მაშხალებით სვლა ცხინვალში

        ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ცხინვალში რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» შემოყვანის ათი წლისთავი. ზუსტად ამ დღეს, ათი წლის წინ, როკის გვირაბის გავლით, ვლადიკავკაზიდან «სამხრეთ ოსეთში» შემოვიდა რუსეთის არმიის სადესანტო პოლკი, რომელსაც უმალვე შეუერთდნენ ოსური და ქართული სამშვიდობო ბატალიონები.
        1992 წლის 24 ივნისს, დაგომისში, ელცინთან მოლაპარაკების დროს, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კონფლიქტის ზონაში ვითარების კონტროლი დაევალა არა მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონს, არამედ სამმხრივ სამშვიდობო ძალებს, ანუ საქართველომ პროცესებზე უშუალო ზეგავლენის ბერკეტი შეინარჩუნა. ამას ვერაფრით მივაღწიეთ აფხაზეთში (თუნდაც, მხოლოდ გალის რაიონში) 9 წლიანი მოლაპარაკების შედეგად, ვინაიდან ცხინვალის რეგიონში (აფხაზეთისგან განსხვავებით) სეპარატისტებმა ვერ შეძლეს სრული ეთნიკური წმენდის განხორციელება და ვერ დაამყარეს კონტროლი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებზე.
        1992 წლის 14 ივლისი მიიჩნევა ცხინვალის 3-წლიანი ომის დასასრულად, რომელიც დაიწყო 1989 წლის 23 ნოემბრის აქციით. ის სამწლიანი, სისხლიანი მარაზმი შავი ფურცელია საქართველოს ისტორიაში, შედეგად კი მივიღეთ უკონტროლო ტერიტორია, რომელიც (ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ) ეკონომიკური თვალსაზრისითაც ხელს უშლის საქართველოს სახელმწიფოს ქმედითუნარიანობას, რაკი კონტრაბანდული საქონლის ჩანჩქერი სწორედ როკის გვირაბიდან მოედინება.
        ომის დამთავრების ათი წლისთავი ცხინვალში ოსებმა აღნიშნეს უძველესი ინდოევროპული ტრადიციისამებრ: ღამე, მაშხალებით სვლით. ეს «ფაშისტური ტრადიცია» როდია, იგი ჯერ კიდევ ჩვენი წერთაღრიცხვის II-III საუკუნეებში არსებობდა გერმანულ ტომებსა და მათ მონთესავე ალანებში (ოსების წინაპრებში).
        «სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტმა კოკოითმა (იგი მის წინამორბედებზე ბევრად რადიკალურადაა განწყობილი), კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს შემადგენლობაში «სამხრეთ ოსეთი», არანაირ სტატუსს არ დათანხმდება: არც «ფედერაციას», არც «კონფედერაციას», მით უმეტეს, «ავტონომიურ რესპუბლიკას», «ავტონომიურ ოლქზე» ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სხვათა შორის, კოკოითის რადიკალიზმის მიზეზი ძნელი გასარკვევი არ არის: უბრალოდ, «სამხრეთ ოსეთის» ელიტა შესანიშნავად ხედავს, რომ საქართველო, არც ერთ შემთხვევაში, ცხინვალში ომს არ განაახლებს. ხელისუფლება შეეცდება სტატუს-კვოს შენარჩუნებას.
        ეს პრობლემა სამხედრო ძალით ან ნებისმიერი სახის ბლოკადით არ გადაწყდება. გაცილებით მიზანშეწონილი იქნება რეგიონის თანდათანობითი ეკონომიკური ინტეგრაცია, ადამიანური კავშირების აღდგენა, მჭიდრო სატრანსპორტო მიმოსვლის დამყარება, რათა ცხინვალელ ახალგაზრდებს ადვილად შეეძლოთ თბილისში ჩამოსვლა, ვთქვათ, კონცერტზე ან საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაფრენა ქართული პასპორტით, აგრეთვე, სამკურნალოდ, სასწავლებლად, სავაჭროდ, კომერციული ინტერესებით და ასე შემდეგ.
        ამ თვალსაზრისით ხომ თბილისში გაცილებით მეტი შესაძლებლობები არსებობს, ვიდრე იმავე ვლადიკავკაზში, თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთს სამხრეთელი ოსები ზურგს არასდროს შეაქცევენ. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს გამორიცხულია. ამგვარი მეთოდებით, თანდათანობით, შესაძლებელია რეგიონში ნორმალური ცხოვრების აღდგენა ქართველი და ოსი მოსახლეობისთვის. იგივე მეთოდები აფხაზეთში ვერ გაჭრის (ლტოლვილებს ვერ დააბრუნებს), მაგრამ «სამხრეთ ოსეთში» ისინი რეალურად მოქმედი და შედეგიანი იქნება.

დილის გაზეთი, 15 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე