საპარლამენტო ანეგდოტი ენერგოკრიზისის ფონზე

        «გუბერნატორის ინსტიტუტი» კონსტიტუციურად საქართველოში არ არსებობს! ანუ მთელი აურზაური, რომელიც პარლამენტში ატყდა, «ქარის წისქვილებთან» ბრძოლაა. მოქმედი კონსტიტუცია უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს, დანიშნოს რწმუნებულები ნებისმიერ სფეროში–როგორც რეგიონულ, ასევე, დარგობრივ ჭრილში. მაგალითად, პრეზიდენტმა დანიშნა რწმუნებული ნავთობისა და გაზის სფეროებში. ასევე, მას სრული უფლება აქვს, დანიშნოს რწმუნებულები რეგიონებში, რაც იურიდიულად ჯერ კიდევ სულაც არ ნიშნავს «მხარეების» კონსტიტუციურ გაფორმებას და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრას.
        «გუბერნატორებს ეძახიანო» - ეს იურიდიული არგუმენტი არ არის. პრეზიდენტის ხელმოწერილ არც ერთ დოკუმენტში «გუბერნატორი» არ ფიგურირებს.
        სხვა საქმეა, რომ თვით ეს რწმუნებულები, თუ ჟარგონით ვიტყვით, «ძალას იბერავენ» - მართლა გუბერნატორის ანტურაჟს ქმნიან, ცდილობენ, რეგიონებში პროცესები გააკონტროლონ, ესკორტით დაგრიალებენ «სამხარეო დედაქალაქთა» ქუჩებში და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს მაინც სხვა საკითხია – არავინ აყენებს ეჭვქვეშ პრეზიდენტის უფლებას, დანიშნოს რაიონის გამგებლები. ვერც დააყენებენ ეჭვქვეშ, რაკი, პარლამენტმა თავად ვერ მიიღო კანონი გამგებელთა არჩევის შესახებ. თუ ასეა, რა ლოგიკით აუქმებენ «რწმუნებული ისნტიტუტს?» ამ ლოგიკით პრეზიდენტს საერთოდ უნდა აუკრძალონ რწმუნებულთა დანიშვნა ნებისმიერ სფეროში – ეს კი ელემენტარული აბსურდია. ასე შეიძლება პრეზიდენტს თანაშემწეების დანიშვნაც აუკრძალონ და შემდეგ საერთოდ გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი.
        როგორც ჩანს, ჩვენს დეპუტატებს «არაფორმალური გავლენა» (რაც პრეზიდენტის «თვალსა და ყურს» ნებისმიერ შემთხვევაში ექნება და უნდა ჰქონდეს კიდეც რეგიონებში) ერევათ ინსტიტუციურ (იურიდიულად გაფორმებულ) უფლებამოსილებაში. არადა, რწმუნებული მხარეში ვერც ერთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გარეშე ვერ მიიღებს – ფორმალურად იგი მხოლოდ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფოს მეთაურს გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამიტომ, «როწმუნებულის ინსტიტუტის» გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ «გამგებელთა არჩევნების» შემთხვევაში, ანუ დეპუტატები «წყლის ნაყვის» ნაცვლად, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ კონსტიტუციური დანაკლისის შევსებაზე უნდა ფიქრობდნენ და არა ისეთი კანონების შესახებ, რაც იმთავითვე ფარატინა ქაღალდად დარჩება – აბა, როგორ შეიძლება პრეზიდენტს რწმუნებულის (იმავე თანაშემწის) დანიშვნა აუკრძალო?

დილის გაზეთი, 5 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე