ვალერი ლოშჩინინი: მორიგი ზერო

        გუშინ თბილისში ჩამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშჩინინი. თვით მისი დანიშვნა ამ პოსტზე ცალკე «დეტექტიური ამბავია - «მოსკოვს არ სურდა ფორმალიზებული პასხუისმგებლობის თავზე აღება, რაც სავსებით შეესაბამება რუსეთის სტრატეგიას, ზოგადად, პოსტსაბჭოურ სივრცეზე: იგი «არაფორმალურ» გავლენას არჩევს იურიდიულად და პოლიტიკურად გაფორმებულ პასუხისმგებლობას.

        მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაინც მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც (ასლან აბაშიძის საქმეში ჩართვის შემდეგ) ახალი შესაძლებლობები გაჩნდა მრავალპლანიანი გეოპოლიტიკური თამაშისთვის.
        ჯერ კიდევ მოსკოვში ვალერი ლოშჩინინმა რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთა, რაც იოტისოდენ ეჭვს არ ტოვებს: სამშვიდობო პროცესში მისი მონაწილეობის «მარგი ქმედება» (საქართველოს ინტერესებისთვის) ზუსტად ნულის ტოლი იქნება.
        სწორედ «საქართველოს ინტერესებისთვის», თორემ აფსუები აქაც შეიძლება გამორჩნენ რაღაცას. ხოლო რუსეთი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის პრიორიტეტს კავკასიის საქმეებში. კრემლისათვის ეს, მით უმეტეს, აქტუალურია, რაკი საქართვლეოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გამოჩნდნენ.
        საქართველოსადმი დამოკიდებულება კი ვალერი ლოშჩინინმა მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც, რუსი ჟურნალისტების თხოვნით, კომენტარი გაუკეთა საქართველოს ელჩის – ზურაბ აბაშიძის გამონათქვამს აფხაზეთში ომის დროს სეპარატისტებისადმი რუსეთის დახმარების თაობაზე. «საქართველოს ელჩი რას იტყვის, არ მაინტერესებს და ყურადღებას ნუ მიაქცევთო». Aაი, ასეთი უზრდელი და სალდაფონური პასუხი გასცა ვალერი ლოშჩინინმა.
        არადა, ეს რა პასუხია - არც უარყოფაა და არც დადასტურება, უბრალოდ, აბუჩად აგდებაა და სხვა არაფერი. რაც შეეხება სამურზაყანოში სამშვიდობო ძალთა მანდატის გაფართოებას და მათთვის მოსახლეობის დაცვის ფუნქციის მინიჭებას – ვალერი ლოშჩინინის პოზიცია აქაც ერთმნიშვნელოვანია: «საკითხი უნდა შეთანხმდეს აფხაზურ მხარესთან, სოხუმის თანხმობის გარეშე მოსკოვი ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამს».
        არადა, გალის რაიონის ბედი თბილისში მოლაპარაკებათა მთავარი თემა უნდა გახდეს. არ არის გამორიცხული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე რამდენიმე დღის წინ დამტკიცებულ წინადადებებს ლოშჩინინის შესთავაზებენ. საქმე ეხება ისევ და ისევ გალის რაიონში დისპოზიციის შეცვლას. ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს წინადადებები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ზოგიერთი სიმპტომისა და მოვლენათა განვითარების ალგორითმის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რას შესთავაზებს ოფიციალური თბილისი მოსკოვსა და სოხუმს: სამშვიდობო ჯართა გადაადგილება ღალიძგაზე და (რაც მთავარია) მათი აფხაზეთში ყოფნის მუდმივობის დაკანონება.
        ანუ ამჟამინდელი ვითარების ნაცვლად, როდესაც სამშვიდობო ძალებს ყოველ 6 თვეში უგრძელდებათ მანდატი, ხოლო საქართველოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს «მშვიდობისმყოფელთა» გაყვანა – ახლა უკვე თბილისი მზად არის, დაეთანხმოს სამშვიდობო ძალთა მუდმივად დარჩენას აფხაზეთში, თუ გალის რაიონში (მაინც) აღდგება საქართველოს იურისდიქცია.
        არავის ეჭვი არ ეპარება (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ თუ სამშვიდობო ძალები ღალიძგაზე გადაიწევენ, სამურზაყანოში მართლაც აღდგება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.
        გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან, სერგეი მირონოვთან შეხვედრისა,ს როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძემ ეს საკითხიც განიხილა. რუსი სტუმარი «აღფრთოვანებული იყო»: რა თქმა უნდა, წინადადებებს ერთმნიშვნელოვნად დაეთანხმა, მაგრამ სერგეი მირონოვის თანხმობა ბევრს არაფერს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მირონოვი ოფიციალურად სახელმწიფოში მესამე პირია – მოსკოვში მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.
        ვალერი ლოშჩინინი იმავე წინადადებაზე უეჭველად მოითხოვს აფხაზური მხარის თანხმობას. სოხუმი კი არასდროს დათანხმდება გალის რაიონში არათუ საქართველოს იურისდიქციის აღდგენას (თუნდაც სამშვიდობო ძალების «გამუდმივების» ფასად), არამედ სამურზაყანოში საკუთარი იურისდიქციის ოდნავ შეზღუდვას.

დილის გაზეთი, 24 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე