საქართველოს წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომი გრძელდება

        გუშინ რუსული «გოსდუმის» საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი როგოზინმა «ინტერფაქსისთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რაპანი ხალილოვი, რომელსაც დაღესტნის ქალაქ კასპიისკში 9 მაისს მოწყობილი აფეთქების ორგანიზება ბრალდება, ამჟამად საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში იმყოფება.
        შესაბამისად, როგოზინის აზრით, რუსეთს აქვს უფლება, განახორციელოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ «ანტიტერორისტული» აქცია, როგორსაც ამერიკა ახორციელებს ავღანეთში. ბუნებრივია, კასპიისკის ტერაქტმა რუსეთში მძვინვარე რეაქცია გამოიწვია – დაიღუპა ათეულობით ომის ვეტერანი, ვინც 50 წლის წინ ფაშისტურ გერმანიასთან სამკვდრო-სასიცოცხცლო ომს გადაურჩა. შესაბამისად, ამ მძვინვარე რეაქციის ფონზე, რუსი პოლიტიკოსები ცდილობენ გააძლიერონ ზეგავლენა საქართველოზე, რათა შექმნილი ვითარებით ისარგებლონ. აქ, უპირველეს ყოვლისა, ერთი მომენტი იქცევს ყურადღებას: ფორმალურად საქართველოზე დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თათვმჯდომარე ბორის პასტუხოვი უნდა «სპეციალიზდებოდეს», მაგრამ დიმიტრი როგოზინი უფრო აქტიურობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ «საქართველოს პრობლემა» რუსეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან «გამაღიზიანებელ» ფაქტორად რჩება.
        თვით რაპანი ხალილოვის პანკისში ყოფნა არაფრით დადასტურებული და დამტკიცებული არ არის. დიმიტრი როგოზინი ეყრდნობა რუსული «სამხედრო წრეების» ინფორმაციას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავიანთ უმწეობასა და უნიათობას იმით ხსნიან, რომ «მოუხელთებელი» ჩეჩენი საველე მეთაურები საქართველოში (ახმეტის რაიონში) იმყოფებიან.
        მართლაც, რაპანი ხალილოვს (განსხვავებით რუსლან გილაევისგან) პრეზიდენტ მასხადოვთან დაძაბული ურთიერთობა არა აქვს, ხოლო სამხრეთ ჩეჩნეთის მთიან რაიონებს რუსული არმადა, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებს.
        თავდაპირველად რუსეთის მედიაც არ მალავდა, რომ დაღესტნელი (და არა ეთნიკური ჩეჩენი) ხალილოვი ჩეჩნეთის ნოჟაი-იურტის რაიონში იმყოფებოდა და ერთ-ერთ უძლიერეს სამხდერო შენაერთს ხელმძღვანელობს, მაგრამ შემდგომ «შეკვეთა» შეიცვალა. მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ პანკისის ხეობა «მტკივანა კბილივით» მუდამ შემაწუხებელია ქართველი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს, კასპიისკის შემაძრწუნებელი ტერაქტის ფონზე: ამიტომ, «ზეწოლის» გაძლიერებისთვის ვითარება ხელსაყრელად მიიჩნიეს. მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების ფონზე.
        რუსულად ამას ჰქვია «დავიტ ნა პსიხიკუ». სხვათა შორის, ერთ-ერთი რუსული გაზეთის ცნობით, რუსეთის «ტელეწრეებში», რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული სპეცსამსხაურებთან, ამ ტერმინს მართლაც ძალიან ხშირად იყენებენ.
        ეს ფაქტორი საქართველოსთვის წარსულშიც დამანგრეველი იყო. მაგალითად, ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის გაჩაღებაში ხსენებულმა მეთოდმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.
        რამდენად წარმატებული იქნება იგი ამჯერად, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, უფრო ზუსტად, - 2 ივნისის არჩევნები.
        პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ორგანიზაცია, აშკარად «პრორუსული» პროგრამით, გახლავთ ვახტანგ რჩეულიშვილის «სოციალისტური პარტია». რჩეულიშვილი საკმაოდ ზუსტად იყენებს ბოლო დროს მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობას. მის მიერ შეგროვებული 1 მილიონი ხელმოწერაც მთლიანად ბლეფი არ არის: ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ასეული ათასი ხელმოწერა იმ სიაში სავსებით რეალურია: ხალხი დაიღალა მუდმივი დაძაბულობით და მშვიდი ცხოვრება მოსწყურდა.
        არ არის გამორიცხული, ამ ფაქტორმა გარკვეული როლი შეასრულოს 2 ივნისის არჩევნებში, რაც იმის დადასტურება გახდება (რუსეთისთვისაც), თუ როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა რუსეთის მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ვახტანგ რჩეულიშვილის გარდა, ვერც ერთი პარტია ვერ ბედავს ესოდენ აშკარად ისაუბროს «რუსეთთან დაახლოების აუცილებლობაზე». ეს კი უმძიმესი შეცდომაა – ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს «ისტებლიშმენტისა» და «მოსახლეობის განწყობა» ერთმანეთში ერევათ.
        2 ივნისის არჩევნების შემდეგ, როდესაც დედაქალაქში ძალთა რეალური განლაგება გამოიკვეთება, მოსკოვშიც «ახლებურად» დააწყობენ სტრატეგიას, თუნდაც იმავე პანკისის მიმართ.

დილის გაზეთი, 15 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე