პანკისის სამკუთხედი

            «ღვთის მიერ მივიწყებული» პანკისის ხეობა, რომელსაც (ისევე, როგრც კოდორს) სამართლიანად შეიძლება «არავის მიწა» ეწოდოს, თვითონ გვახსენებს თავს და ადასტურებს, რომ ეს პრობლემა თბილისის თავზე კვლავაც «დამოკლეს მახვილივით» კიდია.
            ნურვინ იჩქარებს «მხრების აჩეჩვას» უშიშროების მინისტრ ხაბურძანიას განცხადებების გამო, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა პანკისში 800 მდე «ბოევიკის» ყოფნა. ეს კიდევ არაფერი: ხაბურძანიამ ისიც დაადასტურა, რომ ამ «ბოევიკთა» შორის იმყოფება 100 ეგრეთ წოდებული «არაბი». იგულისხმებიან არა ეთნიკური არაბები, არამედ არაბულ სახელმწიფოთა ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეები – ანუ იმ «მოჰაჯირთა» შთამომავლები, ვინც XIX საუკუნის დიდი კავკასიური ომის დროს დატოვა ჩეჩნეთ-დაღესტანი.
            რასაკვირველია, რუსულმა მედიამ დაუყოვნებლივ აიტაცა ეს განცხადება, მაგრამ ვალერი ხაბურძანიას თავისი მოსაზრებები უნდა ჰქონოდა. მივაქციოთ ყურადღება, რომ მან ეს განცხადება გააკეთა ამერიკულ საინფორმცაიო სააგენტო «ასოშიეტედ პრესისთვის» მიცემულ ინტერვიუში. თანაც, სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისის აეროპორტში დაეშვა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, - ოფიცრებით და სპეციალისტებით.
            როგორც ცნობილია, ოპერაცია ხორციელდება სწორედ პანკისში ტერორიზმის ბუდის აღმოფხვრის «ლეგენდით». საქართველო ვალდებულია «ლეგენდა» გააღრმავოს, რათა რუსეთს ახალი არგუმენტები არ შესძინოს, მით უმეტეს, მოსკოვში უმაღლესი დონის შეხვედრის წინ.
            ამდენად, მხოლოდ განცხადებებით საქმე არ შემოიფარგლება. უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ სამხედრო ოპერაციების განვითარებასაც პანკისის მიმართულებით, რაც აუცილებლად არ გულისხმობს საბრძოლო შეტაკებებს: შეიძლება საქმე შემოიფარგლოს ბლოკპოსტების შექმნით, სამხედრო მანევრებით და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელებს ექნებათ საშუალება, რუს კოლეგებს უთხრან, რომ მათ მიერ მომზადებული ქართველი «კომანდოსები» ნამდვილად იწყებენ მოქმედებას ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ პანკისის ხეობაში.
            თავისთავად, «არაბების» ხსენება ამ კონტექსტში, ძალზე ნიშანდობლივია. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისი მაქსიმალურად ცდილობს პრობლემის ინტერნაციონალიზებას, რაც აბსოლუტურად სწორი ტაქტიკაა. თუ გახსოვთ, საქართველოს «დაუძინებელი მეგობარი» კონსტანტინე ზატულინი აკრიტიკებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს იმის გამო, რომ მან პანკისში «საერთაშორისო ტერორისტები (მათ შორის ბინ ლადენი) აღმოაჩინა და ამით (ზატულინის თქმით) «ხელ-ფეხი გაუხსნა ამერიკას, რათა საქართვლეოში სამხედრო ინსტრუქტორები გამოეგზავნა».
            რაც შეეხება პანკისში არსებულ რეალურ ვითარებას, სხვადასხვა მონაცემთა შეჯერებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ იქ კვლავ იმყოფება რუსლან გელაევი თავისი რაზმით. მას გულშემატკივრობენ ადგილობრივი ქისტი «კომბატანტები» და ზემოთ ხსენებული «მოჰაჯირები».
            ჯერჯერობით, ჩეჩნები პანკისიდან წასვლას არ აპირებენ, მით უმეტეს, რომ იქიდან მათ არავინ «ერეკება». ჩეჩნები თვითონ არიან დაინტერესებულნი კრიმინალის აღკვეთით. უდავოა რუსლან გელაევის დამსახურება იმაში, რომ ხეობაში შეწყდა ადამიანთა გატაცება და არც ქართულ ბლოკპოსტებს ექმნებათ რაიმე პრობლემა. რამდენიმე კვირის წინანდელი ექსცესებიც არ ამოწურულა ჩეჩნების ჩარევის გარეშე. ანუ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რუსლან გელაევის წასვლა პანკისის ხეობიდან, შეიძლება, მდგომარეობის დაძაბვისა და დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდეს.
            მაგრამ მხოლოდ საქართველოს უშიშროების სამინისტრო ამ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს – პანკისის ხეობა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორად იქცა. შეიძლება, არცთუ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად, მაგრამ მაინც.
            საქართველოს საბოლოო გადაწყვეტილება პანკისთან დაკავშირებით, სწორედ ვაშინგტონთან და მოსკოვთან ურთიერთმოქმედების «სამკუთხედში» გაირკვევა. პანკისის «არგუმენტს» ადვილად ამ სამკუთხედის ვერც ერთი მხარე ვერ ელევა.

დილის გაზეთი, 22 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე