ჩეჩნების «შეფუცხუნება» უდუგოვის ბრალია?

        შაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამთავრობო დაცვის სამსახურთან (!) და უშიშროების სამინისტროსთან ერთად, თბილისში ჩაატარა მაშტაბური ოპერაცია, რომლის ოფიციალური მიზანიც საპასპორტო რეჟიმის შემოწმება და რეგისტრაციის კონტროლი იყო. როგორც ითქვა, «შემოწმებისას ორი ზანგიც დააკავეს», მაგრამ უეჭველია, რომ ღონისძიება, ძირითადად, მიზნად თბილისსა და სხვა რეგიონებში მცხოვრებ ჩეჩენთა «შეფუცხუნებას» ისახავდა.
        ერთ-ერთი (მეორეხარისხოვანი) მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში თბილისში ათასობით ჩეჩენი დასახლდა. ისინი ყიდულობენ ბინებს (მაშასადამე, იძენენ ქვეყანაში უძრავ ქონებას). ამ პროცესმა იმდენად ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ მაკლერთა თქმით, დედაქალაქის გარეუბნებში 1-2-3 ოთახიანი ბინების შესამჩნევად გაძვირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩეჩნები სრულყოფილ რეგისტრაციას გაურბოდნენ და ამით კანონს არღვევდნენ. თუმცა, საეჭოვა, ეს ოპერაციის მთავარი მიზეზი გამხდარიყო.
        აქციით ძირითად მიზეზად უეჭველად იქცა ჩეჩენთა იდეოლოგის – მოვლადი უდუგოვის თავხედური, მუქარით აღსავსე ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა. მოვლადი უდუგოვი (მანამდე კი, დოკუ უმაროვი) ღიად გვემუქრებიან, რომ ჩეჩენი «ბოევიკების» რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, საქართველოს უმძიმესი სასჯელი არ ასცდება.
        ამგვარი ტონი ნამდვილად განსაცვიფრებელია. კავკასიელ ხალხთა შორის ყველაზე ნაკლები მორალური ვალდებულება ჩეჩნების მიმართ, აფხაზეთის მოვლენათა გათვალისწინებით, სწორედ ქართველებს გვქონდა. არადა, ყველაზე მეტი ჩვენ გავაკეთეთ – ყაბარდოდან ჩეჩენი ქალები, ბავშვები და მოხუცები (ლტოლვილები) გამოყარეს, აქაოდა, რუსეთის გაღიზიანება არ გვინდაო, აფხაზეთში თვალის ასახვევად ასიოდე ოჯახი მიიღეს და დანგრეულ პანსიონატში დაასახლეს. მათ ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ იძულებულნი გახდნენ, იქიდან წასულიყვნენ. დუბროვკაზე ტერაქტისას, მძინარე ქალების დახოცვის გამო, არძინბა-ჯერგენიამ აღტაცებული წერილი აფრინეს მოსკოვში, მილოცვითა და მხარდაჭერით.
        ასეთ ვითარებაში, როცა «ამაყი კავკასიელი-მთიელები», ჩვენთან რომ ესოდენ ვაჟკაცები იყვნენ, ვირთხებივით სოროებში არიანგ შემძვრალნი, რა მორალური ვალდებულება ეკისრება საქართვლეოს, ყველაზე მეტად გამოიდოს თავი და რუსეთთან კონფრონტაცია გააგრძელოს? როგორც ჩანს, ასეთი პოზიცია იმდენად ალოგიკურია, რომ უდუგოვ-უმაროვმაც «სისუსტეში» ჩაგვითვალეს.
        საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მყარი ალერგია აქვთ ამგვარ მუქარებზე. შარშან კიდევ ერთი ავყია ჩეჩენი (ვინმე ვეხფვია მარგოშვილი) ემუქრებოდა მთელ საქართველოს და საკუთარი ფეხსალაგი დაამხეს თავზე. ზოგიერთი განცხადებით, ამ საქმეში საქართველოს სპეცსამსახურთა ხელიც ერია, თუმცა, ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს და არც დაადასტურებს.
        თბილისში ჩატარებული «შემოწმების» პარალელურად (რომლის დროსაც, ბოლოს და ბოლოს არავინ მოუკლავთ და არც დაუპატიმრებიათ), ლაგოდეხში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ყარაჩაელ ვაჰაბისტთა დაჯგუფების გასანადგურებლად, რომელმაც ჯერ კიდევ სექტემბერში დატოვა პანკისის ხეობა, რათა საქართველოს შინაგან ჯარს გარიდებოდა. ყარაჩაელები აზერბაიჯანში აპირებდნენ გადასვლას, ვინაიდან მათ გილაევთან ერთად ჩეჩნეთში დაბრუნება ვერ გაბედეს. ისინი ქართველ სპეცრაზმელთა ალყაში მოხვდნენ. ოთხი «ბოევიკი» განადგურებულია, მეხუთე კი ტყვედ ჩაბარდა. სწორედ იგი აღმოჩნდა ყველაზე «ძვირფასი» ნადავლი – იუსუფ ყრიმშამხალოვი, რომელმცა, ადამ დეკუშევთან და აჩიმეზ გოჩიაევთან ერთად, 1999 წლის შემოდგომაზე სახლები ააფეთქა მოსკოვში.
        აღამ დეკუშევი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ არის ექსტრადირებული რუსეშთი, ყირმშამხალოვის გადაცემამაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსხაური სდიდი მადლიერება განაპირობა. თუ ამას გოჩიაევიც დაემატება (!ის სადღაც ტყეში იმალება, საქართვლეო-დაღესტნის საზღვარზე), მაშინგ რუსეთს ენა ვეღარ მოუბრუნდება, თბილისი დაადანაშაულოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის უქონლობაში. თავად განსაჯეთ, რუსეთს ვერ მოუხერხებია ბასაევის, მასხადოვის და სხვათა მოხელთება ჩეჩნეთში, საქართველომ კი იმავე რანგის ტერორისტთა გაუნვებელყოფა შეძლო.

დილის გაზეთი, 9 დეკემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე