პოლიტიკური მიწისძვრა

            ჯერ კიდევ მოხუცი ბერძენი ნიკოლო მაკიაველი ამბობდა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი პოლიტიკაა. მისი გარდაცვალებიდან ასეულობით წლის შემდეგ (მაგალითად, გასულ საუკუნეში) ამ დებულების ჭეშმარიტება კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, მაგრამ მიწისძვრაც თუ შეიძლება «პოლიტიკური მოვლენა» იყოს, ამას ძნელად თუ წარმოვიდგენდით.
            გუშინ პოლიტიკურ-ფინანსურმა ელიტამ სავსებით კეთილშობილური გადაწყვეტილება მიიღო საგანგებო ფონდის შექმნის შესახებ. თუმცა, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა: მოტივაციები «ნაგულისხმევის» სფეროში გადავიდა, ანუ განზრახულობათა ერთობლიობა საბოლოოდ იმაზე დაიყვანებოდა, რომ ასეთი ფონდის შექმნის პრიორიტეტი არავის არ უნდა დარჩენოდა.
            საბოლოოდ, ქართულმა ბიზნესმა, პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში, კონსოლიდირებულად შეძლო საკმაოდ სწრაფად და გონივრულად ემოქმედა, საკუთარი კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე.
            იგი, როგორც ჩანს, სწორედ გუშინ ჩამოყალიბდა ერთიან «ამქრად» და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა ჩანდეს, ამაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პირველმა შემოიტანა «ფონდის» იდეა და «ათიანშიც» გაარტყა».
            ვინ იცის, იქნებ ეს მოტივაციათა კომპლექსი, მათი შინაარსის მიუხედავად, სასიკეთოც აღმოჩნდეს ათასობით უბედური თბილისელისთვის, რომელმაც, ფაქტობრივად, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი დაკარგა: ბევრი მათგანის სახლი შეიძლება არ დაინგრა, მაგრამ იქ ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია.
            რაც შეეხება თვით მიწისძვრას, ღმერთს ნუ ვცოდავთ და მას «დამანგრეველს» ნუ ვუწოდებთ - «დამანგრეველი» იყო სპიტაკის და ლენინაკანის მიწისძვრა, სადაც ერთი შენობაც არ გადარჩენილა და ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა. იმ მიწისძვრის ეპიცენტრი ოდნავ ჩრდილოეთით რომ ყოფილიყო, თბილისში უკვე მაშინ (1988 წელს) დატრიალდებოდა საშინელება.
            სპეციალისტთა თქმით, ასეთი მძლავრი მიწისძვრა თბილისის მახლობლად მხოლოდ 1966 წელს დაფიქსირდა. ეს არ ნიშნავს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მძლავრი მიწისძვრები არ ყოფილა – სინამდვილეში, მაგალითად, 1991 წლის მიწისძვრა (შიდა ქართლსა და რაჭაში) ბევრად ძლიერი იყო.
            საქართველოსთვის ეს ისტორიულად ჩვეულებრივი მოვლენაა – საკმარისია გავიხსენოთ, რამდენჯერ დაუნგრევია ჩვენი ქვეყნის ეკლესია-მონასტრები არა მტერს, არამედ სწორედ ამ შემაძრწუნებელ, დამანგრეველ სტიქიას.
            კავკასია ახალგაზრდა ტექტონიკური წარმონაქმნია და სეისმური აქტიურობა აქ გარდაუვალია. ეს ისეთივე მარტივი დებულებაა, როგორც ის, რომ, მაგალითად, პეტერბურგში ან ვაშინგტონში მიწისძვრა არასდროს მოხდება.
            გუშინ ისიც დადასტურდა, რამდენად სუსტი და ლაბილურია ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება. მაშინვე გაჩნდა შიში, ვაითუ «მიწისძვრა ხელოვნურად იყო პროვოცირებული ეშერას ლაბორატორიაში დამალული ტექტონიკური იარაღის გამოყენებით». სინამდვილეში, მეცნიერთა ერთსულოვანი აზრით, ტექტონიკურად აქტიურ რეგიონში ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა შესაძლებელია მხოლოდ ატომური აფეთქებით იმავე ტექტონიკურ შრეში. მაგრამ აბსოლუტურად შეუძლებელია ამის შეუმჩნევლად გაკეთება, ანუ იმის გარეშე, რომ მთელი მსოფლიოს გეოფიზიკურმა ლაბორატორიებმა ვერ დააფიქსირონ აფეთქება, როგორც ტექტონიკური ძვრის მიზეზი. ატომური ბომბის აფეთქებას სულ სხვა გეოფიზიკური მახასიათებლები აქვს, ვიდრე ბუნებრივ მიწისძვრას.
            ასე რომ, პოლიტიკურ საკითხებთან ამ უბედურების «მიბმა» აბსურდულია. საქართველოს X საუკუნეშიც ძალზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თურქ-სელჩუკებთან, მაგრამ 1080 წლის დამანგრეველი მიწისძვრა (რომლის დროსაც პირველად დაინგრა სვეტიცხოველი) ისევე არ უკავშირდებოდა ამ დაძაბულ ურთიერთობებს, როგორც ამჟამინდელ ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის.
            ალბათობის თეორიით, მიწისძვრა თბილისში შეიძლება კარგა ხანს აღარ განმეორდეს, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ხვალვე ან დღესვე მოხდეს. ამ სტიქიის პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია. ბედისწერას მშვიდად უნდა შევხვდეთ.
            ცნობილი გამონათქვამია, რომ სიკვდილი მარტოა საშინელი, თორემ ყველანი ერთად შეიძლება, ღიმილითაც გამოვემშვიდობოთ წუთისოფელს, - «როდესაც გარემო მთები შეკრავენ პირს ჩვენს ზემოთ».

დილის გაზეთი, 27 აპრილი, 2002 წელი

მთელ გვერდზე