ჟვანია-მამალაძის დაპირისპირება

        პრეზიდენტმა გუშინ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ «აქტიურ კონსულტაციებს» აწარმოებს ყოფილი მმართველი პარტიის «დაპირისპირებულ მხარეებთან».
        მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძემ «დაპირისპირებულ მხარეებს» შერიგებისაკენ მოუწოდა, დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება: ზურაბ ჟვანია აღარასოდეს შეურიგდება ლევან მამალაძეს და მათი ერთ პარტიაში ყოფნა კატეგორიულად გამორიცხულია.
        გასარკვევი დღემდე მხოლოდ ის დარჩა, თუ ვის «დარჩება» პარტია. მამალაძის გუნდი «ვა ბანკზე» წავიდა, როდესაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა «მოქალაქეთა კავშირის» მმართველი კომიტეტის წინააღმდეგ, რასაც სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილება მოჰყვა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს კომიტეტი რამდენიმე თვის წინ, «შუალედურ ყრილობაზე» შეიქმნა ერთგვარი კომპრომისის შედეგად.
        მაშინ, შევარდნაძე-ჟვანიას ასეთივე ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, არ დაეძაბათ ვითარება ყრილობაზე, რომელიც, მართლაც, გარეგნულად სავსებით მშვიდად ჩატარდა.
        ხსენებული კომიტეტის შემადგენლობა ძალთა იმდროინდელ განლაგებას ასახავდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ ზურაბ ჟვანიას მომხრეებმა ამ ორგანოში უმრავლესობა მოიპოვეს. დღეს ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა, - მამალაძის დაჯგუფება აპირებს «უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა» გაუმართოს ყოფილ მეგობარს ყრილობაზე. პრეზიდენტი ამ ომში უშუალოდ არ ჩაერევა. შესაძლოა, ყრილობას იგი არც დაესწროს, მაგრამ თვით ყრილობის შედეგთა პროგნოზირება უკვე ძნელია:. მამალაძე რეგიონული ლიდერია და საკმაოდ მნიშვნელოვან «სამობილიზაციო» ადმინისტრაციულ რესურსს ფლობს მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიას ასეთი ბერკეტები არ გააჩნია.
        სამაგიეროდ, პოლიტიკური ალღოთი და ნიჭით იგი მამალაძეს ბევრად აღემატება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ჟვანიამ ჯერ კიდევ ყრილობამდე დატოვოს «მოქალაქეთა კავშირი», თუ შეატყობს, რომ გამარჯვების შანსი მცირდება.
        საჯაროდ დამარცხებას იგი არ დაუშვებს.
        თუ ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავაგრძელებთ, მაშინ ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი პარტიას ჩამოაყალიბებენ. არ არის მათთვის საშიში, თუ ადგილობრივ არჩევნებში (ფაქტობრივად, თბილისის საბჭოს დაკომპლექტებაში) მონაწილეობას ვერ მიიღებენ – მთავარი მიზანი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
        ლევან მამალაძის გუნდს აქვს ილუზია, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გამიჯვნოდა პარტიას, განპირობებული იყო მხოლოდ ზურაბ ჟვანიას გუნდთან უთანხმოებით. ეს ილუზიაა: დღეს ზურაბ ჟვანიამ და მისმა გუნდა რომც დატოვოს «მოქალაქეთა კავშირი», რომც მოხდეს «მოქკავშირის» კონსოლიდირება ახალ საფუძველზე – პრეზიდენტი «ძველი სტატუსით» აღარ დაბრუნდება პარტიაში, ხოლო მისი «რიგითი წევრობა» კვლავაც ნომინალური იქნება.
        როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ზურაბ ჟვანიას კვლავაც ექნება საკუთარი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია ქართულ პოლიტიკაში. საფიქრებელია, რომ მისთვის «მოქალაქეთა კავშირი» (ისევე, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძისთვის და სხვა თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსისათვის დანარჩენი პარტიებიდან) მხოლოდ ეპიზოდია და არა საბედისწერო ფენომენი.

დილის გაზეთი, 7 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე