ამერიკული სენატის დესანტი საქართველოში

        რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გამწვავებამ საქართველოში გავლენიან ამერიკელთა სტუმრობის გახშირება განაპირობა. ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის მოადგილემ, გენერალმა დიტერ შტოკმანმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა განიხილა. ზოგიერთი ცნობით, ეს ვიზიტი შეიძლება ერაყის წინააღმდეგ დაგეგმილ მომავალ სამხედრო ოპერაციასაც უკავშირდებოდეს.
        კონკრეტული გეგმის შედგენა ჯერ გამორიცხულია, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, სულაც არაა გამორიცხული, საქართველოს პოზიცია მომავალ ოპერაციაში უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. მით უმეტეს, თუ მეზობელი (საქართველოსა და ერაყის) თურქეთი უარს იტყვის ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუთმოს ინჯირლიკის სამხედრო ბაზა ერაყის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის განსახორციელებლად. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რეალურად, ამერიკა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იქნება მზად ერაყის წინააღმდეგ ომის დასაწყებად.
        ამის მიუხედავად, ამერიკელების გააქტიურება მაინც ნიშანდობლივია. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ შტოკმანის ჩამოსვლას დაემთხვა ორი ძალზე გავლენიანი ამერიკელი სენატორის: ჯონ მაკკეინისა და ფრედ ტომსონის სტუმრობა.
        ისინი შეხვდნენ პრეზიდენტს, ვერტმფრენით შემოიფრინეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი, აგრეთვე დაესწრნენ იაღლუჯის პოლიგონზე გამართულ სამხედრო წვრთნებს.
        გარდა ამისა, სენატორები შეხვდნენ ამერიკელ ინსტრუქტორებს, რომლებიც ანტიტერორისტულ ქვედანაყოფებს ამზადებენ.
        ამგვარი რამ სულ რამდენიმე წლის წინათ, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. დღევანდელ ვითარებაში, სენატორების ვიზიტი გენერლებისა და სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ადასტურებს, რომ ვაშინგტონში მატულობს ინტერესი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისადმი.
        თანაც, თბილისში მყოფი სენატორები «რიგითი» მოღვაწეები ნამდვილად არ არიან. ჯონ მაკკეინი ამერიკის ეროვნული გმირი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატია (პრაიმერიზის ფარგლებში) რესპუბლიკური პარტიიდან. იგი რადიკალად (ანუ, ეგრეთ წოდებულ «ქორად») მიიჩნეოდა მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში – რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს არც არის გასაკვირი – ჯონ მაკკეინი (სამხედრო მფრინავი) ხომ ვიეტნამის ცაში სწორედ რუსმა (საბჭოთა) სამხედრო «მრჩევლებმა» ჩამოაგდეს და 5 მტანჯველი წლით ტყვედ ჩაუგდეს ვიეტნამელ კომუნისტებს.
        კაპიტოლიუმის ბორცვზე მაკკეინი ამერიკული არმიის კურატორად და კეთილისმოყფელად მიიჩნევა სენატორ – გენერალ ვორნერთან ერთდა. მაკკეინმა რამდენჯერმე მოინახულა ამერიკის კონტინგენტი ავღანეთში. საქართველოში ვიზიტის დროს კი განაცხხადა, რომ, ფრედ ტომსონთან ერთად, სენატში მოახდენს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი აქტების ინიცირებას.
        სენატორებს, ამ თვალსაზრისით, ფართო შესაძლებლობები აქვთ. თეთრ სახლში მათ აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა დაკარგეს უმრავლესობა სენატში და პრეზიდენტ ბუშს მხარდაჭერა გარანტირებული აღარ აქვს კანონპროექტების გატანისას.
        ამერიკის სენატი ის აეროპაგია, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ერთადერთი ზესახელმწიფოს პოლიტიკას. ჯერ კიდევ 1988 წელს სენატორმა ჰელმსმა სენატში გაიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი «ბილი», რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია თბილისში. მას შემდეგ, ამერიკელი სენატორები ყოველმხრივ გვეხმარებიან. საკმარისია გავიხსენოთ სენატორ სემ ბრაუნბეკის ინიციატივით დამტკიცებული «აბრეშუმის გზის მხარდაჭერის» აქტი.
        ჯონ მაკკეინის განცხადებები კი ცხადყოფს, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ პრაგმატული ინტერესი საქართველოსადმი. ამ მხრივ, მაკკეინის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ უკვე სულ სხვა ხასიათისაა, ვიდრე ჯესი ჰელმსისა – 14 წლის წინათ. ანუ ამერიკის ისტებლიშმენტი სერიოზულად ინტერესდება საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციით.

დილის გაზეთი, 21 აგვისტო, 2002 წელი

მთელ გვერდზე