ჟურნალისტიკა კორუფცირებულ საზოგადოებაში «რეზონანსის» გუშინდელი პუბლიკაციის ექო

        ჟურნალისტების მოსყიდულობისა და აგენტობის თემა ბოლო დროს კვლავ აქტუალური ხდება. ჟურნალისტების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეს თემა მათ გაამწვავეს, რაც ამქრული კანონების სწორ გაგებაზე მიუთითებს. კოლეგიალურობა ნამდვილად არ ნიშნავს ისეთ კორპორაციულ ეთიკას, როდესაც ტაბუმოხსნილია ყველაფერი, თვით ამ კორპორაციის (ჟურნალისტური ამქრის) შიგნით მიმდინარე პროცესების გარდა.
        თავდაპირველად, საკითხის დროულობისა და ლოგიკის შესახებ: არიან თუ არა საქართველოში კორუფცირებული ჟურნალისტები, ანუ არის თუ არა კორუფცია მედია-სივრცეში? საკითხის ასეთი დასმაც კი კომიკურია. იმ საზოგადოებაში, სადაც კანონიერ ქურდებთან მეგობრობა სოციალური აღმატებულობის ნიშნად ითვლება, როგორ შეიძლება ჟურნალისტიკა უმწიკვლოდ არაკორუფცირებული და მოუსყიდველი იყოს?! რასაკვირველია, ჟურნალისტიკა სოციუმის განუყოფელი ნაწილია და იმავე სინდრომითაა ავად, რითაც მთელი სოციუმი. რაც შეეხება პრობლემის «პოლიტიკურად ანგაჟირებულ ნაწილს», აქაც ცალმხრივი მიდგომა იგრძნობა. ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მიერ მოსყიდულ ჟურნალისტებზე (თუმცა მოქალაქეთა კავშირში დატრიალებული მოვლენების ფონზე, ძნელი გასარკვევია, სად არის ოპოზიცია და სად მმართველი ძალა), მაგრამ საქართველოს პირობებში ოპოზიციის მიერ მოსყიდული ჟურნალისტებიც შეიძლება არსებობდნენ და არსებობენ კიდეც. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ქართულ სახელისუფლებო ოპოზიციას, ანუ უმცირესობას საკანონმდებლო ოპოზიციაში არც ფული აკლია და არც სხვაგვარი «არაფორმალური» გავლენა.
        ოპოზიციურად ანგაჟირებული ჟურნალისტი კი, ისევე ვერ მიაწვდის მკითხველს თუ მაყურებელს ობიექტურ ინფორმაციას, როგორც ხელისუფლების მიერ მოსყიდული.
        ეს, თუ საუბარია უშუალოდ ფულითა თუ სხვაგვარ მოსყიდვაზე. მაგრამ არცთუ უსაფუძვლოდ გამოითქმის აზრი, რომ ხელიოსუფლება ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად ყიდულობს ინფორმაციის მიწოდებით, ანუ ჟურნალისტებს შორის პროფესიული კონკურენციის შექმნითა და გაღვივებით. თუ ეს კორუფციაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი სახის კორუფცია ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, ყველა ხელისუფლება ყველა ქვეყანაში (დემოკრატიული ამერიკიდან ტოტალურ ირანამდე) ყოველთვის შეეცდება, გავლენა მოახდინოს მასმედიაზე, რათა მისთვის კეთილგანწყობილიო საინფორმაციო ფონი არსებობდეს სახელმწიფოში. ინფორმაციის დოზირება ხომ ხელისუფლების პრეროგატივაა. ბოლოს და ბოლოს, არც ერთი კანონი არ ავალდებულებს ხელიოსუფლებას, მაინცდამაინც ამ, ან იმ გაზეთს, ტელეკომპანიას თუ სააგენტოს მისცეს ინტერვიუ და სწორედ მისი მეშვეობით გააკეთოს ესა თუ ის განცხადება.
        ბუნებრივია, ასეთ ბერკეტს ნებისმიერი ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს, რათა სწორედ ის მედია-ორგანო წაახალისოს, რომელიც უფრო ლოიალურია მის მიმართ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გახშირებულია პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. რუსეთში, მაგალითად, ებვრად უფრო მეტად, ვიდრე საქართველოში, კრემლში შესვლის საშუალება მხოლოდ რჩეულ ჟურნალისტებს აქვთ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ჩვენს სახელმწიფო კანცელარიაში აქამდე საქმე ჯერ არ მისულა.
        რაც შეეხება უცხო ქვეყნის აგენტებს, აქ ელემენტარულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. თავისუფალ მედიაცსივრცეში, სადაც აზრის გამოთქმის საშუალება არსებობს და რომელიც ღრმად დივერსიფიცირებულია, ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, «აგენტმა» (თუნდაც გავლენის აგენტმა) შესაბამისი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი შექმნას. ფაქტის გახმაურებისთვის კი, აგენტურას არავინ ქმნის. რაკი ამის გაკეთება იმავე რუსეთს საკუთარი მედია-საშუალებებითაც შეუძლია.
        «მედია-იმპერიები», რომლებიც უცხო კაპიტალზე იქნებიან დამოკიდებული, საქართველოში ვერ შეიქმნა და ვერც შეიქმნება. საამისოდ ქართული მედია-სივრცე მეტისმეტად სპეციფიკურია ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე.
        სხვა საქმეა, რომ მედიამ ზოგადად სავსებით ობიექტურად შეიძლება შეასრულოს «დეტონატორის» როლი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მრავალმხრივი კრიზისი ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ოღონდ, აქ მასმედია კი არ იქნება დამნაშავე, არამედ ის აგენტურა (განუზომლად დიდი ოდენობით), რომელიც თვით ხელისუფლებაშია ჩანერგილი.

დილის გაზეთი, 21 მარტი, 2002 წელი

მთელ გვერდზე