ლტოლვილთა ფაქტორი

        უკანასკნელი მოვლენები თვალნათლივ მიუთითებს, რომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ძალის «ამოძრავება» (იგულისხმებიან ლტოლვილები) რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს მომავალ პოლიტიკურ სეზონში.
        აქვე უნდა ითქვას: 2002-2003 წლების სეზონი, ალბათ, გადამწყვეტი იქნება უახლეს ისტორიაში და მოსწონს ვინმეს თუ არა – იგი «აფხაზეთის ნიშნით» ჩაივლის.
        ლტოლვილთა მორიგი ყრილობის ნაცვლად (ესეც ნიშანდობლივია), აფხაზეთის ქართულმა ისტებლიშმენტმა ლეგიტიმური ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს სესიის მოწვევა აირჩია. სესიამ, შესაბამისად, დაითხოვა აღმასრულებელი სტრუქტურები. დაიწყო ახალ სტრუქტურათა ფორმირება, რითაც ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესში ახალი ეტაპი იწყება.
        მიუხედავად ამისა, ვერავინ უარყოფს გარკვეულ განხეთქილებას თვით ლტოლვილთა მასაში აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, მთლიანად საზოგადოებაში არსებულ უთანხმოებასა და (უფრო მეტად) დაბნეულობას ასახავს.
        ლტოლვილთა დიდმა ნაწილმა რამდენიმე თვის წინათ გამართულ ყრილობაზე ერთმნიშვნელოვნად და აქტიურად დაუჭირა მხარი ასლან აბაშიძის ჩართვას მოლაპარაკებებში. ეს იმთავითვე გულისხმობდა კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტას, ვინაიდან ასლან აბაშიძეს, ამ თვალსაზრისით, თავისი შეხედულება არასდროს დაუმალავს. ისევე, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. თუმცა, ასე ადვილი რომ ყოფილიყო ამ პრობლემის გადაწყვეტა და მხოლოდ «ნადარეიშვილის ხელისუფლების» დათხოვა კმაროდეს «აფხაზეთის დასაბრუნებლად» - ამას ედუარდ შევარდნაძეც ადვილად გააკეთებდა.
        ხსენებული ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თამაზ ხუბუამ აღიარა კიდეც: «ჩვენც არ გამოვრიცხავდით ხელისუფლების თვითლიკვიდაციას, ოღონდ იმ პირობით, თუ თვით კონფლიქტის მოწესრიგების ლტოლვილთა დაბრუნების, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროცესი გარკვეულ სტადიას მიაღწევდაო».
        საქმეც სწორედ ის არის, რომ შეხედულება, თითქოს არძინბა-ჯერგენიას ხროვა მხოლოდ «ნადარეიშვილის ალტერნატიული მთავრობის» არსებობის გამო არ მოდის რეალურ მოლაპარაკებებსა და დათმობაზე – წმინდა წყლის ილუზიაა. ეს «მთავრობა» რომც დაიშალოს, სეპარატისტთა პოზიცია უცვლელი იქნება. საერთოდ, მათ მიზეზი არ დაელევათ მოლაპარაკებათა ჩასაშლელად. მაგალითად, კოდორის ხეობიდან «გვარდიის» გაყვანის შემდეგ მოსახლეობის გაყვანას მოითხოვენ 15-დან 60 წლამდე, ანუ, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობისას, ხოლო გაეროს დოკუმენტს «კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის» შესახებ მაინც არ მიიღებენ.
        უახლოეს მომავალში, ლტოლვილთა დივერსიული რაზმები მართლაც განაახლებენ საომარ მოქმედებებს, რის შემდეგაც ასლან აბაშიძის მისია საბოლოოდ ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს.
        ლტოლვილთა აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანად აპოლიტიკურია. ანუ მათ, რასაკვირველია, არაფერი დააინტერესებთ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის გარდა და არ აპირრებენ პარტიულ ინტერესებში ჩარევას. სწორედ ამიტომ, ქართული პოლიტიკური ელიტა არც ისე ჩქარობს ამ პროცესებში ჩართვას, რაკი პასუხისმგებლობის აღება სულაც არ ეპიტნავება აფხაზეთის პრობლემის გამო.
        ერთადერთი პოლიტიკოსი, რომლეიც დაესწრო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიას, არის თემურ შაშიაშვილი, ოღონდ მისი პოლიტიკური პერსპექტივა, ჯერჯერობით, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს ღიად არ უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, თემურ შაშიაშვილმა ღიად განაცხადა, რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო ლტოლვილთა ფენომენი მის ერთ-ერთ დასაყრდენად იქცევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2005 წლამდე აფხაზეთთან დაკავშირებით ყინული საერთოდ არ შეიძლება «დაიძრას», მაგრამ სამ წელიწადში სრულად (უკანასკნელ ლტოლვილამდე) კონფლიქტის მოწესრიგება ხომ არც ერთ შემთხვევაში არ მოესწრება?!
        ამრიგად, ლტოლვილთა ფენომენის პოლიტიკურად ანგაჟირებას, დიდი მცდელობის მიუხედავად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერავინ შეძლებს. ლტოლვილთა აქტიური ნაწილი თამაზ ნადარეიშვილს დაუჭერს მხარს, ხოლო «პასიური», სამწუხაროდ, არა მხოლოდ პოლიტიკაზე ჩაიქნევს ხელს.

დილის გაზეთი, 3 აგვისტო, 2002 წელი

მთელ გვერდზე