«ჭეშმარიტების მომენტი» პარლამენტში

        დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში «დიდი დღეა». პარლამენტი იწყებს 2002 წლის ბიუჯეტის განხილვას. თუ გახსოვთ, გასული წლის ბოლოს საუბარი იყო, რომ უკვე 7 იანვარს («შობა დღეს») პარლამენტარები უნდა შეკრებილიყვნენ და პირველი მოსმენით მიეღოთ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური კანონი. რასაკვირველია, ეს არარეალური იყო. «დღესასწაულთა მოლევამდე» კანონმდებლები ბიუჯეტით თავს არ შეიწუხებდნენ - ბევრი ამჟამადაც არ იმყოფება თბილისში, ვინაიდან ჰონოლულუს სანახებში შეხვდნენ «ძველით ახალ წელს».
        ორკვირიანმა კონსულტაციებმა (როგორც, აგრეთვე, მოსალოდნელი იყო) სახელმწიფო მინისტრთა და საპარლამენტო ჯგუფებს შორის შედეგი არ გამოიღო. ბიუჯეტის საშემოსავლო (შესაბამისად, სახარჯო) ნაწილის გაზრდა ამჯერად არარეალურია: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე და აბსოლუტურად სამართლიანი (უნდა ვაღიაროთ) პოზიციის გამო დონორები მოითხოვენ ბიუჯეტი რეალური იყოს, ანუ დაიგეგმოს მხოლოდ იმდენი, რამდენის აკრეფის შნოც სახელმწიფოს აქვს.
        იმ ვითარებაში, როდესაც კონტრაბანდა და გადასახადების დამალვა, ფაქტობრივად, არ ისჯება (საქართველო ასეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე), სახელმწიფოს აქვს უნარი, აკრიფოს (ნაერთი) მხოლოდ 1 მილიარდ ას მილიონ დოლარამდე. მეტის საშუალება (ვიმეორებ - ამ ვითარებაში) უბრალოდ არ არის, ამიტომ, თუ ბიუჯეტი დაიგეგმება 1 მილიარდ 300 მილიონის დონეზე და ფარატინა ქაღალდით ყველა სოციალური ჯგუფი «დაპურდება» - სავალუტო ფონდი იძულებული იქნება, დააფინანსოს საქართველოს დეფიციტი განსაზღვრულ დონეზე მეტად.
        გასულ წლებში სსფ-ი სხვა ტაქტიკით მოქმედებდა: თვალს ხუჭავდა არარეალური ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ოღონდ წლის მეორე ნახევარში მოითხოვდა სეკვესტრის განხორციელებას. ამჟამად უფრო პრინციპული პოზიცია დაიკავა: ძლივს აღდგენილი პროგრამა (რომლის ფარგლებში 26 დეკემბერს მართლა «სულზე მოგვისწრო» მსოფლიო ბანკის მორიგმა ტრანშმა) შეწყდება დაუყოვნებლივ, როგორც კი (თუ) პარლამენტი დაამტკიცებს არარეალურ ბიუჯეტს.
        საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, თუ მთავრობა (აღმასრულებელი ხელისუფლება) შეცვლის წარდგენილ პროექტს. თვით პარლამენტს, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილების შეტანა არ ძალუძს: მას შეუძლია დაამტკიცოს ბიუჯეტი ან არ დაამტკიცოს. კომპრომისი გამორიცხულია. სწორედ აქ იქმნება ძალზე საინტერესო პოლიტიკური დისპოზიცია, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ძალთა განლაგებას საკანონმდებლო ორგანოში ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს.
        უმრავლესობა, პარლამენტში აღარ არსებობს.
        პოლიტიკურ ჯგუფებს საკუთარი ინეტრესები აქვთ.
        პასუხისმგებლობის ძველი ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დარღვეულია.
        ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა გუნდი კატეგორიულად მოითხოვს ბიუჯეტის გაზრდას, რათა აიძულოს აღმასრულებელი ხელისუფლება, რეალურად დაიწყოს ბრძოლა გადასახადების დამალვისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ, რაც საქართველოში ძალიან დიდ პოლიტიკურ რისკთანაა დაკავშირებული.
        ასეთივე პოზიცია აქვთ სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს: ყველას შესანიშნავად ესმის, რომ სადღაც მიმდინარე წლის ბოლოსათვის უეჭველად დადგება დღის წესრიგში «მინისტრთა კაბინეტის» პრობლემა, რათა ამ ფორმით მოხდეს კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება.
        ბუნებრივია, არსებული მთავრობა ასეთ შემთხვევაში შეიცვლება, გარდა ამისა, ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ, ვინც ხმას აძლევს ბიუჯეტს - ამით კისრულობს პასუხისმგებლობას მის შესრულებაზე (?!).
        რასაკვირველია, ეს სრული იდიოტიზმია და აბსურდული იქნებოდა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ რაკი ჩვენში ამგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, საპარლამენტო ფრაქციები შეეცდებიან თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.
        ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ბიუჯეტი უეჭველად «ჩავარდება». ჯერ ერთი, მთავრობა აქტიურად იმუშავებს მაჟორიტარებთან და სხვა «ინტერესთა ჯგუფებთან». შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ფარქციის თავმჯდომარემ უარყოფითი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს, ხოლო «ღია კენჭისყრის» ეშმაკური მეთოდით, ფრაქციის რიგითმა წევრებმა (ვინც ინტერესთა ჯგუფებში შედის) მხარი დაუჭირონ ბიუჯეტს.

დილის გაზეთი, 16 იანვარი, 2002 წელი

მთელ გვერდზე