ხეობა ჩვენი შეშფოთებისა

        თავდაცვის მინისტრის ჩასვლა კოდორის ხეობაში მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: ამ ხეობაში და მის გარშემო შექმნილი ვითარება შეიძლება, უახლოეს მომავალში, «პოლიტიკურ კულმინაციად» იქცეს და საქართველოში პროცესთა განვითარებაც განსაზღვროს. მინისტრის მთავარი ამოცანა ხეობაში განლაგებული შეიარაღებული კონტინგენტის ინსპექტირებაა. Aამდენად, კოდორის ზედა წელზე არსებული სამხედრო ძალა შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: «ადგილობრივი ფორმირებები» და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ქვედანაყოფები. დავით თევზაძე არ მალავს, რომ ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხეობის უშიშროების ასპროცენტიანი გარანტია. როგორც ჩანს, თევზაძეს სურს, გაარკვიოს საველე მეთაურთა დამოკიდებულება და მოსახლეობის განწყობა თვით «ადგილზე».
        ხეობაში დღითი დღე იძაბება სიტუაცია. სეპარატისტული რეჟიმი არ მალავს, რომ თუ 1 თებერვლამდე ხეობიდან ქართულ ფორმირებებს არ გაიყვანენ, სოხუმი შეტევაზე გადმოვა. რასაკვირველია, ოსტატურად გამოიყენებენ ხეობაში «რუსლან გელაევის რაზმის» ნარჩენთა ყოფნას. თუმცა, სარწმუნო წყაროებით, ჩეჩნები ამჟამად ხეობაში არ იმყოფებიან. გასათვალისწინებელია სამხედრო რეალობა: ხეობაში დისლოცირებულია 600 მებრძოლი. ამას დავუმატოთ კიდევ 500-ოდე ადგილობრივი მეომარი, მაშინ, როდესაც (1998 წლის გალის მოვლენათა გამოცდილებით) სეპარატისტებმა შესაძლოა, მთელი თავისი ძალების, - 2-3 ათასი მებრძოლის კონცენტრაცია მოახდინონ ხეობის მიმართულებით და არტილერიაც აზიდონ ლათასთან. გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ შარშან მათ შეძლეს ხეობის გაბატონებულ სიმაღლეებზე «რადისტთა» გადასხმა, ანუ უკვე შეუძლიათ საარტილერიო ცეცხლის კორექტირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საშიში ფაქტორია.
        იმ შემთხვევშიც კი, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა 600-კაციანი ქვედანაყოფი არ დატოვებს ხეობას, რამდენად შესაძლებელი იქნება მტრის მოგერიება იმ ვითარებაში, როდესაც დამხმარე ძალის გადასროლა ხეობაში ამჟამად გამორიცხულია (ჰაერითაც კი), ხოლო ტყვარჩელისა თუ ლათას მთებიდან განუწყვეტლივ შეიძლება სოფლების დაბომბვა?
        ასეთი რეალობა ძალაუნებურად გაფიქრებინებს, რომ თუ გაერო და რუსეთი (სამშვიდობო ძალთა დატოვების პირობით) ნამდვილად უზრუნველყოფენ პოლიტიკურად ომის განუახლებლობას და არ დაუშვებენ შეტევას ქართული სოფლების მიმართულებით, ეს, შესაძლოა, უფრო გონიერი გადაწყვეტილება გამოდგეს, ვიდრე 600 მეომრის დატოვება ხეობაში.
        ამით სეპარატისტული ბანდების ამოქმედებისთვის «იქმნება საბაბი». ხეობაში დისლოცირებულ კონტინგენტს კი არ ძალუძს, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს სეპარატისტთა ორმხრივ შეტევას ტყვარჩელის მთიდან და ლათადან. საარტილერიო დაბომბვისას ხეობა «მომაკვდინებელ ტომარად» იქცევა. მით უმეტეს, რომ ოქტომბერში ცხადი გახდა: სეპარატისტებს ძლიერი საჰაერო ძალები ჰყავთ.
        ყველაზე შემაშფოთებელიო კი ისაა, რომ სოხუმის რეჟიმის ვიცე-პრემიერ არშბას განცხადებით, აფხაზური მხარე უკვე ქართველი მესაზღვრეების გაყვანასაც მოითხოვს. რასაკვირველია, ამას თბილისი არ დაუშვებს, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს (იმთავითვე არარეალური) მოთხოვნა, რომ ჯერგენიას უკვე მიღებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, მოაწყოს კოდორის ხეობაში გენოციდი და ეთნოწმენდა?

დილის გაზეთი 9 თებერვალი, 2002 წელი

მთელ გვერდზე