«ჯავახეთი ჩემი»

        გუშინ საქართველოს რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თემურ მოსიაშვილი ერევანს ეწვია ოფიციალური ვიზიტით. სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ თემურ მოსიაშვილი შეიძლება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნოს სომხეთის რესპუბლიკაში. ოფიციალური წყაროები ამას არ ადასტურებენ, თუმცა, ასეთ აღნიშვნაში (ანუ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ელჩად გამწესებაში) მოულოდნელი არაფერი იქნება. თემურ მოსიაშვილის წინამორბედი ამ პოსტზე (გიგლა ბარამიძე), დიდი ხნის განმავლობაში სომხეთში საქართველოს ელჩის ფუნქციასაც ითავსებდა.
        როგორც ჩანს, აქ ერთგვარი დიპლომატიური ქარაგმა იყო ჩადებული. ედუარდ შევარდნაძემ ამით ერევანს მიანიშნა, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობა მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ პოზიციას დაიკავებს ერევანი სამცხე-ჯავახეთის, კონკრეტულად კი ნინოწმინდა-ახალქალაქის რეგიონის (ჯავახეთის) მიმართ. მაშასადამე, საქართველო-სომხეთის ურთიერთობები «ინასკვება» სამცხე-ჯავახეთში. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სატრანზიტო თვალსაზრისით სომხეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს – სომხეთი, არამედ სხვა მიზეზითაც: ჯავახეთში კვლავინდებურად დისლოცირებულია რუსეთის უძლიერესი (სამაგალითო) მოტომსროლელი დივიზია, რომლის პირადი შემადგენლობის 90 პროცენტს ადგილობრივი სომხები შეადგენენ. მოსკოვი ამ დივიზიის გაყვანას არ აპირებს, ხოლო რომც დააპიროს (გუდაურის მსგავსად, თვალთმაქცურად), ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა არ გაუშვებს.
        ამრიგად, თემურ მოსიაშვილის ვიზიტი დღევანდელ ვითარებაში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობათა «ინვენტარიზაციას» ისახავდა მიზნად ყველაზე მნიშვნელოვან (ჯავახეთის) ასპექტში.
        თუმცა, ამ ურთიერთობებს სხვა ასპექტებიც აქვს. მათ შორის იგივე სატრანზიტო, ეკონომიკური, საფინანსო და ასე შემდეგ. საქართველომ შეძლო ენერგეტიკული ვალის დიდწილად დაფარვა რკინიგზის მეშვეობით, რომელსაც უფასოდ სომხეთისთვის გადაჰქონდა ტვირთები ვალის ანგარიშში.
        რაც შეეხება სუვერენული ვალის უდიდეს ნაწილს, იგი კვლავაც ტვირთად მოგვყვება 1991-92 წლებიდან.
        თემურ მოსიაშვილს ამ თემაზე დაწვრილებით მოლაპარაკება არ ჰქონია, ვინაიდან სომხები ჭკვიანურად იქცევიან და ყოველთვის გვთანხმდებიან ვალის გადავადება-რესტრუქტურიზებაზე, სამაგიეროდ ეს 17 მილიონი დოლარი მძლავრი პოლიტიკური არგუმენტია საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც სომხები მათთვის ჩვეული ოსტატობით იყენებენ.
        მოსიაშვილთან საუბრისას «სატრანზიტო ტარიფებზე» კი დაიწუწუნეს (აქაოდა, აზერბაიჯანი სამჯერ ნაკლებს იხდისო), მაგრამ ჯერ ერთი, აზერბაიჯანი და საქართველო სარაქსის სატრანზიტო შეთანხმების წევრები არია.. გარდა ამისა, სომხეთი (როგორც მოგახსენეთ) ბევრს არაფერს იხდის, ხოლო გადაზიდვის ფასი ვალში იქვითება..
        ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემურ მოსიაშვილს ერევანში ნათლად უთხრეს: სომხეთი მხარს არ დაუჭერს სეპარატიზმს ჯავახეთში, თუმცა, «ბაზის გაყვანას» ადგილობრივი მოსახლეობა არ დაუშვებს».
        ასევე, «ნეიტრალურ» პოზიციას დაიკავებს ერევანი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში. ბოლო დღეებში ერევანს რამდენიმე რუსი ჩინოსანი ეწვია, მაგრამ სომეხ პოლიტიკოსებს ჭკუა არ აკლიათ და ანტიქართული ვერაფერი წამოაცდენინეს.

დილის გაზეთი, 26 სექტემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე