კოდორში კვლავ ბეწვის ხიდია

        გუშინ პარლამენტში დიდი აურზაური მოჰყვა ფრაქცია «აფხაზეთის» წარმომადგენელთა განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთის, გაეროსა და სეპარატისტული რეჟიმის ზეგავლენით, თანხმობა განაცხადა, კოდორის ხეობიდან გამოიყვანოს საქართველოს შეიარაღებული ძალები.
        როგორც აღმოჩნდა, ჭუბურხინჯის უკანასკნელ ოთხმხრივ შეხვედრაზე ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს, რომლითაც კოდორის ხეობის ზემო ნაწილიდან (მას 1993 წლიდან ქართული მხარე მეტ-ნაკლებად აკონტროლებს) თებერვლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გამოიყვანენ.
        უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ მათი შეყვანა (მართლაც ბრწყინვალე სახმედრო მანევრის შედეგად) განხორციელდა 2001 წლის ოქტომბერში – ცნობილი მოვლენების დროს. იმ მოვლენებს თავი და ბოლო თითქოს არ უჩანს, თუმცა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი იყო პანკისის ხეობიდან შეიარაღებულ ჩეჩენთა აფხაზეთში გადანაცვლება. ეს გეგმა ჩაიშალა ორი მიზეზით: ჯერ ერთი, «ამაყმა კავკასიელმა აფსუებმა» ჩაფრი-ლაქიის კეთილშობილებით არ ინდომეს რუსეთის განაწყენება და ჩეჩნეთის თავისუფლებისათვის მებრძოლებს თავშესაფარი არ მისცეს.
        მეორე მიზეზი კი ზოგიერთი ქართველი პარტიზანის უდროო განცხადებები გახდა «სოხუმის აღების» შესახებ, რამაც არძინბა-ჯერგენია-შამბას დამატებითი არგუმენტები შესძინა. ამ ვითარებაში კოდორში დამატებითი ძალების შეყვანა (მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფთა) აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ფართომაშსტაბიანი ომის გაჩაღება და ქართული მოსახლეობის ხეობიდან გაძევება აფსუებმა და მათ ზურგს უკან მდგომმა რუსებმა ვერ გაბედეს, ვინაიდან მაშინ თბილისთან ყოველგვარი კომპრომისი უკვე გამორიცხული იქნებოდა.
        მას შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისსა და მოსკოვს შორის გარკვეული ბალანსი დამყარდა. რუსეთმა აქტიურად გამოიყენა «ენერგეტიკული მარწუხი». სამშვიდობო ჯართა გაყვანის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვინაიდან ხელისუფლებას მიაჩნია (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ქვეყანა არც ერთი თვალსაზრისით (მათ შორის ფსიქოლოგიურად) ომისთვის მზად არ არის. მაშასადამე, ერთადერთი გზა ისევ და ისევ აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გაგრძელებაა, მაგრამ არძინბამ (უფრო ზუსტად, უკვე ჯერგენია-შამბას ტანდემმა) ვითარება, როგორც ყოველთვის, ზუსტად იყნოსა. მათ შესანიშნავად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს ისეთ ვითარებას, როდესაც სამშვიდობო ძალებს მანდატი გაუგრძელდებათ (როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია), ხოლო მოლაპარაკებათა პროცესი არ გაგრძელდება. ეს ძალიან საშიშ «მიკროპარადიგმას» შექმნის პოლიტიკურ სიბრტყეზე, ამიტომ ხელისუფლებას აუცილებლად მიაჩნია მოლაპარაკებათა განახლება (თუნდაც მდორედ მიმდინარე პროცესის სახით), რაც მაინც ტოვებს კომპრომისის შესაძლებლობას რუსეთთან და სეპარატისტულ მხარესთან. მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ რაკი ვითარება «იყნოსეს», სეპარატისტები არავითარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 200-კაციან ქვედანაყოფს არ გაიყვანენ.
        მათ ეს აუცილებლად მიაჩნიათ, რათა კოდორის ხეობის ქართული მოსახლეობა თავს გრძნობდეს საქართველოსგან მოწყვეტილად და (ანუ) კოდორი არ იქცეს პლაცდარმად აფხაზეთის ცენტრალურ რეგიონებზე პარტიზანთა შეტევისათვის. გარდა ამისა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ არძინბას რეჟიმს აქვს შიდა პოლიტიკური პრობლემები. თუ სეპარატისტული რეჟიმი ვერ მიაღწევს, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებულ ფორმირებათა გაყვანას, რეჟიმის შიდა ოპოზიცია გაძლიერდება და შეიძლება ამან მოსახლეობა «აღაშფოთოს». გაერო (რასაკვირველია, რუსეთის მოთხოვნით) კატეგორიულად სვამს 1994 წლის აპრილის შეთანხმებათა შესრულების საკითხს. არ არის გამორიცხული, წინააღმდეგობის შემთხვევაში, რუსეთმა დაარწმუნოს უშიშროების საბჭო, ერთობლივი ანტიქართული დემარში განახორციელოს ნიუ-იორკში.
        სეპარატისტული რეჟიმი პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ კოდორიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა გაყვანის შემდეგ შეტევას არ დაიწყებენ და არც ხეობას დაბომბავენ. რა თქმა უნდა, «მაგათ მტერი ენდო», მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დღევანდელი ბალანსის პირობებში მოსკოვი სერიოზულ გართულებას არ დაუშვებს. სხვა საქმეა, თუ ეს ბალანსი დაირღვევა, რასაც თბილისი, ეტყობა, არ აპირებს.

დილის გაზეთი, 19 იანვარი, 2002 წელი

მთელ გვერდზე