თბილისში ახალი სქოული ჩამოდის

        ლეგენდარული მაიკლ სქოული, რომელიც ეი-ი-ეს თელასის პირველი ხელმძღვანელი იყო საქართვლეოში, თითქოს უკვე აღარავის ახსოვს, მაგრამ მისი სინდრომი (ანუ საქმე) ცოცხლობს და კიდევ შეასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს პოლიტიკურ თუ მოპოლიტიკო ცხოვრებაში.

        თავად სქოულის არაფერი უჭირს სტამბოლში ცხოვრობს, ეი-ი-ეს-ის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და წელიწადში ასი ათასი დოლარი აქვს ხელფასი. მაგრამ მისი სინდრომი მრავალში კვლავაც კბილთა ღრჭიალს იწვევს, ვინაიდან პირველმა გვითხრა ამაყ ქართველებს, რომ უფასო ამქვეყნად არაფერია, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს გადახდა უნდა. ისევე, როგორც ჩადებულ ინვესტიციას (მრიცხველების გარეთ გამოსატანად, ფიდერების გამოსცვლელად, ახალი კაბელების ჩასაწყობად და ასე შემდეგ) ანაზღაურება. საპასუხო არგუმენტი ასე ჟღერდა: ადრე თითქმის არაფერს ვიხდიდითო. არადა, ადრე, მაგალითად, თბილისის დინამო წელიწადში ორჯერ ეთამაშებოდა ერევნის არარატს, დღეს კი ეს რატომღაც აღარ ხდება.
        როგორც ჩანს, უახლოეს მომავლაში, იმავე გზის გავლას აპირებს ისრაელის კომპანია ტაჰალი, ოღონდ ამჯერად გაზის სფეროში.
        მიუხედავად მაიკლ სქოულისა და :ეი-ი-ეს-ის მარტვილობისა, ტაჰალი მაინც ყიდულობს თბილგაზს, რის შემდეგაც, ჩვენს კორპუსებში მეორე სართულებზე დამონტაჟებულ მრიცხველთა დაფას თითქმის ასეთივე მეორე დაფა დაემატება ბუნებრივი აირის მრიცხველებით. ბუნებრივია, ამან უკვე გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის სერიოზული შეშფოთება, ვინაიდან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დახარჯული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდამ მოგვიწიოს, ოღონდ მსოფლიო ფასების შესაბამისად როგორც რუსეთის მთავრობა გვპირდება.
        ბუნებრივია, საპირისპიროდ ისევ იმას გაგახსენებთ, რომ ადრე კუბური მეტრი ბუნებრივი აირი (ვისაც, ეგრეთ წოდებული, აგვ ჰქონდა) წელიწადში სადღაც 46 მანეთი ჯდებოდა, ხოლო (ისევ მაგალითად) თვითმფრინავის ბილეთი თბილისიდან მოსკოვამდე 37 მანეთი და 29 კაპიკი. ეს ერთი გზა, ორი გზა ორჯერ მეტი. პროფკავშირის აქტივისტებისთვის - მესამედით ნაკლები და ასე შემდეგ.
        არა, მართლაც საოცარი ხალხი ვართ ქართველები!
        სინამდვილეში ტაჰალის ინვესტიცია უკანასკნელი შესაძლებლობაა, ქვეყანამ ბუნებრივი აირის მიღების შანსი შეინარჩუნოს 3-4 წლის განმავლობაში, სანამ ბაქო-თბილისი-ერზრუმის ხაზი ამოქმედდება. თუმცა, ესეც საკმოად პრობლემურია, ვინაიდან წლეულს აგვისტოში გაიშვება რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი (შავი ზღვის ფსკერზე გავლით) და თურქეთს უახლოესი 10 წლის განმავლობაში დამატებითი ბუნებრივი აირი შეიძლება არც დასჭირდეს.
        მეორეს მხრივ, თუ ტაჰალი შეძლებს გადახდის მაჩვენებლის თუნდაც 80 პროცენტამდე აყვანას (როგორც ეს შეძლო ეი-ი-ეს-მა), ბუნებრივი აირის მიღება რუსეთიდან თითქმის გარანტირებული იქნება, ვინაიდან რუსეთი პოლიტიკური მოსაზრებებით (სხვა საქმეა, გადაუხდელობის გამო) ვერ შეგვიწყვეტს ბუნებრივი აირის მოწოდებას, ვინაიდან ამით იგი სომხეთსაც შეუწყვეტს საწვავს.
        ამრიგად, თბილგაზის პრივატიზება უკვე გარდაუვალია, მაგრამ მას წინ უძღვის დიდი წმენდა ენერგოსისტემაში, რასაც, შესაძლოა, უმაღლეს თანამდებობის პირთა გადადგომაც მოჰყვეს.
        განმწმენდელი ცეცხლი, უპირველესად, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ სფეროს შეეხება. პრეზიდენტის განცხადებით, ეს დარგი მთლიანად დალპა, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.
        პირდაპირ მნიშვნელობაში იგულისხმება ინფრასტრუქტურების ფიზიკური ცვეთა, ხოლო გადატანით მნიშვნელობაში ტოტალური კორუფცია. ოღონდ, ამ კორუფციასაც თავის ფორმა და შინაარსი ჰქონდა: დარგის ელიტა სარგებლობდა იმით, რომ ხელისუფლება ვერ ბედავდა ინვესტორის შემოყვანას სოციალური უკმაყოფილების ზრდის შიშით: ინვესტორი ხომ აუცილებლად გაზრდიდა და გაზრდის ტარიფს.
        კიდევ უფრო საინტერესოა, რომ აქ ტარიფის ზრდაშიც არ იყო საქმე: დღენიადაგ გვესმის, რომ ბუნებრივი აირის 70 პროცენტი იკარგება. იგულისხმება არა მილსადენის ჟონვა, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ოპერაცია: სახლში დადგმული მრიცხველების უკან დატრიალება, რისი წყალობითაც, მოსახლეობა იხდის მხოლოდ 30 პროცენტს, დანარჩენს კი სახელმწიფო ბიუჯეტი ავსებს. იტერას სულაც არ აინტერესებს, ვინ გადაუხდის ოღონდ ფული მიიღოს.
        ამ ვითარებით შესანიშნავად იხეირა სხვადასხვა დონის ენერგოჩინოსანთა მთელმა ლაშქარმა. მოქმედებდა პირამიდა - მრიცხველის უკან დამტრიალებლიდან - მაღალი ეშელონებისაკენ.
        რასაკვირველია, ეს ხალხი პრივატიზების წინააღმდეგი იქნება და გულის ამაჩუყებელ არგუმენტებსაც მოიყვანს, რომ ეროვნული თბილგაზი გადაარჩენს საქართველოს. მათ წინააღმდეგ წამოწყებული ანტიკორუფციული საქმეები კი ძალიან ძნელად რეალიზებადია, ანუ ძნელად დასამტკიცებელი.

დილის გაზეთი, 12 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე