ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგი რუბიკონის წინ

        ნუგზარ საჯაიას ტრაგიკულად დაღუპვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის (თედო ჯაფარიძის) დანიშვნის შემდეგ, თბილისში გახშირდა სპეკულაციები (თავისთავად არც თუ უსაფუძვლო) იმის თაობაზე, თუ რა შეიცვლებოდა ამ ორგანოს მუშაობაში და რა ადგილს დაიკავებდა იგი ახალ სახელისუფლებო სისტემაში.
        საკითხის ამგვარი დასმა (ვიმეორებ) სავსებით საფუძვლიანია, ვინაიდან ბოლო დროს ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა: არსებობს ახალი მთავრობა, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, ახალი განლაგებაა პარლამენტში, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზული პოლიტიკური დემარში განახორციელა საქართველოში სამხედრო ინსტრუქტორების მოვლიონებით. ჯერჯერობით, სამხედრო ბაზებზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ეს პოლიტიკური დემარში მაინც ძალზე სერიოზულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს, გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს, მოვახერხებთ თუ არა კორუფციის დაძლევას და ასე შემდეგ.
        თავისთავად ნიშანდობლივია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვე უნდა გავიხსენოთ ამ ორგანოს რეალური მნიშვნელობა სახელისუფლებო სისტემაში. ფორმალურად უშიშროების საბჭო მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა პრეზიდენტთან, თუმცა სხვა საკონსულტაციო ორგანოებისაგან განსხვავებით, მის ფუნქციონირებას პარლამენტის მიერ საგანგებოდ მიღებული კანონი არეგულირებს.
        პრეზიდენტს შეუძლია გაითვალისწინოს უშიშროების საბჭოს აზრი, მაგრამ შეუძლია არც გაითვალისწინოს, ოღონდ, ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიიდან გამომდინარე, იგი ყოველთვის ითვალისწინებს სახელისუფლებო სტრუქტურათა ხელმძღვანელების აზრს. მით უმეტეს, არ მიიღებს არანაირ გადაწყვეტილებას მათი აზრის საწინააღმდეგოდ.
        იმავდროულად, ეროვნული უშიშროების საბჭომ ახლო წარსულში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აფხაზეთთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის «გადანაწილებისას».
        მაგალითად, 1997 წელს, როცა არანაკლებ მწვავედ იდგა ენგურის აუზიდან «სამშვიდობო ძალთა» გაყვანის პრობლემა, საგანგებოდ შეიკრიბა ეროვნული უშიშროების საბჭო და პრეზიდენტს «რეკომენდაცია მისცა», თავი შეეკავებიონა «მშვიდობისმყოფელთა» გაყვანისაგან, ვინაიდან ამას შეიძლებოდა ფართო მასშტაბიანი ომის განახლება მოჰყოლოდა. ნიშანდობლივია, რომ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას 5 წლის წინანდელ პარლამენტში არავითარი განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია და თითქმის არავის მოსვლია აზრად იმ გარემოების» აქსელიორირება», რომ ეროვნული უშიშროების საბჭო მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს.
        აქ ქართულმა მენტალიტეტმაც ითამაშა (კვლავაც ითამაშებს) როლი, რაკი არავის მოუვა აზრად, ეჭვქვეშ დააყენოს თავდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უშიშროების მინისტრის აზრის გათვალისწინების აუცილებლობა. ამრიგად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მნიშვნელობა და ფუნქცია მომავალშიც საკმაოდ «წონადი» ფაქტორი იქნება. სინამდვილეში მთავარი ინტრიგა, აქ იმ ინფორმაციათა ერთობლიობაში მდგომარეობს, რომელთა თანახმად პრეზიდენტი, უახლოეს მომავალში, თითქოსდა გეგმავს უშიშროების საბჭოს როლისა და უფლებამოსილების გაფართოებას, მის მუშაობაში სახელმწიფო მინისტრის ჩართვას და ასე შემდეგ.
        ეს ვარაუდები ფაქტოლოგიურ მონაცემებს არ ეყრდნობა და საეჭვოა, უახლოეს მომავალში რეალობად იქცეს. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ფუნქციონირებს საგანგებო კანონის შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ძნელი დასაჯერებელია, ამჟამინდელ ვითარებაში სახელმწიფოს მეთაურმა საკანონმდებლო ორგანოსადმი «თხოვნის რესურსი» იმისთვის დახარჯოს, რათა სრულიად გაუგებარი ცვლილებები განახორციელოს უშიშროების საბჭოს ინსტიტუციურ მოწყობასა და საერთო სახელისუფლებო პოზიციაში.
        უპირველეს ყოვლისა, უნდა დაისვას კითხვა: რაში შეიძლება ეს დასჭირდეს პრეზიდენტს? პასუხისმგებლობის შემდგომი დივერსიფიცირება ამ გზით ვერ მოხერდება, რაკი უშიშროების საბჭო არა მითიური პერსონაჟებისგან, ან დამოუკიდებელი ფიგურებისგან, არამედ სავსებით კონკრეტული მინისტრებისაგან შედგება. «მინისტრთა კაბინეტის» შექმნის თაობაზე წინადადება «ჰაერშია გამოკიდებული» და საეჭვოა, ამჟამინდელმა პარლამენტმა ასეთი კონსტიტუციური ცვლილება განახორციელოს.
        პოლიტიკოსები ეჭვით აკვირდებიან ერთმანეთს მომავალ «პრემიერობასთან» დაკავშირებით, რაკი ყველა მათგანს ჰგონია, რომ პრემიერობა ხელსაყრელი ტრამპლინი გახდება «პრეზიდენტობისთვის». პრეზიდენტობა კი ყველას იმდენად გულმხურვალედ უნდა, იმდენად ეშინიათ, სხვამ არ გამოიყენოს საამისოდ ეს «ტრამპლინი», რომ არანაირ «სარისკო» ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ. «ეროვნული უშიშროების საბჭო» ასეთ ტრამპლინად (თავისთავად) ვერ იქცევა, მაგრამ, იმავე სამთავრობო სტრუქტურებთან ტანდემში, შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.
        თუ თედო ჯაფარიძე წარმატებით შეძლებს «ძალოვანთა» კოორდინირებას და მათზე გარკვეულ ზეგავლენას მოიპოვებს, უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი სტატუსიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალის შექმნის საშუალებას იძლევა.
        აქ ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი ფაქტორი: ეროვნული უშიშროების საბჭოზე სახელმწიფო მინისტრის თანდასწრებით რამდენჯერმე განიხილეს ეკონომიკური პრობლემატიკა. კერძოდ, გადასახადების ამოღება და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაძლოა, ინფორმაციის «გაჟონვა» სახელმწიფო მინისტრისთვის უშიშროების საბჭოში საგანგებო მისიის დაკისრების შესახებ იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტი თავისი ბრძანებულებით (კანონის შეცვლა საამისოდ აუცილებელიო არ არის) დაავალებს სახელმწიფო მინისტრს ჩაატაროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომები საბიუჯეტო პრობლემატიკის თაობაზე და უშუალოდ უხელმძღვანელოს («ძალოვნების» მეშვეობით) კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას.
        ასეთი ვარაუდი საკმაოდ საფუძვლიანი ჩანს. მით უმეტეს, ბოლო მთავრობის სხდომაზე ლევან ძნელაძის «ჯანყისა» და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციათა კატეგორიული მოთხოვნების გათვალისწინებით.

დილის გაზეთი, 22 მარტი, 2002 წელი

მთელ გვერდზე