრონტზე ცვლილებები არ არის

        პარლამენტიდან მიღებული ცნობით, 20-22 იანვრისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვშია მიწვეული თავის რუს კოლეგებთან მოლაპარაკების გასამართად. ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული ვიზიტის (აგრეთვე, თვით მოლაპარაკების) ფორმატი და შინაარსი. ასი პროცენტით არც ის არის გადაწყვეტილი, საერთოდ გაემგზავრება თუ არა ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქში, თუმცა, თვით ვიზიტის თემის წამოჭრა ერთობ დროული და ლოგიკური მოვლენაა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობა დროებით კი ჩაცხრა, მაგრამ შეიძლება «პატარა ნაპერწკლისგანაც» კი იფეთქოს უკვე ზამთარში.
        აქვე უნდა ითქვას, რომ «პარლამენტართა დონეზე» დიალოგის განახლება საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებული ტექნოლოგიაა, როდესაც არც ერთ მხარეს არ სურს (ვგულისხმობთ აღმასრულებელ ხელისუფლებას), პირველმა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. თუმცა, ნინო ბურჯანაძეს ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა უკვე უწოდა «მგზნებარე რუსოფობი», რაც, რასაკვირველია, მტკნარი სისულელეა _ ნინო ბურჯანაძე არც რუსოფობია და არც ქსენოფობია საერთოდ.
        რაც შეეხება მოლაპარაკებებს მოსკოვში, ქართული მხარე უეჭველად შეეცდება «წამოჭრას» (თუნდაც საპარლამენტო დელეგაციის მოლაპარაკებების დონეზე) სოჭი-სოხუმი-ოჩამჩირეს მატარებლის მოძრაობის საკითხი. მიუხედავად ადრე გაჟღერებული განცხადებებისა, ამ მატარებლის მოძრაობის აკრძალვას არავინ აპირებს. უახლოეს მომავალში იგი რეგულარულ სახეს მიიღებს, ანუ სეპარატისტებს სოჭამდე ჩასვლა 30 რუბლად (1 დოლარად) შეეძლებათ. ეს ძალიან სერიზული სტიმული იქნება «დამოუკიდებელი აფხაზეთის» ეკონომიკის განვითარებისათვის _ თუ დღემდე ციტრუსები (მიაქციეთ ყურადღება, ყოველივე სწორედ «მანდარინის სეზონზე» კეთდება) ხელბარგით გადაჰქონდათ, ამიერიდან ამის საჭიროება აღარ იარსებებს.
        განუზომლად უფრო დიდია ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთში მცხოვრებთაგან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო ყველამ, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. მაშასადამე, თუ ჯერ 100 პროცენტი არ არის _ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცებს, ქალებს, სოფლის მცხოვრებლებს, შესაძლოა, ასეთი სურვილი და აუცილებლობა არც ჰქონდეთ.
        თბილისის ოფიციალურ პროტესტებს მოსკოვი, ფაქტობრივად, არ პასუხობს. უფრო სწორად, ანონიმ «რუს დიპლომატთა» განცხადებებში (სხვადასხვა ნახევრად სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუებში) იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რამდენად კანონიერია რუსეთის მოქმედება ან რამდენად შეესაბამება იგი საერთაშორისო სამართალს, არამედ საქართველოს «მზაკვრულ სურვილზე», იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთის მოსახლეობა, რომელთაგან უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.
        ქართველ პარლამენტართა ყველა პროტესტს რუსული «გოსდუმის» დეპუტატები ტრადიციული მხრების აჩეჩვით უპასუხებენ: ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სავსებით შეესაბამება აფხაზებისთვის რუსული პასპორტების დარიგება და თქვენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით ჩვენ რატომ უნდა ვიმოქმედოთო.
        ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე კომიკურ დისკუსიას შევესწარი, როდესაც ქართველმა «ინტელექტუალმა» მოპაექრეს მერაბ მამარადშვილს ფორმულა («ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას») შეახსენა, რუსმა ინტელიგენტმა (სხვათა შორის, არა კომუნისტმა ან ფაშისტმა, არამდე დემოკრატმა და ლიბერალმა) «მხრები აიჩეჩა» და პასუხად ასეთი რამ წარმოთქვა ფორუმზე: «მამარდაშვილი ქართველი იყო და ქართველებს ქართულად გითხრათ საქართველოს ინტერესებზე მაღლა ჭეშმარიტება დააყენეთო, თორემ ჩვენთვის (რუსებისთვის) კი არაფერი უთქვამსო.»
        გაუგებარია, ასეთი მენტალიტეტის საზოგადოებას რა უნდა ელაპარაკო?!
        შესაბამისად, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ფუჭად ჩაივლის.
        ერთი სიტყვით, რუსეთის «მცოცავ აგრესიას», სამწუხაროდ, ვერაფერს ვუპირისპირებთ, ვინაიდან «დიპლომატიურ პროექტებს» იმ ვითარებაში, როცა ერაყთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომამდე ორიოდე თვე დარჩა, დასავლეთში ყურადღებას არავინ აქცევს.
        როგორც ჩანს, თეზისი, თითქოს პუტინი ცდილობდა ევაჭრა ამერიკასთან თემაზე: «საქართველო - ერაყის სანაცვლოდ», არასწორი აღმოჩნდა. სინამდვილეში პუტინი ცდილობს, ამჯერად აფხაზეთს დასჯერდეს.

დილის გაზეთი, 8 იანვარი, 2003 წელი

მთელ გვერდზე