მოსკოვის საპირწონე

        საქართველოში ამერიკელი «რეინჯერების» ჩამოსვლის შემდეგ, მიუხედავად რამდენიმე სამარცხვინო ეპიზოდისა (მსურველ «კომანდოსთა» ძლივძლივობით შეგროვება და ჯანჯღავას «უცნაური ბუნტი»), მაინც გამოიკვეთა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური წონასწორობის პინა დასავლეთისაკენ გადაიხარა.
        მაგრამ რაკი ქართველი საზოგადოება «ორიენტაციის» მუდმივ ძიებაში იმყოფება და ვერაფრთი გაუგია, რა უნდა თვითონ (ამერიკა თუ რუსეთი: დასავლეთი თუ პოსტსაბჭოური სივრცე), ამდენად, ხელისუფლება ჩვეულ «დაბალანსების» პოლიტიკას მიმართავს და მორიგ საპირწონედ კვლავ რუსეთთან დიალოგს იწყებს.
        საგარეო საქმეთა მინისტრის – ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში სწორედ ამგვარი «ბალანსის» აღდგენას ისახავს მიზნად, მით უმეტეს, რომ ჯორჯ ბუშმა უკანასკნელი წერილით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, «აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთთან, რაკი ამ ქვეყანას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია».
        მენაღარიშვილის მისია, პრინციპში, ერთიანია და ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუმცა, იგი ორ ასპექტს მოიცავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე განიხილება «ჩარჩო ხელშეკრულების» ახალი პროექტის დასრულების საკითხი. თავდაპირველად, რუსეთის მხარემ ისეთი ვარიანტი შემოგვთავაზა, რომელიც საქართველოს «ბელორუსიზაციას» ითვალისწინებდა, იმ განსხვავებით, რომ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ბელორუსში რუსეთის სამხედრო ბაზები სარეთოდ არ დაფუძნებულა.
        რუსული პროექტი გულისხმობდა სრულ თანხვედრასა და კონტროლს საგარეო პოლიტიკაში. ვინ ვის «გაკონტროლებას» აპირებდა, დაუზუსტებლადაც ცხადია.
        რა თქმა უნდა, ესოდენ ერთმნიშვნელოვნად კაბალური პროექტი თბილისისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ, შემდგომი ძალისხმევის შედეგად, მრავალი რამ გამოსწორდა და პროექტმა «ჩვეულებრივი» სახე შეიძინა, ანუ, სავსებით «ნორმალური», მაგრამ ეს «ნორმალურობა» იმას ნიშნავს, რომ ამ ახალ პროექტს მისი წინამორბედის ბედი ეწევა – რუსეთი მის რატიფიცირებას არ განახორციელებს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, ხოლო საპასუხოდ მოსკოვი საქართვლეოში სამხედრო ბაზების შენარჩუნების გარანტიას ვერ იღებს. ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ «ჩააგდო» წინა პროექტი «გოსდუმამ».
        მიუხედავად ამისა, თვით პროექტზე მუშაობა უეჭველად წარმატებით დასრულდება. დაახლოებით სექტემბრისთვის იგი მზად იქნება და შემოდგომაზე მოსკოვში პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტის დროს ხელიც მოეწერება. ეამით ორივე მხარე მიაღწევს ტაქტიკურ მიზანს: ბრინჯივით დაბნეული და სინამდვილეში ორიენტაცია დაკარგული ქართველი საზოგადოებითვის შეიქმნება ხსენებული «საპირწონე», ხოლო რუსეთი მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ კვლავინდებურად ინარჩუნებს მიდრო კავშირებს საქართველოსთან და გავლენას – სამხრეთ კავკასიის უმნიშვნელოვნეს ქვეყანაში. ზუსტად ამ მოტივთით ჩამოვიად თითქმის 9 წლის წინათ ბორის ელცინი თბილისში.
        რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, საეჭვოა, მოსკოვის რაუნდზე რაიმე სერიოზული «გარღვევა» მოხდეს: რუსეთი ჯიუტად ადასტურებს, რომ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გასაყვანად 14 წელი ესაჭიროება. ქართული მხარე კი საამისო «არგუმენტებს» მოითხოვს, ანუ ცდიოლბს, ციფრებით, გათვლებით დაამტკიცოს, რომ ჯარების გასაყვანად სამი წელია საჭირო.
        რასაკვირველია, სამი წელი ამისთვის სავსებით საკმარისია, მაგრამ დიპლომატიურ პროცესში საკითხის ამგვარად დასმა სრულიად უპერსპექტივოა: მოსკოვს ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ აპირებს საქართველოდან გასაყვან თითოეულ ოფიცერს ცალკე სახლი აუშენოს (გაყვანამდე), საამისოდ კი 14 წელია საჭირო, ვინაიდან თანხას აგროვებს, პროექტებს ადგენს, ადგილს არჩევს, მიწათმფლობელებთან სასამართლო პროცესები აქვს და ასე შემდეგ, ანუ ტექნიკური არგუმენტაციით პოლიტიკური მოთხოვნის ჩანაცვლება აბსოლუტურად უნაყოფო იქნება. «გ აიყვანეთ სამ წელიწადში» და მორჩა – პოლიტიკური პოზიცია მხოლო ეს არის. თუმცა, რუსეთი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მაგრამ გარწმუნებთ, იგი არც 14 წელიწადში აპირებს ჯარების გაყვანას და არც არასდროს.
        საქართველოში სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას მისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
        საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებამაც მეტისმეტად გაამწვავოს ეს საკითხი. უფრო პირიქით - «ბალანსის» დასაცავად თბილგაზის «იტერასთვის» გადაცემაც დადგება დღის წესრიგში, რაც, კაცმა რომ თქვას, ნამდვილად სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილება იქნება.

დილის გაზეთი, 24 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე